მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, შვეულმფრენის მომსახურებაზე მოთხოვნა 11%-ით გაიზარდა - TCA Helicopters
წელს, შვეულმფრენის მომსახურებაზე მოთხოვნა 11%-ით გაიზარდა - TCA Helicopters

წელს, შვეულმფრენის მომსახურებაზე მოთხოვნა 11%-ით გაიზარდა - TCA Helicopters

BM.GE19 ივლისი, 2026, 03:45|bm.ge

საქართველოში შვეულმფრენის მომსახურებაზე მოთხოვნა იზრდება. ავიაკომპანია TCA Helicopters-ის შიდა მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 11%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლიკა ქორთოშიძემ განაცხადა.

"TCA Helicopters-ის შიდა მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში შვეულმფრენის მომსახურებაზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა. წლის პირველ კვარტალში მოთხოვნა განსაკუთრებით სტაბილური იყო, ხოლო მეორე კვარტალში საერთაშორისო ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა პროცესებმა, ასევე ტურიზმის სექტორზე მათმა გავლენამ, ბაზარზე გარკვეული მერყეობა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში ბაზარი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, განსაკუთრებით ტურისტული და სპეციალიზებული საავიაციო მომსახურების მიმართულებით", - განაცხადა ლიკა ქორთოშიძემ.

მისი თქმით, ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ ტურისტულ ფრენებსა და ჩარტერულ მომსახურებაზე ფიქსირდება, თუმცა სწრაფად იზრდება სპეციალიზებული ავიაციის მიმართულებაც.

"ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ ტურისტულ ფრენებსა და ჩარტერულ მომსახურებაზე ფიქსირდება. ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა გარე საკიდით არაგაბარიტული ტვირთების საჰაერო ტრანსპორტირების მიმართულებით. 2025 წელს კომპანიის საერთო საფრენი საათების დაახლოებით 35% სწორედ ამ ტიპის ოპერაციებზე მოდიოდა. აღნიშნული ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული და ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებს, სადაც შვეულმფრენი ხშირად ერთადერთი ეფექტური სატრანსპორტო საშუალებაა", - აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში გაიზარდა მომსახურების ტარიფებიც: "ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ბაზარზე, მომსახურების ტარიფებზე გავლენა მოახდინა საოპერაციო ხარჯების ზრდამ, განსაკუთრებით საწვავის, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გაძვირებამ. შედეგად, მომსახურების ტარიფები საშუალოდ დაახლოებით 10%-ით გაიზარდა", – ამბობს ქორთოშიძე.

კომპანიაში სექტორის მთავარ გამოწვევებად კვალიფიციური კადრების დეფიციტსა და საოპერაციო ხარჯების ზრდას ასახელებენ.

"დღეს სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და განვითარებაა. ამასთან, სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საოპერაციო ხარჯების ზრდა, მათ შორის საწვავის, ტექნიკური მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების გაძვირება, რაც მომსახურების თვითღირებულებაზეც აისახება", – განაცხადა ლიკა ქორთოშიძემ.

მისი თქმით, კომპანია 2026 წელსაც აგრძელებს ინვესტიციებს ტექნიკური შესაძლებლობებისა და პერსონალის კვალიფიკაციის განვითარების მიმართულებით.

"ამ ეტაპზე კომპანიის ფლოტი სრულად აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, თუმცა მოთხოვნის შემდგომი ზრდის შემთხვევაში კომპანია მზად არის განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და ეტაპობრივად გააფართოოს ფლოტი", – აღნიშნა TCA Helicopters-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ავიაკომპანია TCA Helicopters, რომელიც ფრანგული და იტალიური წარმოების უახლესი თაობის შვეულმფრენების ყველაზე დიდ ფლოტს აერთიანებს საქართველოში, ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ფლოტი ძირითადად ბაზირებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და თელავის Geosky-ს ვერტოდრომზე, სეზონურობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე პერიოდულობით იცვლება რეგიონი ბაზირებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

BM.GE

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

BM.GE

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

BM.GE

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

BM.GE