
TIME 100: წლის ყველაზე გავლენიანი პროგრამული უზრუნველყოფის (Software) კომპანიები
წელს ჟურნალ TIME-ის რედაქციამ ახალი რეიტინგი - "TIME100 კომპანიები: ინდუსტრიის ლიდერები" წარადგინა, რომელიც 20 სხვადასხვა სექტორში სიღრმისეულად იკვლევს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთ ინდუსტრიებს აყალიბებენ.
წარმოგიდგენთ 2026 წელს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში 10 ყველაზე გავლენიან კომპანიას.
Microsoft
Microsoft 365, რომელიც მოიცავს ისეთ აპლიკაციებს, როგორებიცაა Word-ი, Excel-ი და Teams-ი, მსოფლიოს მასშტაბით 450 მილიონზე მეტ გადამხდელ მომხმარებელს აერთიანებს, რითაც ის საოფისე ცხოვრების მთავარ საოპერაციო სისტემად იქცა. ამ პროდუქტებში საკუთარი AI ასისტენტის, Copilot-ის ჩაშენებით და OpenAI-სა და Anthropic-ის მოდელების გამოყენებით, Microsoft-ს სურს, ოფისის თანამშრომლებისთვის ძირითად AI ინტერფეისად იქცეს.
ამ დროისთვის Microsoft 365 Copilot-ს 15 მილიონი გამომწერი ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება (წლიური ზრდა 160%-ს აღემატება), თუმცა ის Microsoft-ის მომხმარებელთა უზარმაზარი ბაზის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს.
Tencent
Tencent-ი, სავარაუდოდ, ვიდეო თამაშების გლობალური ინდუსტრიის ყველაზე ძლიერი კომპანიაა. ის სრულად ფლობს Riot Games-ს, აქვს საკონტროლო პაკეტი Supercell-ში და ფლობს Epic Games-ის 28%-ს - ეს არის პორტფელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტ მოთამაშეს აერთიანებს.
ახლა კომპანია AI ინდუსტრიაში ლიდერობის მოპოვებასაც ცდილობს. ახლახან მან ღია კოდის მქონე OpenClaw AI აგენტი ჩააშენა თავის სუპერაპლიკაციაში WeChat, რომელსაც 1.4 მილიარდი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს. Tencent-ი გეგმავს, რომ 2026 წელს AI პროდუქტებზე დანახარჯები მინიმუმ გააორმაგოს.
Adobe
ბოლო 43 წლის განმავლობაში Adobe დროის მოთხოვნებთან ერთად ვითარდება. ტექსტისა და გრაფიკის რენდერინგისთვის საბაზისო პროგრამირების ენის შექმნის შემდეგ, მან გამოუშვა შემოქმედებითი ინსტრუმენტების ნაკრები, შექმნა PDF ფაილის ფორმატი, რომელმაც დოკუმენტების გაზიარების სტანდარტიზაცია მოახდინა და დანერგა ინდუსტრიაში წამყვანი სააბონენტო მოდელი.
კომპანიას 850 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს და AI-ს ინტეგრაციის პროცესშიც მან კრეატორებს სამუშაო პროცესზე კონტროლი შეუნარჩუნა. კინოინდუსტრიაში, სადაც Adobe-ს დიდი გავლენა აქვს (2026 წლის "სანდენსის" კინოფესტივალზე პრემიერაზე ნაჩვენები ფილმების 85%-ში Adobe-ს პროგრამული უზრუნველყოფა იყო გამოყენებული), კომპანია ისეთ ლიდერებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა United Talent Agency, B5 Studios, VFX სტუდია Cantina Creative და რეჟისორი დევიდ ეიერი. ამ პარტნიორობის მიზანია, გამოიცადოს და ხელი შეეწყოს Adobe Firefly პლატფორმის (რომელსაც გამოსახულების, ვიდეოსა და აუდიოს გენერირება შეუძლია) ფართოდ დანერგვას.
