
„წალეკა ამ რაღაც გოიმურმა ობიექტებმა თბილისი“ - ბიზნესი ქალაქის იერსახის ცვლილებაზე
„წალეკა ამ რაღაც გოიმურმა ობიექტებმა თბილისი“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კახეთში მდებარე ტურისტული ობიექტის Nekresi Estate-ის დამფუძნებელმა, ოთო ტაბატაძემ განაცხადა.
ტაბატაძე ამბობს, რომ ტურისტული მოთხოვნის ცვლილება თბილისში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ფორმატზეც აისახა. მისი ინფორმაციით, სეგმენტის ცვლილებას თბილისში ირანული და არაბული ბარებისა და რესტორნების გახსნა მოჰყვა, რაც მისივე შეფასებით, ქალაქის იერსახეზეც უარყოფითად აისახება.
„სეგმენტის ცვლილებამ თბილისში ძალიან ბევრი ირანული და არაბული ბარის და რესტორნის გახსნა უზრუნველყო. ნუ, ეს საერთოდ კატასტროფაა… წალეკა ამ რაღაც გოიმურმა ობიექტებმა თბილისი. ანუ შეცვლილია, რა, ქალაქიც?
სად ახლა, რომ ავიღოთ 2015-16 ან ცოტა უფრო ადრეული პერიოდი თბილისში, როგორი კაფეები იყო, როგორი სერვისები იყო, შარდენი როგორი იყო და ახლა რას ჰგავს. ანუ ეგ არის ყველაფერი იმ ტურისტის მოთხოვნის გავლენა, რაც დღეს ხდება თბილისში. ჩემთვის კატასტროფაა. მაინც ევროპულ ქვეყნად ვითვლებით და ქრისტიანულ ცივილიზაციად და უფრო მეტი გვაქვს სიახლოვე დასავლეთთან, ვიდრე ამ აღმოსავლეთთან და, ჩემთვის პირადად, ერთი ადამიანისთვის, კატასტროფაა, რაც ხდება. გული მისკდება, რომ ვუყურებ.
რაღაც ღია ავტობუსები რომ დადის, მაღალ ხმაზე თურქული სიმღერები, ირანული და არაბული... მე რომ ვიყო გერმანელი ტურისტი და საქართველოში ჩამოვიდე და ეს სურათი ვნახო, გადავცვლი ბილეთს და უკან წავიდოდი. ვერ დაისვენებ, ფაქტობრივად“, - აცხადებს ტაბატაძე.
მისი თქმით, ტურისტული სეგმენტის ცვლილება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ობიექტებისთვის, რომლებიც ბუნებრივ, ავთენტურ და ადგილობრივ გამოცდილებაზე არიან ორიენტირებული.
BM.GE
წყარო: bm.ge