მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "GONASHVILI" - ბექა გონაშვილის ახალი ქოლგა-ბრენდი|სიახლეები და გეგმები
"GONASHVILI" - ბექა გონაშვილის ახალი ქოლგა-ბრენდი|სიახლეები და გეგმები

"GONASHVILI" - ბექა გონაშვილის ახალი ქოლგა-ბრენდი|სიახლეები და გეგმები

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 22:45|bm.ge

"GONASHVILI" - ასე ერქმევა ქოლგა-ბრენდს, რომელიც აგროსექტორში ბექა გონაშვილის საქმიანობას სრულად გააერთიანებს. მეწარმე მთლიანად პირველად წარმოებაზე, ცხვრის და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ფერმების, ხორცის ექსპორტისა და ხეხილის ბაღების მართვაზე ფოკუსირდება.

კომპანია "აგროქიზიყის" დამფუძნებელმა საკუთარი ბიზნესის ტრანსფორმაციასა და სიახლეებზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის იურიდიული სახელმწოდება კვლავ „აგროქიზიყი“ იქნება, თუმცა ბაზარზე პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება მომავალში სწორედ „GONASHVILI“-ს ბრენდით მოხდება.

1952 წლიდან დაწყებული ოჯახური ბიზნესი

ბექა გონაშვილის თქმით, ახალი ქოლგა-ბრენდის შექმნა ლოგიკური ნაბიჯია იმ ხანგრძლივი გზის, რომელიც მისმა ოჯახმა სოფლის მეურნეობაში გაიარა. ბიზნესის სათავეები 1952 წლიდან იწყება და მასში დღეს უკვე რამდენიმე თაობაა ჩართული.

"პაპაჩემი იყო წინდახედული კაცი და მან მამამისის ნაჩუქარი უნაგირი გაცვალა ოთხ ცალ ცხვარში. ბევრჯერ მომიყოლია ეს ისტორია, მაგრამ იქიდან დაიწყო და ჩვენი ოჯახი დღეს სოფლის მეურნეობაშია ჩართული. ეს მოხდა 1952 წელს. ჩვენი ოჯახის საქმიანობა მთლიანად სოფლის მეურნეობა არის, რასაც მამაჩემი აკეთებს, რასაც მე ვაკეთებ და ჩემი შვილებიც უკვე მოჰყვებიან ნელ-ნელა… ეს არის თაობების საქმე. სოფლის მეურნეობა კი, ჩვენ ვიძახით, რომ ბიზნესია და ბიზნესსაც უნდა შევხედოთ, მაგრამ ასევე ეს არის ემოციური კავშირი. მგონია, რომ ამ ემოციურ კავშირსა და ბიზნესს შორის ერთმანეთთან დაკავშირება სრულიად შესაძლებელია", - აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

ტექნოლოგიური რევოლუცია მეცხოველეობაში - ახალი ფერმა

თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისა და მუშახელის დეფიციტის ფონზე, კომპანია აქცენტს ტექნოლოგიების დანერგვაზე აკეთებს. ბექა გონაშვილმა ისაუბრა ლილოში მდებარე ახალ, ულტრათანამედროვე ფერმაზე, რომლის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება.

"ლილოში, ჩვენი ახალი ფერმის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება და შეივსება კიდეც. მას აქვს მოცულობა, რომ ერთდროულად, დაახლოებით, 15 000 სული ცხვარი და 3 000 სული მსხვილფეხა რქოსანი (ბუღა) გვყავდეს და ვასუქებდეთ. ამხელა მასშტაბის ფერმაში უშუალოდ პროცესებში სულ დაახლოებით 4 ადამიანია საჭირო, ხოლო მთლიან მართვაზე - 5-6 ადამიანი. რატომ?! იმიტომ, რომ ეს ტექნოლოგიურად უნდა იყოს სწორად აწყობილი“, - განმარტავს გონაშვილი.

ბიზნესმენის განცხადებით, ავტომატიზაცია ერთადერთი გზაა კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად იმ ფონზე, როდესაც სოფლიდან კადრების მიგრაცია მიმდინარეობს.

"სხვანაირად კონკურენციას მომავალში ვერ გავუძლებთ. ადამიანების მიგრაციის გამო, რომლებიც სოფლიდან სხვა სექტორებში მიდიან. „გლოვოსა“ და „ვოლტს“ ვერ გავუწევ კონკურენციას - ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩემთან სულ სხვა დატვირთვა და შრომა არის. ამიტომ, ჩვენი მიდგომაა, მიღებული გამოცდილება სწორად გამოვიყენოთ. უამრავ შეცდომას ვუშვებთ, უამრავი პრობლემა გვაქვს, თუმცა მე პირადად ამას ვხედავ როგორც გამოწვევას, რომლის გადაჭრითაც ახალ გამოცდილებას ვიძენთ”, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

პრაქტიკაზე დაფუძნებული საკონსულტაციო სერვისები

ახალი ბრენდის - „GONASHVILI“-ს ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დაგროვილი გამოცდილების სტრუქტურირება და საკონსულტაციო სერვისების განვითარება იქნება. ბიზნესმენის განმარტებით, სოფლის მეურნეობაში თეორიულ ცოდნაზე მეტად რეალური, პრაქტიკული გამოცდილება ჭრის.

"ადამიანებს, რომლებსაც სურთ სოფლის მეურნეობაში რაღაცის კეთება და ცოდნა არ აქვთ, ჩემი პირადი გამოცდილებით ხშირად ვუწევ ხოლმე კონსულტაციას. კონსულტაცია როგორ შეიძლება გაგიწიო, თუ შენ თვითონ არ გაქვს რაიმე გამოცდილება?! ქოუჩების მიდგომას ცოტა ვერ ვხვდები ხოლმე - თუ ეგეთი მაგარი ხარ და მილიონიან კომპანიებს მართავ, $1500-ად რა უნდა მასწავლო, არ ვიცი.

ჩემი აზრით, ჯერ ცხოვრებამ უნდა გასწავლოს და მერე უნდა ვილაპარაკოთ რეალობაში, მით უმეტეს სოფლის მეურნეობაში, რომელიც პრაქტიკასთან ძალიან გადაჯაჭვულია და სადაც რაღაცები სხვანაირად ხდება“, - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, კომპანიაში უკვე ჩამოყალიბდა ძლიერი გუნდი, რომელიც სხვებს ეხმარება როგორც მეცხოველეობის, ისე აგრონომიის მიმართულებით - მათ შორის, ხეხილის ბაღების მენეჯმენტსა და ახალი ბაღების გაშენებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დრონებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა | ზელენსკის პასუხი

რუსეთმა დრონებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა | ზელენსკის პასუხი

BM.GE

ფოთის PACE-ის ნავსადგურისთვის მიწის აღნაგობით გადაცემის ვადა 2028 წლამდე გახანგრძლივდა

ფოთის PACE-ის ნავსადგურისთვის მიწის აღნაგობით გადაცემის ვადა 2028 წლამდე გახანგრძლივდა

BM.GE

ფორმების სარეალიზაციოდ შპს "საგანმანათლებლო რესურსები" 76 სკოლის და რესურსცენტრის სივრცეებს იყენებს|განკარგულება

ფორმების სარეალიზაციოდ შპს "საგანმანათლებლო რესურსები" 76 სკოლის და რესურსცენტრის სივრცეებს იყენებს|განკარგულება

BM.GE

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები აგვისტოში?

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები აგვისტოში?

BM.GE