მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს
ტრამპი უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს

ტრამპი უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს

BM.GE17 ივლისი, 2026, 09:56|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტების, კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზების მოქმედების ვადებს ამკაცრებს. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) ახალი რეგულაცია მკაცრად განსაზღვრულ ვადებს აწესებს შემდეგი კატეგორიის ვიზებზე: F ვიზები - საერთაშორისო სტუდენტებისთვის; J ვიზები - კულტურული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის, რომლებიც აშშ-ში მუშაობის უფლებით სარგებლობენ; I ვიზები - მედიის წარმომადგენლებისთვის.

აქამდე აღნიშნული ვიზები გაიცემოდა კონკრეტული სასწავლო პროგრამის ან სამუშაო კონტრაქტის სრულ ვადით. ახალი წესი ძალაში შევა ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღეში, თუმცა ის კონგრესის მიერ განხილვას ექვემდებარება. ამოქმედების შედეგად, რეგულაციები დამატებით ბარიერებს შეუქმნის საერთაშორისო სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებსა და უცხოელ ჟურნალისტებს.

რა იცვლება ახალი წესებით?

ახალი რეგულაციების მიხედვით, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მაქსიმალური ვადა ოთხი წლით განისაზღვრება. რაც შეეხება ჟურნალისტების ვიზებს, რომლებიც ადრე წლების განმავლობაში მოქმედებდა, მათი ვადა მაქსიმუმ 240 დღემდე მცირდება, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის ეს ვადა მხოლოდ 90 დღე იქნება. თუმცა, წესდება ითვალისწინებს ვიზის ვადის გაგრძელების მოთხოვნის შესაძლებლობას.

შეზღუდვები სტუდენტებისთვის

ახალი წესები მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს უკრძალავს სწავლის განმავლობაში „საგანმანათლებლო მიზნების“ შეცვლას ან სხვა სასწავლებელში გადასვლას შესაბამისი ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, ორჯერ მცირდება ის დრო, რაც სტუდენტებს სწავლის ან პრაქტიკის დასრულების შემდეგ აშშ-ის დასატოვებლად ეძლევათ, კერძოდ, ეს ვადა 60-დან 30 დღემდე შემცირდა.

„ამერიკელების უმრავლესობას ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტუდენტების მიღება და ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა. ეს რეგულაცია კი ზუსტად საპირისპირო შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დაგ რენდმა.

კატონის ინსტიტუტის საიმიგრაციო კვლევების დირექტორმა, დევიდ ჯ. ბიერმა აღნიშნა, რომ სწავლისა და სასწავლებლის შეცვლის შეზღუდვებს ახალ რეგულაციებში სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია:

„საერთაშორისო სტუდენტებს, რომელთაგან ბევრმა წლები გაატარა აშშ-ში, ახლა მხოლოდ 30 დღე ექნებათ იმისთვის, რომ იპოვონ დამსაქმებელი, რომელიც მათ სპონსორობას გაუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი მყისიერად არალეგალ მიგრანტებად იქცევიან. ნუთუ ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მუშაობს რეალური ცხოვრება?“ - განაცხადა მან.

სტატისტიკა და არგუმენტები

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი გადაწყვეტილების მიზეზად ამ ტიპის ვიზების რაოდენობის მკვეთრ ზრდას ასახელებს. უწყების მონაცემებით, 2024 წელს სტუდენტური ვიზით ქვეყანაში 1.8 მილიონზე მეტი ადამიანი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთანავე, 2024 ფისკალურ წელს, აშშ-მა ვიზა 500,000-ზე მეტ გაცვლითი პროგრამის მონაწილესა და მედიის 37,300 წარმომადგენელზე გასცა.

ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ვიზიტორთა რაოდენობის ასეთი მკვეთრი ზრდა „სერიოზულ გამოწვევას უქმნის დეპარტამენტის შესაძლებლობებს, განახორციელოს ამ პირების მონიტორინგი და ზედამხედველობა აშშ-ში ყოფნის განმავლობაში“. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ აქვთ უამრავი მაგალითი იმისა, როდესაც სტუდენტები და გაცვლითი პროგრამების მონაწილეები აშშ-ში ამ ვიზებით ათწლეულების განმავლობაში რჩებოდნენ.

ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ვიზის იმ მფლობელებს, რომლებსაც აშშ-ში დარჩენა ქვეყანაში ყოფნის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგაც სურთ, მოუწევთ ან მიმართონ დეპარტამენტს ვიზის გასაგრძელებლად, ან დატოვონ ქვეყნის ფარგლები და აშშ-ში ხელახლა შემოსვლის გზით ხელახლა მოიპოვონ ქვეყანაში ყოფნის უფლება.

ცნობისთვის, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2025 წლის იანვარში თანამდებობის დაკავებისთანავე, მასშტაბური საიმიგრაციო რეფორმა დაიწყო. მისი ადმინისტრაციის პირობებში გამკაცრდა კონტროლი ლეგალურ იმიგრაციაზეც - იდეოლოგიური შეხედულებების გამო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუუქმდათ სტუდენტური ვიზები და მწვანე ბარათები (Green Card), ხოლო ასობით ათას მიგრანტს ლეგალური სტატუსი ჩამოერთვა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

BM.GE

თბილისის მერია 3,5 მლნ ლარად 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს

თბილისის მერია 3,5 მლნ ლარად 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს

BM.GE

საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდა ხელს შეუწყობს კერძო სკოლებზე მოთხოვნის ზრდას|Galt&Taggart

საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდა ხელს შეუწყობს კერძო სკოლებზე მოთხოვნის ზრდას|Galt&Taggart

BM.GE

ევროპიდან ტურისტული ჯგუფები ისე აქტიურად აღარ ჩამოდიან, სიფრთხილეს იჩენენ - Queen Tamada

ევროპიდან ტურისტული ჯგუფები ისე აქტიურად აღარ ჩამოდიან, სიფრთხილეს იჩენენ - Queen Tamada

BM.GE