
"წლის დაღვრით მიყენებული თეორიული ზარალი ₾100 მილიონზე მეტია" - რატომ შეზღუდეს ელექტროსადგურები| ინტერვიუ
ენერგეტიკოს დავით მირცხულავას გათვლებით, დღესდღეობით, საქართველოს ელექტროსადგურებს, დაახლოებით, 700-800 მეგავატის გამომუშავებისთვის საჭირო წყლის დაღვრა უწევთ, რაც თანხობრივად 100 მილიონ ლარამდეა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში არსებული ახალი გამოწვევა იყო - კერძოდ, როგორ უნდა იმართოს სეზონურად ჭარბი განახლებადი ენერგიები.
"მე რომ მკითხოთ, ქართულ ენერგეტიკაში ასეთი რთული ეტაპი არასდროს არ ყოფილა... საჭიროა, არასტანდარტული და სწრაფი გადაწყვეტილებების ერთობლიობა", - ამბობს ენერგეტიკოსი. მისივე შეფასებით, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა სტრუქტურული კრიზისის წინაშეა. “გენერაციის შეზღუდვები გადაიქცა ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად”, - აღნიშნა მან და დეტალურად განმარტა, რატომ ვერ გადაჭრის კრიზისს მხოლოდ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა, რა ნაბიჯებია გადასადგმელი დღესვე, რათა არ დაიკარგოს ინვესტიციები, არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა და არ გაუარესდეს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება.
საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ელექტროსადგურების - როგორც ჰიდრო, ისე ქარის და მზის სადგურების - მუშაობა შეზღუდა. ამის შესახებ მედიისთვის საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ენერგეტიკული მიმოხილვიდან გახდა ცნობილი. რას ნიშნავს გენერაციის შეზღუდვა? - ჰიდროელექტროსადგურებს წყლის უბრალოდ დაღვრა მოუწიათ. ელექტროსისტემამ მათი მუშაობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად შეაჩერა ან შეზღუდა. Galt & Taggart-ის შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ჰიდროლოგიურპირობებთან ერთად, რატომაც ადგილობრივმა გენერაციამ წლიურად 9.5%-ით იკლო, 1.2 მილიარდამდე.
საინვესტიციო ბანკი შეზღუდვებს ივნის-ივლისშიც პროგნოზირებს, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით, რაც ორ ფაქტორს უკავშირდება. პირველი, ივნისსა და ივლისში მაისთან შედარებით ენერგიის ნაკლები სიჭარბეა და მეორე, ესკომ თურქეთთან ბარტერული შეთანხმება გააფორმა. ამ გარიგებით მაის-ივნისში ჭარბი ელექტროენერგია საქართველოდან თურქეთში გავა ექსპორტზე, ხოლო სექტემბერ-ნოემბერში უკან დაგვიბრუნდება იმპორტის სახით. ბარტერის ფარგლებში ექსპორტირებულ ენერგიას ესკო იმ სადგურებისგან კილოვატ საათზე დაახლოებით 4 თეთრად შეისყიდის, რომელთაც სხვა შემთხვევაში მუშაობის შეჩერება მოუწევდათ.
ინტერვიუ ენერგეტიკოს დავით მირცხულავასთან
- ბატონო დავით, ვიდრე საქართველოს ენერგეტიკაში არსებულ სტრუქტურულ კრიზისსა და გამოსავალზე ვისაუბრებდეთ, რიგითი მოქალაქისთვის ავხსნათ დღევანდელი პარადოქსი - ერთი მხრივ, მთავრობა და ინვესტორები ახალი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობენ. მეორე მხრივ, მაისში ჭარბი დენის გამო ელექტროსისტემამ სადგურების მუშაობა შეზღუდა… როცა პროდუქტიჭარბია, წესით უნდა იაფდებოდეს, თუმცა აპრილიდან მოსახლეობასა და ბიზნესს ტარიფი 5-6 თეთრით გაუძვირდა. როგორ უნდა გაიგოს ეს მომხმარებელმა?
