
თხევადი გაზი გაძვირდა - ფასის ზრდა კვლავ მოსალოდნელია
თხევადი გაზის (LPG) ფასი ზრდას განაგრძობს. მარტიდან დღემდე საწვავი, საშუალოდ, 20-25 თეთრით გაძვირდა, თუმცა სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ფასების ზრდა კვლავ მოსალოდნელია.
„თხევადი გაზის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა ხოფერია BMG-სთან აცხადებს, რომ მიზეზები კომპლექსურია, რომელთა შორის მთავარი სეზონური მოთხოვნა, რუსეთ-უკრაინის ომი და ალტერნატიული მოწოდების ბაზრების არარსებობაა.
ნიკა ხოფერიას განმარტებით, ფასებზე პირველადი წნეხი სეზონურმა ფაქტორმა გამოიწვია - მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, აქტიური საკურორტო სეზონისა და მობილობის ზრდის გამო, თხევადი გაზის მოხმარება საქართველოში დაახლოებით, 25-30%-ით იზრდება.
„ფასები ჯერჯერობით მიდის ზემოთ, იმიტომ რომ სეზონური ზრდაა. მაისის თვიდან სექტემბრის ბოლომდე ინტენსიური მოძრაობაა - ადამიანები გადაადგილდებიან სოფლებისა თუ კურორტების მიმართულებით, რაც საწვავის მოხმარებას მნიშვნელოვნად ზრდის. ეს არის დამატებითი წნეხი ფასზე,“ - აღნიშნავს ხოფერია.
თუმცა, მისივე თქმით, წელს, სეზონურ ფაქტორს მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებაც დაერთო. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ნავთობინდუსტრიაზე განხორციელებული შეტევების შედეგად, ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი შეიქმნა.
„უკრაინის არმია დიდ ზეგავლენას ახდენს რუსეთის ნავთობინდუსტრიაზე. რუსეთის ფედერაციაში თხევადი გაზი ახლა დეფიციტური პროდუქტია. როცა მოხმარება იზრდება, იმ რაოდენობით, რასაც ბაზარი ითხოვს მიწოდება ვერ ხერხდება. ბუნებრივია, იქმნება დეფიციტი და ფასიც იმატებს,“ - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, ქვეყანა თხევადი გაზის იმპორტში, სრულად რუსეთზეა დამოკიდებული, რაც რისკებს შეიცავს.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ალტერნატიული საშუალებები ნაკლებად გვაქვს. არის ყაზახეთი, მაგრამ მათ არ აქვთ იმხელა ექსპორტი, რომ საქართველოც დააკმაყოფილონ. მეორე პრობლემა ინფრასტრუქტურაა - ჩვენ არ გვაქვს ზღვით შემოტანის შესაძლებლობა. შესაბამისად, მთლიანად დამოკიდებული ვართ რუსეთზე, რაც კონკურენციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდ რისკებს შეიცავს.“
ამასთან, მისივე ცნობით, მოლოდინები ოპტიმისტური არ არის. გარდა დეფიციტისა და ომისა, ფასზე გავლენას ახდენს რუსეთის მიერ დაწესებული საექსპორტო ბაჟი („პოშლინა“), რომელიც ტონაზე დაახლოებით, 130 დოლარს შეადგენს. ასევე, ივნისსა და ივლისში, რამდენიმე მსხვილი გადამმუშავებელი ქარხანა გეგმურ რემონტზე გადის, რაც მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს.
„სექტემბრის ბოლომდე, ეტაპობრივად, პატარ-პატარა რაოდენობით ფასები კიდევ მოიმატებს. ეს ყოველ წელს ასე ხდება, თუმცა წელს დამატებითი ფაქტორები - ქარხნების რეაბილიტაცია და ინტენსიური თავდასხმები რუსეთის ინფრასტრუქტურაზე - წნეხს კიდევ უფრო აძლიერებს.“
ფასების მატებაზე მოქმედებს ადგილობრივი პრობლემებიც - თბილისის მერიის მიერ გამოწერილი ჯარიმების გამო, რამდენიმე ავტოგასამართი სადგური უკვე დაიხურა. ნიკა ხოფერიას თქმით, ეს ინდუსტრიისთვის დამატებითი დარტყმაა.
„ეს არის კიდევ ერთი დამატებითი წნეხი თხევადი გაზის ინდუსტრიაზე. მცირე ნაწილი სადგურებისა დაიხურა, დანარჩენები კი დაჯარიმებულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. საკითხი მერიაში განიხილება და ველოდებით პასუხებს, რის შემდეგაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით დედაქალაქს საწვავი შეუფერხებლად მიეწოდება, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბულია,“ - ამბობს ნიკა ხოფერია BMG-სთან.
თბილისში თხევადი გაზის სადგურების ნაწილი მას შემდეგ დაიხურა, რაც თბილისის მერიამ სარეალიზაციო ობიექტების დაჯარიმება დაიწყო. 2026 წლის 1 იანვრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის ახალი წესი ამოქმედდა, რომელიც თბილისის კონკრეტულ არეალებში აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციასაც კრძალავს და წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმაც ახალი სტანდარტით, 5-ჯერ მაღალია.
BM.GE
წყარო: bm.ge