
თიზ-ებისთვის დაწესებული 4%-იანი გადასახადი ბუნდოვანია და გადახედვას საჭიროებს - დავით პაპიაშვილი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისთვის დაწესებული 4%-იანი გადასახადი ბუნდოვანია და გადახედვას საჭიროებს - ამის შესახებ BMG-სთან Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში ამ მიმართულებით, არაერთი ბუნდოვანება და ხარვეზია.
პაპიაშვილის განმარტებით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის 4-პროცენტიანი გადასახადი, რომლითაც თიზ-ში მომუშავე საწარმო ადგილობრივ ბაზარზე საქონლის რეალიზაციის ან შესყიდვის შემთხვევაში იბეგრება.
„რა ჰქვია ამ 4%-იან გადასახადებს? ამ კითხვაზე პასუხი კანონმდებლობაში არ არის, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ სულ ექვსი გადასახადი არსებობს საგადასახადო კოდექსში. ამას მოგების გადასახადი ჰქვია, საშემოსავლო, თუ რა ჰქვია? სახელის დარქმევის პრობლემით რომ დავიწყოთ - ამ ნაწილშიც არის კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ მეშვიდე, მერვე და მეცხრე გადასახადი არ გვაქვს. ეს ორივე 4% საქონლის შეძენა-გაყიდვაზე, ჯერ გადასახადის სწორ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ, რაც, არ იკითხება კანონმდებლობიდან“ - განმარტავს BMG-სთან დავით პაპიაშვილი.
მისი თქმით, 4%-იანი განაკვეთი ვრცელდება როგორც საქონლის შეძენის, ისე რეალიზაციის ოპერაციაზე, რაც ფაქტობრივად, ორმაგი დაბეგვრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ანალოგიური პრობლემაა დღგ-სთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ბუნდოვანია მომსახურების გაწევისას დაბეგვრის საკითხი.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ოფიციალურად, კანონმდებლობის დონეზე არ არის განმარტებული, ეს არის მათ შორის, დღგ-ს საკითხი. აი მაგალითად, მომსახურების გაწევა: ჩვეულებრივმა შპს-მ რომ მომსახურება გაუწიოს თიზ-ის საწარმოს, ეს ოფიციალურად, დღგ-სგან გათავისუფლებული არ არის. საქონელზე შეიძლება გათავისუფლება მოხდეს, თუ ექსპორტის რეჟიმით შევიდა ეს თიზ-ის ზონაში, მაგრამ მომსახურებაზე - არა. იგივე, თიზ-ის საწარმო რომ აწვდის საქონელს ჩვეულებრივ შპს-ს, ამის დღგ-თი დაბეგვრის გათავისუფლების საკითხიც გაურკვეველია - თუ ამ მიმღებ შპს-ს სტატუსი არა აქვს. ძალიან ბევრი გაურკვევლობა არსებობს. ამიტომ, ესეც უნდა გამოსწორდეს და ამაზეც დისკუსია გაიმართოს" - განმარტავს დავით პაპიაშვილი.
"კრესტონ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, თიზ-ების დაბეგვრის საკითხები გადახედვას საჭიროებს.
"თიზ-ის საწარმოს სტატუსს, რა თქმა უნდა, დიდი მიმზიდველობა უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ამ პოტენციალის გამოყენება სათანადოდ არ ხდება და შეიძლება, ბევრი ბიზნესმენი, ქვეყნის რისკიდან გამომდინარე, არ იღებს გადაწყვეტილებას, შემოვიდეს საქართველოში ინდუსტრიულ ზონაში. თუმცა, სტატუსი ძალიან მიმზიდველია, იმიტომ რომ თიზ-ის საწარმოს, ფაქტობრივად, არანაირი გადასახადი არა აქვს, რამდენიმე გადასახადს თუ არ ჩავთვლით.
მართალია, გარკვეული საგადასახადო ბუნდოვანება ამ საკითხს ახლავს, მაგრამ თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით დაბეგვრის ეს საკითხები უნდა გადახედოს და სამართლიანი დაბეგვრა იყოს გამოყენებული" - აცხადებს დავით პაპიაშვილი.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ოპერირების პროცესს ართულებს. ამიტომ რიგი საკითხები საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით, გადახედვას საჭიროებს. მათ შორისაა, 4%-იანი გადასახადი, რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციას და ასევე, ადგილობრივი ბაზრიდან რაიმეს შესყიდვას ეხება.
დღესდღეობით, საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს: ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და თბილისის თავისუფალი ზონა. აღსანიშნავია, რომ აქედან, ფოთის თიზი გასულ წელს სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. თიზ-ის მოწყობას საქართველოში კიდევ ერთი კომპანია - "ასი გრუპ ჯორჯია" საგარეჯოში გეგმავს.
BM.GE
წყარო: bm.ge