მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ცენტრი უკვე მოემსახურა 25 000-მდე სატვირთო ავტომობილს" - როგორ მუშაობს "თეგეტას" 100 მლნ-იანი საავტომობილო კომპლექსი
"ცენტრი უკვე მოემსახურა 25 000-მდე სატვირთო ავტომობილს" - როგორ მუშაობს "თეგეტას" 100 მლნ-იანი საავტომობილო კომპლექსი

"ცენტრი უკვე მოემსახურა 25 000-მდე სატვირთო ავტომობილს" - როგორ მუშაობს "თეგეტას" 100 მლნ-იანი საავტომობილო კომპლექსი

BM.GE16 ივლისი, 2026, 12:35|bm.ge

"თეგეტა მოტორსმა" 100 მლნ ლარის ინვესტიციით გახსნილი ულტრათანამედროვე საავტომობილო კომპლექსი და მისი შესაძლებლობები მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინეს. „თეგეტა მოტორსის“ რეგიონულ ჰაბს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცენტრი, რომელიც ორი წლის წინ გაიხსნა, უკვე მოემსახურა 25 000-მდე სატვირთო ავტომობილს.

ულტრათანამედროვე საავტომობილო კომპლექსი თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზე მდებარე 42 000 მ2 ფართობზეა განლაგებული. მრავალფუნქციური სერვისცენტრი დღეს რეგიონში კომერციული ტრანსპორტის მომსახურების უმსხვილესი ცენტრია, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

"გეზის ფილიალი გამორჩეულია როგორც თავისი მასშტაბებით, ისე უნიკალური კონცეფციით. ის პირველია რეგიონში, რომელმაც სატვირთო და კომერციულ ავტოტრანსპორტს ორგანიზებულ და კომფორტულ გარემოში სერვისის სრული სპექტრი შესთავაზა. სერვისცენტრი მულტიბრენდულია და მზადაა სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკის მისაღებად. ფილიალის კიდევ ერთი უპირატესობა მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობაა. ცენტრი განთავსებულია ინდუსტრიულ ზონაში, უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, რომელიც დატვირთულია სატვირთო ნაკადებით თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა თუ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებზე. შედეგად, ეს ტრანზიტული ნაკადი სწორედ ამ ფილიალში იყრის თავს და იქმნება სერვისის მძლავრი რეგიონული ჰაბი", - აცხადებენ კომპანიაში.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკა ქავთარაძე აცხადებს, რომ მიზანი იყო, რომ ამიერკავკასიაში პირველად შეექმნათ სივრცე, სადაც კომერციული ტრანსპორტი სრულ და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებდა.

„მოხარულები ვართ, რომ გეზის ფილიალის გახსნიდან ორი წლის თავზე უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ იმ ხელშესახებ შედეგებზე, რასაც ამ უმსხვილესი პროექტის ამოქმედებით მივაღწიეთ და რაც დღეს ჩვენს სტუმრებს, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ. დღეისათვის ჩვენ უკვე მოვემსახურეთ ათასობით სატვირთო ავტომობილს, რაც ნათლად ადასტურებს ამ ცენტრის სტრატეგიულ როლს. ეს არ არის მხოლოდ სერვისცენტრი, ეს არის უმსხვილესი, მაღალტექნოლოგიური რეგიონული ჰაბი კავკასიაში, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანში მდებარეობს.

ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, რომ ამიერკავკასიაში პირველად შეგვექმნა სივრცე, სადაც კომერციული ტრანსპორტი სრულ და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებდა. უახლესი ევროპული დანადგარები, ციფრული ტექნოლოგიური შესაძლებლობები, MAN-ის სტანდარტების შესაბამისი ავტორიზებული სერვისი და Thermo King-ის ინოვაციური სისტემები საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვნად შევამციროთ მომსახურების დრო, გავზარდოთ ეფექტიანობა და ხელი შევუწყოთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო დერეფნის, როლის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას“.

„თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალის შესახებ

ულტრათანამედროვე საავტომობილო კომპლექსს გერმანული MAN-ის მიერ უმაღლესი „A“ კატეგორია აქვს მინიჭებული და თანამედროვე დანადგარებითა და ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი. ამჟამად ფილიალში 40-მდე სამუშაო სივრცე სრულადაა ამოქმედებული. კომპლექსის პირველ ბლოკში განთავსებულია MAN-ის ოფიციალური შოურუმი და მულტიბრენდული საავტომობილო სერვისი, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს სამუხრუჭე სისტემის, გამონაბოლქვისა და მაშუქების დიაგნოსტირება, სავალი ნაწილის შემოწმება-შეკეთება, ძრავის დიაგნოსტიკა და ელექტროსისტემების აღდგენა როგორც მსუბუქი კომერციული, ისე მძიმე სატვირთო ტრანსპორტისთვის.

ფილიალის მეორე ბლოკი ეთმობა დიზელის საწვავ სისტემებს, ძალურ გადაცემას, სამაცივრო აგრეგატებს, ვულკანიზაციასა და სამღებრო-სათუნუქე სერვისებს. ამ სივრცეში განთავსებულია სამღებრო-სათუნუქე უბანი, რომლის ანალოგიც რეგიონის არცერთ ქვეყანას არ აქვს. 22-მეტრიან სამღებროში ყველაზე დიდი გაბარიტების ავტომანქანის შეღებვა ერთიანად არის შესაძლებელი. აგრეთვე, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ავტომობილის ჩარჩო და ძალური კონსტრუქცია ქარხნული პარამეტრების შესაბამისად აღადგინოს, ფრანგული წამყვანი ბრენდის CELETTE-ს უახლესი, ე.წ. რობოტის, კომპლექტის საშუალებით. პარალელურად, უკვე სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრე სისტემების სერვისი Thermo King, სადაც სამუშაოებს გადამზადებული და გამოცდილი მექანიკოსები ასრულებენ.

თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, „თეგეტასთვის“ უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი კომპონენტი და შრომის უსაფრთხოება. ყველა სამუშაო სივრცე აღჭურვილია იტალიური წარმოების ამწეებითა და გერმანული Balzer-ის სერვისის ორმოებით. სწორედ აქ დაინერგა რეგიონისთვის უნიკალური სერვისი, რომელიც სახიფათო ნარჩენებისგან დასვრილი აგრეგატების უსაფრთხო რეცხვას გულისხმობს სპეციალური ხსნარებით.

გეზის ფილიალში დანერგილი ბიზნესპროცესები სრულად მომხმარებელზეა მორგებული. სატრანსპორტო საშუალების მფლობელს პერსონალური სერვისის მრჩეველი ემსახურება, რომელიც ყველა საჭირო საკითხს მართავს, განაცხადის გახსნიდან ანგარიშსწორებამდე. მეტი კომფორტისათვის სერვისის მისაღებად წინასწარ ჩაწერაცაა შესაძლებელი როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო ზარით. ფილიალის ტერიტორიაზე მოქმედებს „თეგეტა ლაუნჯი“ და „საირმე ბეიქერის“ კომფორტული სივრცე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის პარლამენტმა სერჰი კორეცკი პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად აირჩია

უკრაინის პარლამენტმა სერჰი კორეცკი პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად აირჩია

BM.GE

საქართველოში ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა|FAO

საქართველოში ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა|FAO

BM.GE

ალიევის შემდეგ ელექტროენერგიის მოწოდების და ტრანზიტის შესახებ დადგენილება კობახიძემაც გამოსცა

ალიევის შემდეგ ელექტროენერგიის მოწოდების და ტრანზიტის შესახებ დადგენილება კობახიძემაც გამოსცა

BM.GE

სომხეთმა აშშ-სთან ხელმოწერილი TRIPP-ის შეთანხმების რატიფიცირება დაიწყო

სომხეთმა აშშ-სთან ხელმოწერილი TRIPP-ის შეთანხმების რატიფიცირება დაიწყო

BM.GE