
ტრამპის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ – რას მოიცავს Economic D-Day?
აშშ-ის ხელისუფლებამ თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ფინანსური კამპანია, სახელწოდებით "ოპერაცია ეკონომიკური განდევნილი" წამოიწყო, რომელსაც ვაშინგტონში Economic D-Day-ს უწოდებენ.
აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, სანქციები ირანისთვის შემოსავლის ყველა პოტენციური წყაროს დაბლოკვას ისახავს მიზნად.
ახალი შეზღუდვები ნავთობის, ავიაციის, ციფრული აქტივების, ტექნოლოგიებისა და ოქროს სექტორებს მოიცავს. ბესენტის განმარტებით, სანქციები ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტებზეც გავრცელდება, თუ ისინი ირანული ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციაში ჩაერთვებიან. ახალი სანქციების მთავარი სამიზნე სწორედ ჩინეთია, რომელიც ირანული ნავთობის 90%-ის იმპორტს ახორციელებს. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის ოფიციალურმა სავაჭრო ბრუნვამ $9.96 მილიარდი შეადგინა, ხოლო აღურიცხავი ნავთობის ექსპორტმა $31.2 მილიარდს მიაღწია.
პარალელურად, თეირანთან ფინანსური და სავაჭრო ოპერაციები უკვე შეაჩერა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს $28 მილიარდი შეადგინა. ამასთან, ახალი სანქციების რისკის წინაშე თურქეთი, ერაყი და ინდოეთიც დგანან. 2024 წელს თურქეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა $5.7 მილიარდი, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი ირანულ ბუნებრივ აირზე მოდიოდა. ერაყი ირანისგან ყოველწლიურად ყიდულობს $4-5 მილიარდის ღირებულების ელექტროენერგიასა და გაზს, რამაც 2025 წელს ორმხრივი ვაჭრობა $10 მილიარდამდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ვაშინგტონის ინიციატივას „უკანონო ცალმხრივი სანქციები“ უწოდა და საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვა დააანონსა. ექსპერტების შეფასებით, ვაშინგტონის წინაშე მდგარი უმთავრესი დაბრკოლება სწორედ ის გარემოებაა, რომ თეირანის ძირითადი პარტნიორები ამერიკულ ეკონომიკურ ზეწოლას წლებია უგულებელყოფენ და ირანთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა არ სურთ.
ეკონომიკური ზეწოლის ახალი ტალღა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მეექვსე თვეს ემთხვევა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ „ოპერაცია ეკონომიკური განდევნილის“ საბოლოო მიზანს თეირანისთვის ყველა ეკონომიკური რესურსის გადაჭრა წარმოადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge