
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ J.P. Morgan-ისა და ევროპული კომერციული ბანკებისგან დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკვივალენტის ფინანსური რესურსი მოიზიდა უცხოურ ვალუტაში. თანხა ადგილობრივი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება და მათ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება; ამასთან, ექსპორტ-იმპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაამარტივონ სავაჭრო ოპერაციები და ბიზნესის გაფართოება დამატებითი რისკების გარეშე შეძლონ.
“ფინანსური რესურსის მოზიდვა მსოფლიოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისგან თიბისის მიმართ ნდობის დადასტურებაა. ამასთან ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ბიზნესების წვდომა ფინანსურ რესურსებზე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას. ეს პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, კერძო სექტორს შევთავაზოთ უფრო მოქნილი და ფართომასშტაბიანი სავაჭრო დაფინანსების ინსტრუმენტები, გავაუმჯობესოთ არსებული სერვისები და მომხმარებლებს მათს საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე ფინანსური გადაწყვეტები შევთავაზოთ. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს, რომ 45%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ და 1000-ზე მეტ კომპანიას ვეხმარებით ვაჭრობის დაფინანსებაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
„აზიის განვითარების ბანკისა და თიბისის გრძელვადიანი პარტნიორობა კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ვაჭრობის დაფინანსებას ეფექტურად მოახდინოს ლიკვიდობის მობილიზება რეალური ეკონომიკის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გლობალურ და რეგიონულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ სავაჭრო ნაკადები, გავაფართოოთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომა და გავზარდოთ მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა განვითარებად ბაზრებზე”, - ჯან სუტკენი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის განყოფილების უფროსი.