
წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა და გზის შეკეთება იგეგმება - ბიუჯეტი ₾2.1 მლნ-ია
წყნეთში, დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე მიმდინარე ორი ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.1 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობა აღნიშნულ მისამართზე ერთდროულად ორ პროექტს ახორციელებს. ამილახვრის ქუჩის N23-ში, დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე, კომბინირებული დასასვენებელი სივრცე ეწყობა, ხოლო ამავე ქუჩაზე მიმდინარეობს ერთკილომეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. მანამდე კი მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განაახლა. პარალელურად დაიწყო არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც.
„წყნეთში ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ერთია ამილახვრის ქუჩის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებით და მეორე - არსებულ ქუჩაზე მდებარე სივრცე, სადაც მოეწყობა ძალიან ლამაზი სკვერი. ტერიტორიის ფართობი, დაახლოებით, ერთი ჰექტარია. სამუშაოების ფარგლებში, განახლდება არსებული სპორტული მოედანი, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება საპარკო ინფრასტრუქტურა და საბავშვო ატრაქციონები. რამდენიმე წლის წინ აქვე გავხსენით მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სივრცეც, რომელიც სრულად მოწესრიგდება, ძალიან ლამაზი გამოვა და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დასვენებისა და გართობისთვის. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლია და ამ ტერიტორიის მოწესრიგება, გალამაზება და განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივნისში, სკვერის რეაბილიტაცია კი სექტემბერში დასრულდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სკვერში მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონები, ასევე ორი ფიტნეს სივრცე ტრენაჟორებითა და მაგიდის ჩოგბურთის ინფრასტრუქტურით. ტერიტორიაზე განთავსდება მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსები, სასმელი წყლის შადრევანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, საქანელა სკამები და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. გარდა ამისა, მოეწყობა სავალი ბილიკები და განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.