- შევეცდები ავხსნა. ეს ნამდვილად სტრუქტურული პრობლემაა. ჩვენი ჯამური დადგმული სიმძლავრე 4 700 მეგავატამდეა, ხოლო გაჩერებული თბოსადგურების გარეშე - 3 600 მეგავატი. თუ სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდს გადახედავთ, დღევანდელი მოხმარება სულ რაღაც 1 600 მეგავატია. გამოდის, რომ თითქმის ნახევარი სიმძლავრე შეზღუდვაშია. განახლებადი ენერგიის სეზონური სიჭარბე მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის. ქვეყნები, რომლებიც განახლებად ენერგიებს ინტენსიურად ავითარებენ (მაგალითად ესპანეთი, გერმანია, ჩილე, ბრაზილია), ყველანი ამ გამოწვევის წინაშე დგანან. შარშან, ზაფხულის პიკზე, საქართველოს მოხმარება 2 500 მეგავატამდე ავიდა, თუმცა დღეს რეალურად დიდი სიჭარბე გვაქვს…
- მიუხედავად ენერგიის სიჭარბისა, გენერაციის ახალი ობიექტები მაინც გვჭირდება? - იკითხავს მოქალაქე.
- რა თქმა უნდა, გვჭირდება. სეზონური სიჭარბე საქართველოს ენერგოსისტემაში ყოველთვის იყო – აპრილიდან აგვისტომდე, როცა მდინარეებზე წყალდიდობა იწყება.
- თუმცა აქამდე ჭარბი ელექტროენერგია ყოველთვის ექსპორტზე გაგვქონდა და წყლის დაღვრა და ელექტროსადგურებისთვის მუშაობის შეზღუდვა საჭირო არ იყო…
- დიახ, 90-იანი წლების ბოლოდან ჭარბი ენერგია ყოველთვის გადიოდა ექსპორტზე. წელს კი პარადოქსულ სიტუაციაში აღმოვჩნდით – ენერგია ვერცერთ მეზობელ ქვეყანაში ვერ გავიტანეთ. თურქეთში ფასები კატასტროფულად დაეცა (მაისში 1.8 ცენტი იყო). ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო, რადგან დღეს თურქეთს მარტო მზის სადგურებიდან 26 600 მეგავატი სიმძლავრე აქვს, რაც მათ მოხმარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილია. ამ პირობებში, ჩვენთან უფრო სწრაფად უნდა მოგვეძებნა გამოსავალი, რომ თუნდაც დაბალ ფასად გაგვეტანა დენი – წყლის დაღვრას ყველაფერი სჯობს. მაის-ივნისში წლის დაღვრებით მიყენებული თეორიული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია. 1.5 ცენტადაც რომ გაგვეტანა ექსპორტზე დენი, ესეც კი სჯობდა ამდენი წყლის უბრალოდ დაკარგვას.
- საინტერესოა, სექტორიდან თუ იყო მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს შეემცირებინა გადაცემის ტარიფები და ასევე, ვერ მოხერხდა მეზობელ ქვეყნებში თუნდაც დაბალ ფასად ელექტროენერგიის ექსპორტი?
- არა… ბარტერი ჯერჯერობით არ განხორციელებულა და ეჭვიც მეპარება მოხდეს – თურქეთში იმდენად დაბალი ფასებია, რომ ამ გარიგების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ღმერთმა ქნას, გამოვიდეს, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. რაც შეეხება დიდ ჰესებსა და იმ სიმწვავეს, რომელიც მოსახლეობასთან მიმართებით ახსენეთ: მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ისაა, რომ ჩვენ ენერგიას ვერ ვასაწყობებთ და ვერ ვინახავთ. არადა, წლებია ვამბობთ, რომ ხუდონის, ნამახვანისა და ნენსკრას წყალსაცავები მინიმუმამდე დაიყვანდა იმ პრობლემას, რაზედაც დღეს ვსაუბრობთ, რადგან ეს ენერგია უბრალოდ დაგროვდებოდა.
- ანუ, წყალს კი არ დავღვრიდით, შევინახავდით და მაშინ გამოვამუშავებინებდით ჰესებს ელექტროენერგიას, როცა დაგვჭირდებოდა?
- ზუსტად. წყალსაცავი მთელი ზაფხული აგროვებს წყალს, რათა ზამთარში არ გვქონდეს იმპორტის ან ძვირად ღირებული პიკური ენერგიის შემოტანის საჭიროება. შევინახავდით წყალს და ოპტიმალურად გადავანაწილებდით. სამწუხაროდ, დღეს გამოჩნდა ის სტრატეგიული შეცდომა, რასაც ქვეყანა უკვე 40 წელია უშვებს: ჟინვალის ჰესის შემდეგ, ჩვენ წყალსაცავიანი ჰესი აღარ აგვიშენებია. გახსოვთ, რა პერიპეტიები ახლდა ნამახვანს, ნენსკრასა და ხუდონს. ჩვენ დავკარგეთ ენერგიის შენახვის საშუალება. გადამცემი ხაზები გვაქვს: აზერბაიჯანთან 2 000 მეგავატამდე გაცვლა შეგვიძლია, თურქეთთან – 700 მეგავატი. ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში სახელმწიფოს უნდა შეეძლოს მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისას გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფების შემცირებაზე ან საერთოდ განულებაზე. დღეს გენერაციას საზღვრამდე ენერგიის მიყვანა 1.7 ცენტი უჯდება. თუ თურქეთში ფასი1.8 ცენტია, ექსპორტი, ბუნებრივია, ვეღარ განხორციელდება.
- უფრო გასაგები რომ იყოს - თქვენი ინფორმაციით, თუნდაც დაბალ ფასად დენის ექსპორტისთვის რატომ ვერ მოხერხდა გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფების შემცირება?
- იყო ინფორმაცია, რომ გაცილებით უკეთესი წინადადებები ჰქონდათ და მუდმივად იყო მოლოდინი, რომ ენერგიას უფრო მომგებიან ფასად გაიტანდნენ, თუმცა ფაქტია ეს არ გამოდგა სწორი ინფორმაცია და ვერ გავიტანეთ. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს საინვესტიციო ბანკები თავიანთ პროგნოზებსა და მოდელებში უკვე ამ შეზღუდვებით გამოწვეულ დანაკარგებს ითვლიან. ენერგიის ექსპორტისთვის იყომცდელობები - ვიზიტები განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანშიც, თუმცა ვერ მოხერხდა. გამოსავალი ის არის, რომ ამ პერიოდში გენერაციის ობიექტები მაქსიმალურად გავათავისუფლოთ მსგავსი გადასახადებისგან . ეს ევროპულ გამოცდილებას და მათ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის კანონმდებლობასაც არ ეწინააღმდეგება.
- ამ გადაწყვეტილების მიღება ხომ სახელმწიფოს შეუძლია?
- რა თქმა უნდა. ეს მთელი სისტემის ამოცანაა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ნებისმიერ კერძო ტრეიდერს ენერგიის გატანაში. ტრეიდერები გაცილებით მობილურები არიან, ვიდრე სახელმწიფოსტრუქტურები. მცდარია მიდგომა, თითქოს მხოლოდ სახელმწიფომ უნდა ივაჭროს…
- ახლა რა უშლით ხელს ტრეიდერებს, რომ ივაჭრონ?
- საზღვარზე მიტანილი ფასი გამოდის მინიმუმ 3.2 ცენტი (დაახლოებით 1.7 ცენტია გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ასე შემდეგ გადასახადები). 1.6 ან 1.5 ცენტზე მეტად ჩვენი მეზობლებიდან ამ ენერგიას დღეს არავინ იყიდის.
- ელექტროსისტემამ თურქეთთან ბარტერული მოდელი (4,2 თეთრად) რომ მოიფიქრა, ეს რამდენად მომგებიანი და სწორია ქართული ენერგეტიკისთვის?
- წყლის უბრალოდ დაღვრას, რა თქმა უნდა, ბარტერი სჯობს – ზაფხულში გაგვაქვს და ზამთარში, როცა ტარიფი ძვირია, უკან შემოგვაქვს. მაგრამ ჩვენ დღეს 700-800 მეგავატს ვღვრით, ამიტომ უფრო მასშტაბური და სწრაფი მოქმედებაა საჭირო. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა. ჩვენი ენერგეტიკა,მისი გენერაციის უდიდესი ნაწილი (ენგურჰესი, ვარდნილ ჰესი, კომბინირიებული ახალი თბოსადგურების გარდა ყველა პრივატიზებულია და დიდწილად კერძო ბიზნესზე დგას ეს დარგი, ამიტომ ახლა სწორედ ახალი შესაძლებლობების პოვნის დროა.
