
უმუშევრობა მცირდება, მაგრამ დასაქმება არ იზრდება - რა ხდება შრომის ბაზარზე?
2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 0.5 პროცენტული პუნქტით, 13.8%-მდე შემცირდა. თუმცა უმუშევრობის მაჩვენებლის კლება დასაქმების ზრდას არ უკავშირდება — პირიქით, ამ პერიოდში სამუშაო ძალა შემცირდა, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში უმუშევრობის დონის შემცირება შრომის ბაზრის გაუმჯობესებაზე არ მიუთითებს.
საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, უმუშევრობის დონე უმუშევართა რაოდენობის სამუშაო ძალასთან შეფარდებით გამოითვლება. სამუშაო ძალა, თავის მხრივ, დასაქმებული და უმუშევარი, მაგრამ სამუშაოს აქტიურად მაძიებელი მოსახლეობის ერთობლიობაა. აქვე აღსანიშნავია, რომ პირი, რომელიც უმუშევარია, თუმცა გამოკითხვის მომენტის წინა ოთხი კვირის განმავლობაში სამუშაოს აქტიურად არ ეძებდა, სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად აღარ მიიჩნევა.
შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად შემცირდეს, არა დასაქმების ზრდის, არამედ სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე. ამიტომ ქვეყანაში უმუშევრობის დინამიკისა და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის სწორად შესაფასებლად მხოლოდ უმუშევრობის დონეზე დაკვირვება საკმარისი არ არის — აუცილებელია სამუშაო ძალისა და დასაქმების მაჩვენებლების ერთობლივი ანალიზიც.
სამუშაო ძალა
2026 წლის II კვარტალში საქართველოში 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობამ 2,969.7 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 26 ათასით, 0.9%-ით მეტია. 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ზრდა შრომის ბაზარზე აქტიური ადამიანების რაოდენობის ზრდაში არ ასახულა. პირიქით, ამ პერიოდში სამუშაო ძალის მოცულობა შემცირდა. 2026 წლის II კვარტალში სამუშაო ძალა 1,584.3 ათასს შეადგენდა, რაც ერთი წლის განმავლობაში 9.6 ათასით, 0.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
სამუშაო ძალის შემცირება აისახა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეზეც. 2025 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 54.1% იყო, 2026 წლის II კვარტალში კი 53.3%-მდე შემცირდა, ანუ 0.8 პროცენტული პუნქტით.
დასაქმება
2026 წლის II კვარტალში საქართველოში 1,365.2 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 1.1 ათასით, 0.1%-ით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში დასაქმების დონე 0.4 პროცენტული პუნქტით, 46%-მდე შემცირდა.
დასაქმებულთა საერთო რაოდენობის მცირედი კლება ძირითადად გაურკვეველი სტატუსის მქონე დასაქმებულთა კატეგორიის შემცირებით არის განპირობებული, მაშინ როდესაც დასაქმების ძირითადი კომპონენტები — დაქირავებულები და თვითდასაქმებულები — პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ეს მიუთითებს, რომ 2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების მხრივ არსებითი ცვლილება არ ყოფილა.
2026 წლის II კვარტალში 940.7 ათასი ადამიანი დაქირავებული იყო, 2025 წლის II კვარტალში კი — 940.5 ათასი. თვითდასაქმებულთა რაოდენობაც თითქმის უცვლელი დარჩა. 2025 წლის II კვარტალში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 422.2 ათასი იყო, 2026 წლის II კვარტალში კი — 422.3 ათასი.
დიაგრამა 1: უმუშევრობის, დასაქმებისა და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, %
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სამუშაო ძალის მაჩვენებლები (კვარტალური)
შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას საინტერესოა ბიზნესის მხრიდან დასაქმების მოთხოვნისა და კადრების ხელმისაწვდომობის სურათიც. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) 2026 წლის II კვარტლის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 35%-მა II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა დააფიქსირა, თუმცა 60%-თან დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, კომპანიების 5%-ში კი დასაქმებულების ოდენობა შემცირდა. BAG-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის მხრიდან დასაქმების ზრდის მოლოდინი III კვარტალშიც პრაქტიკულად უცვლელია. III კვარტალში დასაქმების ზრდას კომპანიების 34% ელოდება, ხოლო 61% დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას არ პროგნოზირებს.
ამასთან, ბიზნესისთვის მნიშვნელოვან პრობლემად კადრების დეფიციტი რჩება. კვლევის მიხედვით, კომპანიების 53% ბიზნესსაქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორად სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებს. ასევე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამუშაო ძალის ნაკლებობა, რომელზეც კომპანიების 40% მიუთითებს. სპეციალისტების დეფიციტი განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება მშენებლობის სექტორში, სადაც ამ პრობლემაზე გამოკითხული კომპანიების 100% მიუთითებს. სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მწვავედ მშენებლობის (63%) და ვაჭრობის სექტორში (55%) დგას.
ამრიგად, BAG-ის მონაცემები აჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე ერთი მხრივ, დასაქმების ფართომასშტაბიანი ზრდა არ ფიქსირდება, მეორე მხრივ კი ბიზნესის ნაწილი საჭირო სამუშაო ძალისა და კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტზე მიუთითებს.
შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების დასანახად, ასევე საინტერესოა ვაკანსიებისა და ხელფასის მიმღებთა დინამიკა.
