
წელს ნივრის იმპორტში $1.37 მლნ გადავიხადეთ - მთავარი მომწოდებელი ჩინეთია
საქსტატის მონაცემებით, წელს აგვისტოში ნივრის იმპორტი 29.1%-ით გაიაფდა. BM.GE დაინტერესდა, საიდან და რა რაოდენობის ნიორი შემოდის ქვეყანაში.
ოფიციალური სტატისტიკით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ნივრის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში $1.37 მილიონის ღირებულების 1 064 ტონა ნიორი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ $2.29 მილიონი ღირებულების 1 698 ტონა ნიორი შემოიტანა.
მონაცემებით დგინდება, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის ღირებულება 40.3%-ით, ხოლო იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 37.3%-ით არის შემცირებული. ამასთან, შემცირებულია საშუალო საიმპორტო ფასიც.
ნივრის იმპორტის ძირითადი წყარო კვლავ ჩინეთია. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ჩინეთიდან $942 ათასის ღირებულების 732 ტონა ნიორი შეიძინა. ამ მაჩვენებლით ჩინეთზე მთლიანი იმპორტის ღირებულების და მოცულობის დაახლოებით 69% მოდის.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი - საანგარიშო პერიოდში საქართველომ ქვეყნიდან $206 ათასის 156 ტონა ნიორი შემოიტანა. მესამე პოზიციას ირანი იკავებს, საიდანაც 7 თვეში $111 ათასის ღირებულების 95 ტონა პროდუქცია შემოვიდა.
ნივრის იმპორტის მომწოდებელთა ჩამონათვალში ასევე არიან თურქეთი - $47 ათასი და 35 ტონა, ყირგიზეთი - $29 ათასი და 22 ტონა, და უზბეკეთი - $29 ათასი და 22 ტონა.
BM.GE
წყარო: bm.ge