
წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია
წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც მღვდელმთავრებს საპატრიარქო ტახტის კანდიდატები უნდა გამოერჩიათ, დასრულდა. ცნობილია იმ სამი მღვდელმთავრის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთს გაფართოებული კრება საქართველოს ახალ პატრიარქად აირჩევს.
სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან:
• მეუფე შიო (მუჯირი) — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე; • მეუფე იობი (აქიაშვილი) — მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი; • მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
წმინდა სინოდის შემადგენლობაში ამჟამად 39 მღვდელმთავარია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა 38-მა მათგანმა მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).
სამი კანდიდატის გამოვლენის შემდეგ, პროცესი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე გადაინაცვლებს. სწორედ ეს კრება აირჩევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქს. არსებული წესით, გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს ეკლესიას 47 წლის განმავლობაში მართავდა.