მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Tether-მა ლარის სტეიბლქოინის განთავსებაზე სებ-ში განაცხადი უკვე წარადგინა - ეროვნული ბანკი
Tether-მა ლარის სტეიბლქოინის განთავსებაზე სებ-ში განაცხადი უკვე წარადგინა - ეროვნული ბანკი

Tether-მა ლარის სტეიბლქოინის განთავსებაზე სებ-ში განაცხადი უკვე წარადგინა - ეროვნული ბანკი

BM.GE27 მაისი, 2026, 12:33|bm.ge

"დაინტერესებული პირის (Tether) მიერ მოხდა ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა და მიმდინარეობს სარეგისტრაციო საქმის წარმოების პროცესი,"- ნათქვამია BMG-ის კითხვაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

25 მაისს, გლობალურმა კრიპტო კომპანია Tether-მა (ტეზერი) წარადგინა ლარის პირველი სტაბილური ვირტუალური აქტივის, GELT-ის პროექტი. პრეზენტაციას დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ასევე სების პრეზიდენტი ნათია თურნავა.

ეროვნულ ბანკში საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც განსაზღვრა სტაბილური ვირტუალური აქტივების განთავსების და გამოშვების პირობები. 2026 წლის მარტში მიღებული რეგულაციის თანახმად, ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივის გამომშვები ვალდებული იქნება მუდმივად შეინარჩუნოს მომხმარებლებისგან მიღებული თანხების 100%-ის რეზერვი.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მარეგულირებელი ჩარჩო პირველია რეგიონში, რომლის მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა.

2025 წელს ეროვნულ ბანკს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება მიენიჭა. 2026 წლის 6 მარტს კი დამტკიცდა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი“, რომელიც აწესრიგებს სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვებას.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაცია ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში და შესაბამისი რეგულაციის მოთხოვნების დაცვით. დაინტერესებული პირის მიერ მოხდა ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა და მიმდინარეობს სარეგისტრაციო საქმის წარმოების პროცესი. კონკრეტული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ სალიცენზიო პროცედურების დასრულების შემდეგ, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის პასუხში.

პრეზენტაციის შემდეგ, Tether-ის CEO-მ პაოლო არდოინომ BMG-ის კითხვებს უპასუხა, მისი თქმით, პროექტისთვის ჯერ ეროვნული ბანკის ლიცენზია ესაჭიროებათ და ეს პროექტი სების მიერ 2026 წლის მარტის დასაწყისში მიღებული რეგულაციის შესაბამისად განხორციელდება. საუბარია იმ ნორმაზე, რომლითაც ეროვნულმა ბანკმა სტეიბლკოინების გამოშვების წესები განსაზღვრა.

სების რეგულაციის თანახმად, იმისთვის, რათა კომპანიამ ლარის სტეიბლკოინი განათავსოს, მან მომხმარებლების მიერ მიღებული სახსრების 100% უნდა დაარეზერვოს და მუდმივად იქონიოს რეზერვში. ეს ნიშნავს რომ თუკი Tether-ი 1 მილიონი ლარის GELT-ს გამოუშვებს, მას მუდმივად უნდა ჰქონდეს დარეზერვებული 1 მილიონი ლარის ლიკვიდური აქტივები.

როგორც Tether-ის CEO პაოლო არდოინო აღნიშნავს, მათი უმსხვილესი სტეიბლკოინი USDT 189 მილიარდი დოლარის მოცულობის აქტივებს მოიცავს. რაც შეეხება თავად სტეიბლკოინის გამოყენების შესაძლებლობებს, ის ინტეგრირებული იქნება მომხმარებლების კრიპტო საფულეებში და მათი მეშვეობით მომხმარებლებს როგორც ერთი ანგარიშიდან მეორეზე სტეიბლკოინის გადარიცხვების, ასევე სხვა კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელება შეუძლიათ. შესაბამისად, ლარის სტეიბლკოინი იქნება ერთი ლარის ტოლფასი და მისი გამოყენება კრიპტო ოპერაციებსა და გადარიცხვებში იქნება შესაძლებელი. კომპანია გამოუშვებს იმ მოცულობის GELT-ს, რაზეც მომხმარებლების მხრიდან იარსებებს მოთხოვნა. წინასწარ უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარის მოცულობის სტეიბლკოინზე იქნება საქართველოს ეკონომიკის მხრიდან მოთხოვნა.

"ჩვენ ახლახან მიღებული რეგულაციის შესაბამისად მივმართავთ ეროვნულ ბანკს და იმედი გვაქვს მომდევნო თვეებში შესაბამის ლიცენზიას მოვიპოვებთ, რათა ოპერირება დავიწყოთ.

ეს იქნება ციფრული ლარი, რომელიც სრულად იქნება გამყარებული, ერთი ერთზე ლარის რეზერვებით. მისი გამოყენება იქნება შესაძლებელი ბლოკჩეინ ტექნოლოგიით.

Tether-მა გამოუშვა პირველი ციფრული დოლარი და USDT-ის სახით, 189 მილიარდი დოლარის აქტივები გვაქვს მენეჯმენტში", - განაცხადა პაოლო არდოინომ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეეძლებათ მსურველებს დიპლომატიის აკადემიაში ჩაბარება? - მინისტრის მოადგილის განმარტება

როგორ შეეძლებათ მსურველებს დიპლომატიის აკადემიაში ჩაბარება? - მინისტრის მოადგილის განმარტება

BM.GE

S&P 500-ის და Nasdaq-ის შეფასება ახალ რეკორდზე ავიდა

S&P 500-ის და Nasdaq-ის შეფასება ახალ რეკორდზე ავიდა

BM.GE

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების სერტიფიცირება სახელმწიფოს საქმე არ არის - ვანო ვაშაყმაძე

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების სერტიფიცირება სახელმწიფოს საქმე არ არის - ვანო ვაშაყმაძე

BM.GE

12 თვეში 15 ხელფასი: როგორ აბრუნებს "ოცნება" 2017 წელს გაუქმებულ ჯილდოებს და დანამატებს|TI-ის მიმოხილვა

12 თვეში 15 ხელფასი: როგორ აბრუნებს "ოცნება" 2017 წელს გაუქმებულ ჯილდოებს და დანამატებს|TI-ის მიმოხილვა

BM.GE