- კრიზისი, როგორც შესაძლებლობა?
- დიახ, არასტანდარტული და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების დროა და ესაა საჭირო.
- დღეს რომ ენერგეტიკულ პოლიტიკას განსაზღვრავდეთ, რას გააკეთებდით სწრაფად და არასტანდარტულად?
- ჩამოგითვლით: 1. სტრატეგიული პროექტების დაწყება: ხუდონი, ნამახვანი და ნენსკრა აუცილებლად უნდა აშენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ენერგეტიკული განვითარება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. დღეს მარტო ჰიდროზე ვართ დამოკიდებული, ქარზეც კი 80%-მდე შეზღუდვები გვაქვს. თუმცა, 1.5-2 წელიწადში 600 მეგავატამდე ქარის სიმძლავრე გვექნება, რაც ზამთარში იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს. 2. ჰიდროაკუმულაციური სადგური: აუცილებელია ენგურის ჰიდროაკუმულაციური პროექტის განხორციელება, რაც სისტემის მართვისა და სტაბილურობის საშუალებას მოგვცემს. 3. მოთხოვნის სეზონური გადანაწილება: წყალდიდობის პერიოდში ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ხელოვნურად უნდა გავზარდოთ. მაგალითად, უნდა შევქმნათ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო დიდი მონაცემთა ცენტრებისთვის (Data Centers) . 4. ოპერატიული რეაგირება მოთხოვნაზე: მსხვილ საწარმოებს ჭარბი ენერგიის პერიოდში შეღავათიანი ტარიფები უნდაშევთავაზოთ.5.შემნახველი ბატარეების სისტემების დანერგვა და ამის ხელშეწყობა. 6. მწვანე წყალბადი/ამიაკის წარმოებისათვის სიჭარბის, (შეზღუდვების) პერიოდის გამოყენება. ელექტრომობილების პარკის გაზრდის მეტი ხელშეწყობა.
- ბოლო პუნქტი რომ დავაზუსტოთ – გულისხმობთ, რომ მსხვილ საწარმოებს, მაგალითად ფეროშენადნობების მიმართულებით, ჭარბი დენის დროს დაბალი ტარიფი მივცეთ?
- დიახ. ელექტროსისტემამ გამართა კიდეც შეხვედრა ბიზნესთან და სთხოვა, დამატებითი სიმძლავრეები აეთვისებინათ მაქსიმალურად დაბალ ფასად, ოღონდ ენერგია არ დაკარგულიყო. მერწმუნეთ ეს დისპეჩერისთვის ტრაგედიაა, როცა იძულებულია სადგურს მუშაობა შეუზღუდოს და წყალი დააღვრევინოს.
- მოხერხდა რამე?
- ვერა, რადგან ეს საწარმოები ინერციულია. ასეთი შეთავაზება ერთი წლით ადრე უნდა მომზადდეს. მე სწორედ მომავალი წლის მაის-ივნისისთვის მზადებაზე ვსაუბრობ, რომ შესაძლოა სიჭარბის პერიოდისათვის მათი მოთხოვნა გაიზარდოს. თურქეთის ბაზრის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს დაბალი ფასების გამო.
- 2027 წლამდე გადავადებული ენერგეტიკული ბირჟის როლს როგორ ხედავთ ჭარბი გენერაციის მართვაში?
- საკამათო თემაა. ამ ეტაპზე ბირჟის ამუშავებამ შეიძლება სექტორს ხელშესახები წარმატება ვერ მოუტანოს. ბევრ ქვეყანაში ეს მოქალაქეებისთვისაც პრობლემა გახდა… თუ ჩვენ მოვახერხებთ ტრანსსასაზღვრო ტარიფების (გადაცემა, დისპეტჩერიზაცია) და ასე შემდეგ განულებას ამ ფორსმაჟორულ პერიოდში, გენერატორები შეძლებენ 1.5 - 1.7 ცენტად ენერგიის გატანას მეზობელ ქვეყნებში. ეს არის ერთ-ერთი სწრაფი და რეალური გამოსავალი მომავალი წლისთვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად უფრო სწორედ კონკრეტულად უფრო შესამსუბუქებლად, რომ პირველი სწრაფი ნაბიჯი გადაიდგას.
- ახალი გამოწვევების ფონზე, როგორ შეიძლება დაზიანდეს ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა, რომელსაც სუსტი წერტილები ისედაც არ აკლდა?
- მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესანარჩუნებლად ექსპორტის ხელშეწყობა სასიცოცხლოა. ასევე უნდა მოხდეს არსებული წყალსაცავიანი ჰესების (ენგური ,ჟინვალი, ხრამი) გამომუშავების, შევსების ოპტიმიზაცია. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, მოქმედებს ბიზნესის კომპენსაციის მექანიზმები შეზღუდვების დროს ასეთი მექანიზმი სხვა ქვეყანაშიც გვხვდება. ჩვენ ენერგეტიკაში არ გვაქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც, ვთქვათ, პროგრამა „აწარმოე საქართველოშია“, ჩემთვის მაგალითად ცნობილია, რომ აპირებენ მხარდაჭერას ჰიდროსადგურების ტარიფების გაზრდას, რაც ძალიან კარგი ნაბიჯია საინვესტიციო კლიმატისთვის.
- კომპენსაციის გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც ალბათ მძიმე ტვირთი იქნება…
- გეთანხმებით. წელს გენერაციის ზარალმა შეიძლება 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. მაისის ბოლოს იყო დღეები, როცა დღეში 38 მილიონ კილოვატ საათამდე ენერგია იღვრებოდა, რაც კოლოსალურიციფრია. შეზღუდვის ყველაზე მძიმე შედეგი დაკარგული კილოვატსაათები კი არ არის მხოლოდ, არამედ საინვესტიციო გარემოს დაზიანება: როცა ინვესტორი ხედავს, რომ აშენებული სადგურის გამომუშავებას სისტემამ შესაძლოა ვერ მიიღოს, იზრდება პროექტის რისკი, ძვირდება დაფინანსება, სუსტდება საბანკო მხარდაჭერა. მოკლედ ძალიან რთული გარემო დგება ინვესტიციებისათვის, ამიტომ ვსაუბრობ სწრაფ გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე.
- რამდენად გააზრებული აქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ენერგეტიკაში სტრუქტურული კრიზისის სიმწვავე? ხედავთ რეალურ მზაობას სწრაფი და არასტანდარტული გადაწყვეტილებებისთვის?
- ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩემი აზრით, ქართულ ენერგეტიკაში ასეთი რთული ეტაპი გადაწყვეტილებების ტექნიკური, ეკონომიკური სირთულეების, სიმძიმით არასდროს ყოფილა. წარსულში, დიდ კრიზისებს, დროს, გამოსავალი უფრო ნათელი იყო, უბრალოდ სახსრები არ გვქონდა. დღეს საშუალებები არის, მაგრამ გადაწყვეტილებებია მისაღები ძალიან სწრაფად… სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ამ თემაზე მსჯელობა იანვრიდან დავიწყეთ. გაიმართა შეხვედრები მსხვილ მომხმარებლებთან. ბიზნესმა გამოთქვა მზაობა, რომ თუ დღესვე დაიწყება მუშაობა, მომავალ წელს შესაბამის პერიოდში მოხმარება 10-20%-ით გაზარდონ მოხმარება შეზღუდვების სეზონისათვის. მონაცემთა ცენტრები და წყალბადის, ამიაკის წარმოება და ასე შემდეგ ამაზე ზემოთ ვისაუბრე რეალურად ენერგეტიკის თემაა და ქვეყანა ამ კუთხით საინვესტიციოდ მიმზიდველად უნდა შევფუთოთ.
- მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის და ანალიზისთვის. ვეცდებით, კითხვები ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამის ენერგეტიკულ უწყებებსაც დავუსვათ.
BM.GE
წყარო: bm.ge