
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი გენეტიკური მუტაციისა და სამედიცინო კრიტერიუმების მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.
უწყების ცნობით, „ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა მკურნალობის ახალ შესაძლებლობას ქმნის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების დიაგნოზი აქვთ. მედიკამენტი უშუალოდ დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე მოქმედებს, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ამცირებს დაავადების გამწვავებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს.
პრეპარატის მიღებამდე პაციენტებმა საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს. ამ ეტაპზე ფასდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზადყოფნა, რათა თერაპია უსაფრთხოდ დაიწყოს და შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობა დაიგეგმოს.
მედიკამენტი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს შეესაბამება.
საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.
ცისტური ფიბროზი ძირითადად ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. დაავადებას ხშირად ახლავს სასუნთქი გზების განმეორებითი ინფექციები და დროთა განმავლობაში ფილტვების ფუნქციის გაუარესება. ჯანდაცვის სამინისტრო თანამედროვე მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად სახელმწიფო პროგრამას ეტაპობრივად აფართოებს. 2025 წელს პროგრამას დაემატა საინჰალაციო პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები და სხვა მედიკამენტები, ასევე გაიზარდა სტაციონარული მომსახურების დაფინანსება. მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს დაახლოებით ერთი თვის წინ მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 2 თვის წინ გამოაცხადა, რომ ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ გააფორმა.
BM.GE
წყარო: bm.ge