
წელს ეკონომიკური ზრდის 7.5%-იან პროგნოზს ვინარჩუნებთ - Galt&Taggart
Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 7.5%-ის დონეზე ნარჩუნდება. მან ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.
ეკონომისტის თქმით, მოლოდინია, რომ ზრდა მეოთხე კვარტალში უფრო გააქტიურდება, რასაც მთავრობის კაპიტალური ხარჯები განაპირობებს.
"ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არის შენელებული - აგვისტოში იყო 6.3% და 8 თვეში გვაქვს 7.6%, რაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა არის პოტენციურ 5.5-6%-იან ზრდასთან შედარებით. სექტემბრის მონაცემიც დაიდება ამ თვის ბოლოს და მერე უკვე მეოთხე კვარტალი არის, რომლის აქტივობაც, ასე ვთქვათ, ჩვენ ველოდებით, რომ უფრო გააქტიურებული იქნება და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თუ დავაკვირდებით ახლა რა მონაცემიც გვაქვს 8 თვის განმავლობაში, მთავრობის კაპიტალური ხარჯები არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა წლიურ ჭრილში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთავრობამ, როდესაც ახლა 2027 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი გააგზავნა, იქ მთლიანობაში, ჯამურად კაპიტალური ხარჯები იზრდება გასულ წელთან შედარებით, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მეოთხე კვარტალი საკმაოდ აქტიური უნდა იყოს და ამის მხარდაჭერა უნდა მოდიოდეს მთავრობის კაპიტალური ხარჯების გააქტიურებით. ამის ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ პროგნოზს 7.5%-ს მიმდინარე წელს და მომდევნო წელს უკვე ველოდებით, რომ ეს ზრდის ტემპი თანდათანობით, ნელ-ნელა დაუახლოვდება იმ პოტენციურ დონეს და 6%-იან ზრდას ველოდებით 2027 წლისთვის. ეს არის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი. რაც შეეხება თვითონ დარგებს, რომლებიც ახდენენ გავლენას, ფაქტობრივად, ტრადიციულად იგივე დარგები რჩება: მშენებლობის სექტორი არის, სადაც ჩამორჩენა გვაქვს და ეს ძირითადად აისახება მთავრობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება.
ვფიქრობ, რომ [2027 წლის ბიუჯეტი] დამტკიცდება 5%-იანი ეკონომიკური ზრდით. მთავრობა ყოველთვის კონსერვატიულად გეგმავს ბიუჯეტს, თუმცა ამის გადახედვის შესაძლებლობა შემდგომ უკვე მომდევნო წელს ექნება ბევრჯერ: ერთი ექნება მაისში და მეორე ისევ, როდესაც 2028 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს წარადგენს 1 ოქტომბერს. ვფიქრობ, რომ ჩვენი პროგნოზი რაც არის (6%) ესეც კონსერვატიული არის, გამომდინარე იქიდან, რომ თუ გადავხედავთ საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებს 2027 წელთან დაკავშირებით, საკმაოდ ახლოს არის ჩვენს პროგნოზთან. ზოგადად ისინიც ძალიან კონსერვატიულები არია და ხშირად ხდება მერე, რომ ზრდის მიმართულებით გადახედვა უწევთ",- აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge