
"თხილის მოსავალი 40 000 ტონაზე ნაკლები იქნება... ძალიან რთული სეზონი გველოდება"|ანალიზი და პროგნოზი
„წელს თხილის მოსავალი 40 000 ტონაზე ნაკლები იქნება... ძალიან რთული სეზონი გველოდება, როგორც ფერმერებს, ისე ექსპორტიორებს“, - ასეთია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მერაბ ჭითანავას პროგნოზი.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” “თხილის რთველი 2026”-ის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა, აგვისტოს უხვმა წვიმებმა და მავნებლებთან ბრძოლის სირთულეებმა ქართული თხილის სექტორი მორიგი გამოწვევის წინაშე დააყენა.
მერაბ ჭითანავას თქმით, მოსავლის ხარისხისა და გამოსავლიანობის შემცირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ფერმერებისა და ექსპორტიორების ფინანსურ სტაბილურობას, არამედ საქართველოს პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე.
რაც შეეხება თხილის ფასის პროგნოზს, მერაბ ჭითანავას თქმით, ზუსტი პროგნოზირება რთულია და ფასის დინამიკა უმეტესწილად თურქეთის მთავრობის ინტერვენციასა და მსოფლიო გიგანტების, მათ შორის „ფერეროს“, შესყიდვების პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული; თუმცა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე წელს უფრო დაბალ ფასს პროგნოზირებს, ვიდრე შარშან იყო.
"თუ საქართველო, დაახლოებით, 55 000 - 60 000 ტონა გაუტეხავ თხილს არ გაიტანს ექსპორტზე, მსოფლიო თხილის რუკიდან, როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე, გავქრებით" - ამბობს მერაბ ჭითანავა, რომელიც წინა კვირის ბოლოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც თხილის სექტორის გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზე იყო მსჯელობა.
ინტერვიუ მერაბ ჭითანავასთან
- წლევანდელი წელი თხილის სექტორისთვის ძალიან პრობლემურია. ივლისის შუა რიცხვებამდე მეტ-ნაკლებად ნორმალურად მივედით, თუმცა მოსავლის აღების პერიოდში - აგვისტოში - ფაქტობრივად, სულ წვიმდა, რის გამოც პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა რადიკალურად გაუარესდა და დაეცა. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ სამინისტროსა და მინისტრ დავით სონღულაშვილს. განვუმარტეთ, რომ სექტორში სერიოზული გამოწვევები გვაქვს და განვიხილეთ, რაში შეიძლება გამოიხატოს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მხარდაჭერა შექმნილი სიტუაციის ფონზე. შეხვედრაზე ასევე გავაჟღერეთ უმთავრესი საკითხი: თუ საქართველომ მსოფლიო ბაზარზე, დაახლოებით, 50 000 - 60 000 ტონა გაუტეხავი თხილი ვერ გაიტანა ექსპორტზე, ჩვენ, როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე, უბრალოდ გავქრებით მსოფლიო თხილის რუკიდან. შესაბამისად, კლიენტები საქართველოს აღარ აღიქვამენ სტაბილურ და რეგულარულ მიმწოდებლად. ჩვენ შეგვიძლია გარკვეული რაოდენობის პროდუქცია გავიტანოთ, მაგრამ თუ რეგულარული მიმწოდებლები არ ვიქნებით, ის საფასო სეგმენტი და ინდუსტრიების ის დამოკიდებულება, რაც ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ძალიან სწრაფად გაქრება. ამ პოზიციების უკან დაბრუნება კი უკიდურესად რთული იქნება, რადგან საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავს - თურქეთი, იტალია, ამერიკა, ჩილე, აზერბაიჯანი... მათ ფონზე დაკარგულ ადგილს იოლად ვერ დავიბრუნებთ.
- როგორ მიმდინარეობს “თხილის რთველი” და როგორ მოსავალს ელოდება წელს საქართველო?
