
ტრამპი ჩინეთთან კონკურენციისთვის მზის პანელებისა და ჩიპების წარმოებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს
თეთრმა სახლმა პოლისილიციუმისგან დამზადებულ პროდუქტებზე მინიმალური ფასები და 15%-იანი ტარიფი დააწესა - ეს ნედლეული ნახევარგამტარებსა და მზის პანელებში გამოიყენება, მის ძირითად მწარმოებელს კი ჩინეთი წარმოადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც 1962 წლის ვაჭრობის გაფართოების აქტის 232-ე მუხლს ეყრდნობა, ჩიპებისა და მზის პანელების ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერას მიზნად ისახავს, რაც პეკინთან ხელოვნური ინტელექტისა და ენერგეტიკის სფეროებში კონკურენციისთვისაა საჭირო.
პოლისილიციუმი, რომელიც სილიციუმის ულტრა-სუფთა ფორმაა, ნახევარგამტარებისა და მზის პანელების წარმოების საწყის ეტაპს წარმოადგენს. მწარმოებლები სილიციუმის ფირფიტებს მზის ელემენტებად გარდაქმნიან, შემდეგ კი მათ პანელებად აწყობენ.
ამერიკული ქარხნები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინელ კონკურენტებს ბაზარზე მზის პანელების დემპინგურ ფასად გაყიდვაში, არასამართლიანი სახელმწიფო სუბსიდიების მიღებასა და აშშ-ის ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით წარმოების სხვა ქვეყნებში გადატანაში ადანაშაულებდნენ.
აშშ-ში პოლისილიციუმის მხოლოდ ორი ქარხანა მოქმედებს. Hemlock Semiconductor-ი, რომელიც მიჩიგანში ფუნქციონირებს, Corning-ისა და იაპონური Shin-Etsu Handotai-ს ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს. მიუნხენში ბაზირებული Wacker Chemie კი ქარხანას ტენესიში ფლობს.
ნახევარგამტარების ადგილობრივი წარმოება მზის ენერგიის სექტორზეა დამოკიდებული, რადგან ამ უკანასკნელის დიდი მოთხოვნა პოლისილიციუმზე ჩიპებისთვის საჭირო მასალის წარმოებას ხელს უწყობს. ჩიპების ინდუსტრიაზე პოლისილიციუმის გლობალური მოთხოვნის 2.4% მოდის.
თეთრი სახლის განცხადებით, სავაჭრო შეზღუდვები ძალაში 4 დეკემბრიდან შევა.
თეთრი სახლის დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტმა კილოგრამ პოლისილიციუმზე 21 დოლარის, სილიციუმის ზოდებსა და ფირფიტებზე 100 დოლარის, მზის ელემენტების თითოეულ ვატზე 0.22 დოლარის, ხოლო მზის პანელის თითოეულ ვატზე 0.38 დოლარის ოდენობის მინიმალური საიმპორტო ფასები დააწესა.
BM.GE
წყარო: bm.ge