
"წელს ფასების ზრდას არ ვაპირებთ" - Lumier's Chimney Cake
წელს ფასების ზრდას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ, - ამის შესახებ BM.GE-სთან ქართული ტრდელნიკის ბრენდის „ლუმიერსი“ თანადამფუძნებელმა, ემილ კურბანოვი განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარებისა და ბიზნესზე მოქმედი ფაქტორებისა, კომპანიას ფასების ზრდის საჭიროება არ დაუნახავს და წლის ბოლომდე არსებული ტარიფების შენარჩუნებას გეგმავს.
„ფასები არ შეგვიცვლია. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ხდება ისე, რომ როგორც კი რეგიონში რაიმე დაძაბულობა იწყება, ეს ავტომატურად ფასების ზრდის მიზეზად იქცევა, თუმცა ყოველთვის ასე არ არის და არც სწორად მიგვაჩნია. თუ კონკრეტული პროდუქტის თვითღირებულებაზე ცვლილება პირდაპირ არ აისახება, ვფიქრობთ, ბიზნესი გონივრულ ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ფასების გაზრდის საჭიროება ვერ დავინახეთ და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე მომხმარებლებისთვის იგივე ფასები შენარჩუნდება”, - განაცხადა კურბანოვმა.
კომპანიის ინფორმაციით, „ლუმიერსის“ პროდუქციის ფასი ამ ეტაპზე 10-დან 16 ლარამდე მერყეობს. ადგილობრივ ბაზარზე კომპანია 30 ადამიანს ასაქმებს, თუმცა წელს საქართველოში ახალი ფილიალების ან სხვა სიახლეების დამატებას არ გეგმავს.
რაც შეეხება გაყიდვებს, ემილ კურბანოვის თქმით, გაყიდვებზე გავლენა მოახდინა როგორც რეგიონში ომის დაწყებამ და ტურისტული ნაკადების შემცირებამ, ისე უამინდობამ, რამაც სეზონის დაწყება შეაფერხა.
„ძალიან რთული იყო თავიდან ეს მომენტი, როცა ომი დაიწყო, იმიტომ რომ ამან ტურიზმს დაარტყა. იმ პერიოდში გაყიდვები დაეცა. შემდეგ ამინდებმაც შეგვიშალა ხელი, რადგან ლისის ტბის სეზონი ჩვეულებრივ აპრილის დასაწყისში იწყება, წელს კი ფაქტობრივად ახლა [მაისში] დაიწყო“, - ამბობს ის.
მიუხედავად ამისა, კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მიმდინარე ტენდენცია პოზიტიურია და მომხმარებლის მხრიდან ახალი პროდუქტების მიმართ ინტერესიც გაიზარდა : „ბისკოფის კრემით ვთავაზობთ მომხმარებლებს უკვე ჩვენს პროდუქტს და ძალიან მოეწონათ. ეს ქართულ ბაზარზე ერთგვარი სიახლეა და მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია“, - აცხადებს კურბანოვი.