- სამეგრელო-გურიის ტერიტორიაზე მოსავლის აღება ფინალურ სტადიაზეა - დარჩენილია მაქსიმუმ 10%. აქვე უნდა აღინიშნოს ძალიან მტკივნეული ფაქტი: მოსავლის უხარისხობისა და სიმცირის გამო, ვფიქრობთ, წვრილი ფერმერების მინიმუმ 20% წელს მოსავალს საერთოდ არ აიღებს - უბრალოდ არ უღირთ, რადგან უშუალოდ მოსავლის აღების შრომა ძალიან გაძვირდა. ხუთწლიან ჭრილში რომ შევხედოთ, თუ ხუთი წლის წინ მუშის დღიური ანაზღაურება 35 ლარი იყო, ეტაპობრივი ზრდის შემდეგ, დღეს 100 ლარს მიაღწია. ამ ყოველივემ გამოიწვია ის, რომ ზოგადად თხილის ფასმა დაიკლო, მოსავლის რაოდენობა ცოტაა, ხოლო შრომითი ანაზღაურება გაიზარდა. შესაბამისად, ფერმერს ფართობის გარკვეულ ნაწილზე მოსავლის აღება აღარ უღირს. რაც შეეხება კახეთს, იქ მოსავლის აღება ახლა მიმდინარეობს და ასაღებია, დაახლოებით, 30%, თუმცა არც იქაა სახარბიელო მდგომარეობა - როგორც ფაროსანას, ისე წვიმების გამო, მოსავლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც შეეხება უშუალოდ რიცხვებს: წე;ს 45 000 ტონაზე მეტს ვპროგნოზირებდით (შარშანდელზე მეტს), რადგან პლანტაციების განვითარების ვიზუალური პროცესი ძალიან კარგი იყო, თუმცა პროცესს ხელი შეუშალა გაზაფხულის მძიმე წვიმებმა - ფერმერებმა ვერ შეძლეს ბაღების შეწამვლა, რამაც ფაროსანას გავრცელებასა და თხილის დაზიანებას შეუწყო ხელი. მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ისაა, რომ აგვისტოს წვიმების გამო მოსავლის აღებამ, დაახლოებით, ორი კვირით გადაიწია. დასავლეთ საქართველოში თხილის კრეფა ივლისის ბოლოს იწყება, მაგრამ წელს 10-15 აგვისტოსთვის დავიწყეთ. ამას დაემატა გახშირებული წვიმები - აგვისტოში ფაქტობრივად ყოველ მეორე დღეს წვიმდა. შედეგად, გაუარესდა როგორც ხარისხი, ისე - რაოდენობა; ძალიან დიდია ცარიელი თხილის (ანუ უგულო თხილის) წილი. შესაბამისად, 45 000 ტონის ნაცვლად, სავარაუდოდ, 40 000 ტონაც არ გვექნება - დანაკლისი საკმაოდ დიდი იქნება; თუმცა გაუტეხავი თხილი ჩვენი ფინანსური შემოსავლის მთავარი საზომი ერთეული არ არის. ჩვენთვის გადამწყვეტია, რეალურად თხილის გულის რა მოცულობა გავა ექსპორტზე. ამ კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა: წვიმებისა და დაზიანებების გამო, თუ ადრე გამოსავლიანობა 35-37% გვქონდა, დღეს 30%-ზე დაბლა ვართ. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც საექსპორტო თხილის გულის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად დასწევს. ვფიქრობ, წელს მაქსიმუმ 10 000–12 000 ტონა თხილის გული გვქონდეს, მაშინ როდესაც შარშან 16 000-17 000 ტონა გვქონდა. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება საექსპორტო პროდუქციის ფინანსურ მოდელზე. ამ ყველაფერთან ერთად, საგრძნობლად დაეცა საშუალო ხარისხიც. თხილის ხარისხის მთავარი სტანდარტი ფარული სიდამპლით განისაზღვრება - ნორმა 2%-ია, დღეს კი ჩვენი საშუალო მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს. ეს ფაქტორები ერთობლივად საკმაოდ მძიმედ აისახება მიმდინარე სეზონზე. ძალიან რთული პერიოდი გველოდება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფერმერებისთვის, ვინც პროდუქციას აწარმოებს, მაგრამ არანაკლებ რთული იქნება ექსპორტიორი ქარხნებისთვისაც, რადგან დასამუშავებელი თხილის რესურსი ძალიან ცოტა ექნებათ.
- როგორც ჩანს, წელიწადი ფერმერებისთვის არც მოსავლის მოცულობით და არც ფასით არ არის მამოტივირებელი. რა ღირს დღეს გაუტეხავი თხილი ადგილობრივ ბაზარზე, რამდენია საექსპორტო ფასი და როგორია პროგნოზი?
- დღეს, ასე ვთქვათ, „ქუჩის ფასი“ საღ თხილის გულზე 65 თეთრია (გამოსავლიანობის 1%-ზე, როგორც ეს ქართულად იანგარიშება; ასეთი ანალოგი მსოფლიოში არსად გვხვდება, თუმცა ჩვენს ენაზე რომ ვისაუბროთ, ამას იხდიან). ქარხანაში 1 კილოგრამი თხილის გულის ფასი, დაახლოებით, 20 ლარია (პლუს-მინუს 50 თეთრი - ზოგი 20,50 ლარს იხდის, ზოგიც - 19 ლარს), ხოლო საექსპორტო ფასი 7-იდან 7.30 ევრომდე მერყეობს. [თხილის ფასის] პროგნოზირება ძალიან ჭირს, როდესაც თურქეთსა და აზერბაიჯანში ხარისხითა და რაოდენობით ბევრად უკეთესი პროდუქციაა.
- ახლა სრულდება მოსავლის აღება და ბევრი ფერმერი ფიქრობს: გაყიდოს ახლავე თუ დაელოდოს რამდენიმე თვეს იმის იმედით, რომ პროდუქცია გაძვირდება... რას ურჩევდით?
- ეს ისეთი შეკითხვაა, რომელზედაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან მსოფლიო ბაზარზე უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი და ზუსტად არ ვიცით, საბოლოოდ, როგორ აისახება ეს ყველაფერი თხილის ფასზე. ჩვენთვის ყოველთვის ორი ძირითადი კომპონენტია ამოსავალი წერტილი. პირველი - ესაა თურქეთის მთავრობის დამოკიდებულება თხილის სექტორის მიმართ და მათი ინტერვენცია. მოგეხსენებათ, თურქეთის მთავრობა ცდილობს, შეისყიდოს პროდუქცია, შექმნას ხელოვნური დეფიციტი და ამით ფასების ზრდას შეუწყოს ხელი. დღეს თურქეთის მთავრობას ბაზრიდან უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის თხილი გააქვს, რაც ცალსახად აისახება მსოფლიო ბაზარზე არსებულ საერთო მარაგებზე. მეორე ფაქტორია „ფერერო“ (Ferrero), რომელიც, როგორც იცით, მსოფლიო ბაზარზე თხილის უმნიშვნელოვანესი შემსყიდველია (მათ შორის თურქეთში, საქართველოში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში). მათ ინტენსიურად დაიწყეს პროდუქციის შესყიდვა პრემიუმ ფასებში, თუმცა დღეის მდგომარეობით, ეს ორი კომპონენტი ფასზე რადიკალურად მაინც ვერ მოქმედებს - ვერ ვხედავთ ფასის ისეთ მკვეთრ აღმავალ ტრენდს, როგორიც შარშან იყო. შესაბამისად, დაკვირვება გვმართებს, პროგნოზირება კი ძალიან რთულია. რეალობა ასეთია: შარშან მსოფლიოს თხილი ძალიან ძვირი დაუჯდა, მომხმარებელმა ფაქტობრივად ორმაგი ფასი გადაიხადა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც აღინიშნა, რომ, მაგალითად, გერმანიის სუპერმარკეტებში თხილი დახლებიდან საერთოდ ამოიღეს სიძვირის გამო. ეს, ბუნებრივია, ჩვენთვისაც ცუდია, რადგან ბაზარზე მოთხოვნას ამცირებს - გარკვეული ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შარშანდელი მოდელი, როგორც მწარმოებლისთვის, ჩვენთვისაც არ არის ხელსაყრელი, რადგან ზედმეტად ძვირი პროდუქცია მოთხოვნის ვარდნას იწვევს.
BM.GE
წყარო: bm.ge