მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამვაის დაბრუნება - რა სარგებელს მიიღებს თბილისი?
ტრამვაის დაბრუნება - რა სარგებელს მიიღებს თბილისი?

ტრამვაის დაბრუნება - რა სარგებელს მიიღებს თბილისი?

BM.GE17 ივლისი, 2026, 09:56|bm.ge

დიდ დიღომში ტრამვაის პროექტი მოსახლეობის სწრაფი ზრდით გამოწვეული სატრანსპორტო პრობლემების განმუხტვას მნიშვნელოვანწილად დაეხმარება. სპეციალისტების შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება უბნისთვის, სადაც მოსახლეობა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 10-ჯერ, 10 ათასი მცხოვრებლიდან 100 ათასამდე გაიზარდა.

როგორც „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ქალაქი გაზრდილი მოსახლეობის ფონზე 10 სატრანსპორტო დერეფანთან ერთად უფრო მაღალი გამტარუნარიანობის ტრანსპორტის განვითარებასაც საჭიროებს და იმედს გამოთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში ტრამვაის ქსელის განვითარება სხვა ლოკაციებზეც გაგრძელდება.

„დიდი დიღომი ქალაქის ბირთვიდან შედარებით მოშორებულია, თუმცა მოსახლეობის ზრდის ტემპით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უბანია. თუ 2000 წელს აქ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს მოსახლეობა უკვე 100 ათასს აღწევს, ანუ თითქმის ათჯერ არის გაზრდილი. ამან სატრანსპორტო მომსახურებაზე, რომელიც ისედაც პრობლემური იყო, დამატებითი დატვირთვა შექმნა.

ერთ-ერთი განხილული პროექტი მეტროს ხაზის გაგრძელება იყო, რაც ბუნებრივია ძალიან კარგი გადაწყვეტა იქნებოდა, თუმცა მისი განხორციელება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, უფრო რეალისტური გამოსავალი ავტობუსის ზოლების მოწყობაა. სწორედ ამიტომ, თბილისის სატრანსპორტო გეგმის შემუშავებისას განისაზღვრა, რომ აუცილებელია საავტობუსე დერეფნის შექმნა, რომელიც დიდ დიღომს უახლოეს მეტროსადგურებთან, მათ შორის დიდუბესთან, დააკავშირებს. თუმცა მოსახლეობის ზრდის ასეთი მაღალი დინამიკის ფონზე უკვე საჭიროა უფრო მაღალი გამტარუნარიანობის ტრანსპორტის განვითარებაც. ეს შეიძლება იყოს ტრამვაი-მატარებელი ან ტრამვაის ხაზი. სწორედ ამ ხედვის შედეგია წარმოდგენილი პროექტიც, რომელიც თბილისის სატრანსპორტო გეგმის რეკომენდაციებს ეფუძნება.

პროგნოზების მიხედვით, აღნიშნულ დერეფანში ერთ მიმართულებაზე მგზავრთნაკადი დღეში დაახლოებით 20 ათას მგზავრს მიაღწევს. ეს მეტროს გამტარუნარიანობის დაახლოებით ნახევარია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როდესაც ქსელის განვითარება იწყება, ეს 7.5-კილომეტრიანი მონაკვეთი არ იქნება ერთადერთი. დიდი ალბათობით, მას მომავალში გაგრძელებები მოჰყვება. პროექტის ლოგიკა მარტივია: ყველა ახალი საავტობუსე დერეფანი იმ სტანდარტებით იგეგმება, რომლებიც მომავალში ტრამვაის ხაზის ინტეგრირების შესაძლებლობას ითვალისწინებს. შესაბამისად, თუ მგზავრთნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო არსებული პროგნოზები სწორედ ამას აჩვენებს, ამ დერეფნების გარდაქმნა ტრამვაის ხაზებად შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი დამატებითი რეკონსტრუქციის გარეშე.“ - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

პროექტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო შესყიდვის პროცედურები აზიის განვითარების ბანკის (ADB) წესების შესაბამისად ჩატარდა.

მისი განხორციელებისთვის განსაზღვრულია 36-თვიანი ვადა, საიდანაც ერთი წელი პროექტირებას, ხოლო ორი მშენებლობას დაეთმობა.

„|წინასწარ რისკებზე საუბარი რთულია. მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულ კომპანიას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. მას თურქეთში არაერთი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის რვა ტრამვაის ხაზი და რამდენიმე სარკინიგზო პროექტი. შესაბამისად, კომპანიის გამოცდილებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არ არსებობს. ბუნებრივია, სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოიშვას.“ - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისში დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა. შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში მერია 4 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის წინადადება დააფიქსირა, რაც ტენდერის სავარაუდო ფასზე 416.6 მილიონ ლარზე - 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა თურქულმა და ერთმა ჩინურმა კომპანიამ მიიღო, კომპანიების მიერ დაფიქსირებულ წინადადებებს, ასევე, მათ მიერ მითითებულ გამოცდილებას და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს თბილისის მერია გასული სამი თვის განმავლობაში სწავლობდა, რის შედეგადაც გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე EmreRay გამოვლინდა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების პარალელურად, მერია გამოაცხადებს ტენდერს 10 ერთეული ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია თუ რა იქნება აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ფასი.

ცნობისთვის, პროექტის მიხედვით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 მე-4 მიკრორაიონების შერწყმის ადგილიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. განთავსებული იქნება 11 გაჩერება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე შესყიდვა მეორედ, 13 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 416 592 000 ლარი იყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

BM.GE

თბილისის მერია 3,5 მლნ ლარად 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს

თბილისის მერია 3,5 მლნ ლარად 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს

BM.GE

საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდა ხელს შეუწყობს კერძო სკოლებზე მოთხოვნის ზრდას|Galt&Taggart

საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდა ხელს შეუწყობს კერძო სკოლებზე მოთხოვნის ზრდას|Galt&Taggart

BM.GE

ევროპიდან ტურისტული ჯგუფები ისე აქტიურად აღარ ჩამოდიან, სიფრთხილეს იჩენენ - Queen Tamada

ევროპიდან ტურისტული ჯგუფები ისე აქტიურად აღარ ჩამოდიან, სიფრთხილეს იჩენენ - Queen Tamada

BM.GE