
ციფრული ლარი ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს - დავით კიკვიძე
ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით კიკვიძე მიიჩნევს, რომ ციფრული ლარის შემოღება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს „თბილისის ფინანსური სამიტზე" განუცხადა.
ციფრული ლარის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვება უახლოეს წლებში არ იგეგმება.
დავით კიკვიძე მიიჩნევს, რომ ციფრული ლარი სებ-ს ინფლაციის კონტროლში დაეხმარება და ამასთან, მეტ მოქნილობას შესძენს ეკონომიკას.
"ციფრული ვალუტა არაერთი წელია პილოტირების და დამუშავების ეტაპზეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ წამყვან ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოში უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით.
ზოგადად, ციფრული ლარის განვითარებას შესაძლოა გაცილებით მეტი ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე რისკები. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის ახალი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად გაატაროს მონეტარული პოლიტიკა. ვიცით, რომ მონეტარული პოლიტიკის გატარების და ინსტრუმენტების გამოყენების ეკონომიკაზე ასახვას სჭირდება გარკვეული პერიოდი და ვფიქრობ, რომ ციფრული ლარის შემოღებამ ეს ეფექტი შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს და ვადები შეამციროს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის კონტროლის მიმართულებით. გარდა ამისა, ციფრული ლარის ერთ-ერთი უპირატესობა იქნება მის მოქნილობაში. შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებული საფინანსო სქემები უკვე მოძველებულია და ისეთ ეფექტს ვეღარ იძლევა, მომხმარებლის კმაყოფილებას ვეღარ ეწევა. ციფრულ ლარს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს მოქნილობა შესძინოს ჩვენს ეკონომიკას, ფულის მოძრაობა და ფულთან ხელმისაწვდომობა გაამარტივოს, რაც ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - ამბობს დავით კიკვიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge