
"თუ ჩვენ დავმარცხდით, ევროპაში 20 მილიონი უკრაინელი გაიქცევა" - ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროპელი ლიდერები მოსალოდნელი კრიზისის შესახებ გააფრთხილა.
უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ფრონტზე არსებული რისკები გააცნო და განუცხადა, რომ ქვეყანას დამარცხების უფლება არ აქვს, რადგან ამ შემთხვევაში ევროპაში 20 მილიონი უკრაინელი გაიქცევა. პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი უკრაინელებს საკუთარი ქვეყნიდან აძევებს და ომის შეჩერებას არ აპირებს.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი მიზნად ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს შეატყობინა, რომ ქვეყანას დამატებით €70 მილიარდი ევრო სჭირდება.
მისი თქმით, რუსული დაბომბვების ფონზე უკრაინა რიგით მეხუთე ურთულეს ზამთარს ელოდება, მხარდაჭერის გარეშე კი ფინანსური კრიზისი, ფაქტობრივად, გარდაუვალი იქნება.
ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საწყის ეტაპზე საკუთარი სახლი მილიონობით ადამიანმა დატოვა. ეს ფაქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ლტოლვილთა კრიზისად უკვე შეფასდა. Eurostat-ის მონაცემებით, დღეს ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსით 4 მილიონზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს. მათი უდიდესი ნაწილი კი გერმანიას, პოლონეთსა და ჩეხეთს აფარებს თავს.
BM.GE
წყარო: bm.ge