
წელს ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2%-ით გაიზარდა
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებამ 12.4 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 224 მლნ კვტ.სთ-ით, ანუ 1.8%-ით მეტია.
მიმდინარე წლის ათი თვის გენერაციაში ჰიდროსადგურების წილი კვლავ წამყვანია, თუმცა წლიურ ჭრილში მათი გამომუშავება შემცირებულია. წელს ჰესებმა 9.6 მლრდ კვტ.სთ გამოიმუშავეს, რაც 2.5%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის მიზეზი გამომუშავებაზე დაწესებული შეზღუდვაც არის. მიმდინარე წლის ზაფხულში, ჭარბი დენის გენერაციაზე მთავრობას შეზღუდვის დაწესება მოუწია, რის გამოც ბიზნესმა, საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, 67 მლნ ლარით იზარალა. ასევე მასშტაბური იყო მოცულობაც: მაის-ივლისში ნახევარი მილიარდი კვტ.სთ დენის გამომუშავება შეიზღუდა ქვეყანაში.
თბოსადგურების გამომუშავება მიმდინარე წელს 1.9 მლრდ კვტ.სთ იყო, რაც წლიურად თითქმის 3%-ით გაზრდილი ამჩვენებელია. 132 მლნ კვტ.სთ გამოიმუშავეს ქარის სადგურებმა, რაც წლიურ ჭრილში 86%-იანი ზრდაა. ამის მიზეზი სისტემას დამატებული ორი მსხვილი სადგურია - ზემო ქარისა და რუისის ქარის ელექტროსადგურები. კვლავ მცირეა მზის სადგურების წილი და წელს მათ დაახლოებით 15 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს.
BM.GE
წყარო: bm.ge