Databricks
ყოველდღიურად თანამშრომლები გადაწყვეტილებებს კომპანიის იმ მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ, რომლებიც, შესაძლოა, ბოლომდე არ ესმოდეთ. Databricks-ი ქმნის AI აგენტებს, რომლებიც ნებისმიერ დასაქმებულს საშუალებას აძლევს, კომპანიის მონაცემები მარტივი, გასაგები ენით მოიძიოს და ამისთვის პროგრამირების ცოდნა სულაც არ არის საჭირო.
2013 წელს ბერკლის უნივერსიტეტის შვიდი მკვლევრის მიერ დაარსებული კომპანია ახლა Fortune 500-ის კომპანიების 70%-თან თანამშრომლობს. მისი ღირებულება 2024 წლის დეკემბრიდან გაორმაგდა და 134 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც ის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანია გახდა.
Pindrop
მას შემდეგ, რაც იანვარში მინეაპოლისში ინტენსიური თერაპიის ექთანი, ალექს პრეტი იმიგრაციის ფედერალურმა ოფიცრებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, ჟურნალისტებმა Pindrop-ს მიმართეს (კომპანიას, რომლის ტექნოლოგიასაც AI-გენერირებული აუდიოსა და ვიდეოს ამოცნობა შეუძლია) იმის გასარკვევად, იყო თუ არა გავრცელებული კადრები ნამდვილი.
2011 წელს დაარსებულმა Pindrop-მა სახელი გაითქვა ქოლ-ცენტრებისთვის დახმარების გაწევით - კომპანია ადგენდა, ხაზის მეორე ბოლოში მყოფი პირი ნამდვილი მომხმარებელი იყო თუ თაღლითი. როდესაც გენერაციულმა AI-მ იდენტობის გაყალბება უფრო იაფი და მარტივი გახადა, კომპანიამ საქმიანობა გააფართოვა და ე.წ. "დიფფეიქის" (deepfake) დეტექციის მიმართულებით გადაინაცვლა.
Lovable
თუკი "ვაიბ კოდინგი" (vibe coding - კოდის წერა მარტივი აღწერილობით) პროგრამული უზრუნველყოფის მომავალია, სტოკჰოლმში ბაზირებული Lovable-ი ამ პროცესის მოწინავე ხაზზეა. ორწლიანი პლატფორმა ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, მარტივი ენით აღწეროს აპლიკაცია, ვებსაიტი ან ბიზნესის ინსტრუმენტი და ის მომუშავე კოდურ ენად გარდაქმნას - ამისთვის პროგრამირების ცოდნა საჭირო არ არის.
ფაბიან ჰედინისა და ანტონ ოსიკას მიერ დაარსებული Lovable ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამული სტარტაპი გახდა, რომელმაც ამოქმედებიდან ერთ წელიწადში 200 მილიონი დოლარის წლიური შემოსავალი მიიღო. დეკემბერში კომპანია 6.6 მილიარდ დოლარად შეფასდა. Lovable-ის განცხადებით, მის პლატფორმაზე ყოველდღიურად 200 000-ზე მეტი ახალი პროექტი იქმნება,
CoreWeave
CoreWeave-ი შეიძლება მომხმარებლებისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ ის ერთ-ერთი მთავარი კომპანიაა, რომელმაც AI ბუმი შესაძლებელი გახადა. ნიუ-ჯერსიში ბაზირებული ფირმა უზრუნველყოფს სპეციალიზებულ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც AI კომპანიებს მოდელების მასშტაბური წვრთნისა და გაშვებისთვის სჭირდებათ.
2025 წელს კომპანია საფონდო ბირჟაზე განთავსდა და 5.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა 0 არცერთ სხვა cloud-კომპანიას ეს ნიშნული ასე სწრაფად არ მიუღწევია. 2026 წლისთვის ის ამ მაჩვენებლის ორჯერ გაზრდას პროგნოზირებს. უოლ-სტრიტის ყოფილი ტრეიდერების მიერ დაარსებული CoreWeave-ის კლიენტებს შორის არიან OpenAI, Microsoft-ი, Meta, Mistral-ი და IBM-ი. მისი მოსალოდნელი შემოსავალი არსებული კონტრაქტებიდან 2025 წლის დასაწყისის შემდეგ ოთხჯერ გაიზარდა და 66.8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Palantir
23-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია Palantir-ი AI ინტეგრირებულ პროგრამულ პლატფორმებს ქმნის, რომლებიც ორგანიზაციებს საკუთარი მონაცემების გაანალიზებასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. მის 950-ზე მეტ კლიენტს შორის არიან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური და Airbus-ი.
2025 წლის მაისში Palantir-მა აშშ-ის არმიასთან არსებული კონტრაქტის ფარგლებში მიიღო 795 მილიონი დოლარის მოდიფიკაცია Maven Smart System-ის ლიცენზირებისთვის - ეს ის სისტემაა, რომელიც თებერვლიდან ირანის ომში დარტყმის სამიზნეების დასადგენად გამოიყენება. კომპანიის კომერციული ბიზნესი ახლა დაახლოებით ისეთივე მასშტაბისაა, როგორც მისი სამთავრობო კონტრაქტები, და ის სწრაფად იზრდება. თებერვალში Palantir-მა თავისი ყველაზე მოგებიანი კვარტალის შესახებ გამოაცხადა, რომლის შემოსავალმაც 1.4 მილიარდი დოლარი შეადგინა - რაც 70%-იანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით.
CrowdStrike
კიბერთავდასხმები სულ უფრო სწრაფი ხდება და მათი აღმოჩენა რთულდება. ამჟამად თავდასხმა ქსელში საშუალოდ 29 წუთში ხორციელდება, მაშინ როცა სულ რაღაც 5 წლის წინ ეს დრო 98 წუთი იყო. AI პრობლემას კიდევ უფრო ართულებს - ის უფრო დამაჯერებელ ფიშინგ-კამპანიებს უზრუნველყოფს, აავტომატიზებს დაზვერვას და მავნე პროგრამებშიც კი ინტეგრირდება. 2025 წელს AI-ზე დაფუძნებული თავდასხმები 89%-ით გაიზარდა. ამიტომ CrowdStrike-ი - რომლის პლატფორმაც Fortune 500-ის კომპანიების თითქმის 60%-ს იცავს - ცეცხლს ცეცხლითვე ებრძვის.
კომპანიის პლატფორმა ავტონომიურ აგენტებს იყენებს, რომლებიც ათასობით უსაფრთხოების შეტყობინებას ფილტრავენ, ავლენენ რეალურ საფრთხეებს და რუტინულ რეაგირებას უზრუნველყოფენ - ამ საქმეს ადრე ადამიანთა გუნდი სჭირდებოდა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
Figma
AI პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას თითქმის ყველასთვის ამარტივებს. ამ ფონზე, Figma ფსონს დებს იმაზე, რომ მომავალში პროდუქტების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ კარგი დიზაინი იქნება.
Figma არის კოლაბორაციული პლატფორმა, სადაც გუნდები ციფრული პროდუქტების დიზაინსა და პროტოტიპებს რეალურ დროში, ერთობლივად ქმნიან. გასული წლიდან მოყოლებული, პლატფორმიდან გაუსვლელად, შესაძლებელია ამ დიზაინის რეალურ ვებსაიტებად და მომუშავე კოდებად გარდაქმნა. მას 13 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, მათ შორის Google-ის, Microsoft-ისა და Netflix-ის გუნდები. კომპანია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივლისში გავიდა და 2025 წელს მისმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიური 41%-იანი ზრდაა.
BM.GE
წყარო: bm.ge