
ტრამპი FED-ს ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალურ რეზერვს საპროცენტო განაკვეთების დაუყოვნებლივი შემცირებისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უწყებას სავაჭრო ზომებით ემუქრება.
ტრამპის ამ განცხადებას საფუძვლად დაედო დასაქმების აგვისტოს ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკაში 162 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მეტია. ტრამპის შეფასებით, შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგი და პოზიციები მკვეთრად გაუმჯობესდა, შესაბამისად, ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი უნდა ჰქონდეს.
თეთრი სახლის ლიდერმა ცენტრალურ ბანკს პოლიტიკასთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილებაც გაუგზავნა. ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ FED-ი განაკვეთს არ შეამცირებს, ის იმ ქვეყნებთან ვაჭრობას შეწყვეტს, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს სავაჭრო დეფიციტი აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს მიერ ტარიფებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მას ამის სრულ უფლებას ანიჭებს, აღნიშნული ზომა კი ტარიფებზე ეფექტიანია.
ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა უწყების ახალ ხელმძღვანელობასა და საბჭოს პატრიოტიზმისკენ მოუწოდა. ტრამპის განმარტებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ამერიკის შეერთებულ შტატებს არათანაბარ და არასახარბიელო პირობებში აყენებს, რის დაშვებასაც ის მომავალშიც არ აპირებს.
ცნობისთვის, აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, აგვისტოში უმუშევრობის დონე 4.1%-ის ნიშნულზე შენარჩუნდა. ეკონომისტები გასულ თვეში 55 000-იდან 65 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას პროგნოზირებდნენ, თუმცა შედეგი მოსალოდნელზე 3-ჯერ უკეთესი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა უდიდესი ნაწილი FED-ის მხრიდან განაკვეთის გაზრდას მოელის, შესაბამისად, ბაზარზე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინი ფაქტობრივად არ არის.
BM.GE
წყარო: bm.ge