PMCG-ის Employment Tracker-ის მიხედვით, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა აპრილსა და მაისში წლიურად 2.1%-ით, ივნისში კი 2.8%-ით გაიზარდა. ამასთან, 2026 წლის აპრილში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა, მაისში კი 0.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ივნისში კი ზრდამ 0.5% შეადგინა. შესაბამისად, აპრილში ვაკანსიების შემცირების შემდეგ, მაისსა და ივნისში ვაკანსიების დინამიკაში გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა წლიური ზრდა კვლავ მცირეა.
სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა
ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა. 2026 წლის მეორე კვარტალში 1,385.4 ათასი ადამიანი ეკონომიკურად არააქტიური იყო, ანუ არ იყო დასაქმებული და არც სამუშაოს მაძიებელი. ერთწლიან პერიოდში სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 2.6%-ით, ანუ 35.6 ათასი ადამიანით გაიზარდა.
ზოგადად, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის ზრდა სხვადასხვა დემოგრაფიულ და სოციალურ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის მოსახლეობის დაბერებას, განათლებას, საოჯახო და ზრუნვის ვალდებულებებს, კვალიფიკაციისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შეუსაბამობას. ასევე, სამუშაო ძალის გარეთ ხვდებიან ადამიანები, რომლებმაც სამუშაოს ძებნა შეწყვიტეს, მათ შორის დასაქმების დაბალი შესაძლებლობების გამო. თუმცა, არსებული მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას, 2026 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობის ზრდის კონკრეტული მიზეზები ცალსახად განვსაზღვროთ.
სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის სტრუქტურის დასახასიათებლად, ბოლო ხელმისაწვდომ მონაცემებს გამოვიყენებთ, 2025 წლის მონაცემებით, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის 42.7%-ს პენსიონერები შეადგენდნენ. მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი საოჯახო საქმეებით დაკავებული პირები იყვნენ — 21.1%, ხოლო 16.3% სტუდენტები და მოსწავლეები იყვნენ. საყურადღებოა, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის 6.1%-მა სამუშაოს პოვნის იმედი დაკარგა. აღნიშნული მონაცემი შრომის ბაზარზე დასაქმების სირთულეებზე მიუთითებს.
სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა
სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის ზრდის შესაძლო ფაქტორებს შორის ყურადღებას იმსახურებს სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის დასრულებაც. პროგრამა 2022 წლიდან მოქმედებდა, თუმცა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა.
გასულ წლებში სამუშაო ძალისა და დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მისი მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისება იყო, რაც ძირითადად სახელმწიფოს მიერ „ხელოვნურად“ შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობდა.
2025 წელს, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 28 686 სოციალურად დაუცველ პირთან გაფორმდა ხელშეკრულება. შესაბამისად, 2026 წელს პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი ხდება კითხვა, რა ბედი ეწიათ ამ ადამიანებს — გადავიდნენ თუ არა ისინი ღია შრომის ბაზარზე, დარჩნენ თუ არა დასაქმების გარეშე და, რაც ამ სტატიის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენმა მათგანმა შეწყვიტა სამსახურის აქტიურად ძებნა და სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა.
შესაბამისად, პროგრამის დასრულება შეიძლება განვიხილოთ სამუშაო ძალის შემცირებისა და სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის ზრდის ერთ-ერთ შესაძლო ფაქტორად. თუმცა, კონკრეტულად რა გავლენა იქონია პროგრამის დასრულებამ 2026 წლის შრომის ბაზრის მაჩვენებლებზე, არსებული მონაცემებით ამ ეტაპზე ვერ განვსაზღვრავთ.
ამრიგად, უმუშევრობის დონის შემცირება თავისთავად არ ნიშნავს შრომის ბაზრის გაუმჯობესებას. როდესაც უმუშევართა რაოდენობის კლებას თან ახლავს სამუშაო ძალის შემცირება და სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის ზრდა, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რამდენად არის უმუშევრობის შემცირება რეალურად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შედეგი და რამდენად — შრომის ბაზრიდან ადამიანების გასვლის შედეგი.
სამუშაო ძალის შემცირება მიუთითებს, რომ შრომის ბაზარზე აქტიურად ჩართული ადამიანების რაოდენობა კლებულობს. ამის შესაძლო მიზეზებად შეიძლება განვიხილოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კვალიფიკაციის შეუსაბამობა, სამუშაოს ძებნის შეწყვეტა იმედგაცრუების გამო, სამუშაო ასაკის მოსახლეობის მაღალი ემიგრაცია და სხვა.
ამასთან, მსგავსი სურათი 2026 წლის პირველ კვარტალშიც გამოიკვეთა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.3 პროცენტული პუნქტით, 14.4%-მდე შემცირდა, თუმცა ამავე პერიოდში ასევე შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით, 1.8%-ით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეც 1.4 პროცენტული პუნქტით, 53.4%-მდე დაეცა, ხოლო დასაქმების დონე 1.1 პროცენტული პუნქტით, 45.7%-მდე შემცირდა. ამასთან, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა 47.3 ათასით გაიზარდა და 1,395 ათასი შეადგინა. I კვარტლის მონაცემებიც აჩვენებს, რომ უმუშევრობის კლება დასაქმების ზრდით არ ყოფილა განპირობებული.
შედეგად, ვიღებთ ასეთ სურათს — უმუშევრობის შემცირებას დასაქმების ზრდა არ ახლავს, სამუშაო ძალა მცირდება, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, უმუშევრობის კლება ამ შემთხვევაში ახალი სამუშაო ადგილების ზრდას კი არა, სამუშაო ძალის შემცირებას უკავშირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge