
წელს უძრავ ქონებაზე ფასების 5%-იან ზრდას ველოდებით - GREA
“საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოში” ვარაუდობენ, რომ წელს სექტორში ფასები დაახლოებით 5%-ით გაიზრდება.
როგორც სააგენტოს დამფუძნებელმა ნინო აბსანძემ BMG‑ის განუცხადა, ფასებზე გავლენას ახდენს როგორ მშენებლობის გაზრდილი თვითღირებულება, ასევე გაზრდილი მოთხოვნა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველოში უძრავ ქონებაზე უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაიზარდა, თუმცა სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ფაქტს ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.
“მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს ფასს. პროექტს ყველა ეტაპზე აქვს თავისი დაგეგმილი ფასი, კონკრეტული რაოდენობის გაყიდვები როდესაც სრულდება პროექტში, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და ფასის შემდეგ ბიჯზე. შესაბამისად, ყველაზე უფრო მომხიბვლელი და მომგებიანი არის ხოლმე საწყის ეტაპზე უძრავი ქონების შეძენა. ხშირად ინვესტორები პირველ ეტაპზე ცდილობენ უძრავი ქონების შეძენას, რომ შემდგომში გადაყიდვა გააკეთონ ან გააქირაონ. ასეთ პროექტებში ყველაზე მომგებიანია ინვესტირება.
მოთხოვნის და თვითღირებულების ზრდა უძრავი ქონების ფასებზე გავლენას ახდენს. მიწები მნიშვნელოვნად გაძვირდა, ამიტომ 2026 წლისთვის ვვარაუდობთ, რომ უძრავი ქონების ფასები დაახლოებით 5%-ით გაიზრდება.
ვვარაუდობთ, რომ გარკვეული გავლენა ფასებზე ახლო აღმოსავლეთის ომსაც ექნება, თუმცა დაახლოებით შეიძლება 1-1.5%-იანი ცვლილება მოახდინოს ამ ფაქტორმა. რადიკალური ეფექტი ამას არ ექნება, იმიტომ რომ სხვა ბევრი ბაზარი უწევს საქართველოს უძრავ ქონებას კონკურენციას, სინგაპური არის დუბაის უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთი ალტერნატივა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ საინტერესო, კარგი პროექტები შევთავაზოთ ბაზარს. მარტო საქართველო არ არის უძრავი ქონების რუკაზე და შესაბამისად, ინტერესების გადანაწილება მიმდინარეობს. სადღაც 1-2%-ით შეიძლება დამატებით გაიზარდოს ფასები, თუ დაგეგმილი იყო პირობითად 4%-იანი ზრდა ფასებში, შეიძლება იყოს 5.5%-იანი ზრდა”, - განაცხადა ნინო აბსანძემ.