
თუ დროულად დავახვედრებთ კარგ პროდუქტს, შესაძლებელია, ინვესტორები საქართველოში გადმოპორტირდნენ - ლევან დიასამიძე
ბოლო პერიოდში, უძრავი ქონების ბაზარზე გამოკვეთილია ახლო აღმოსავლეთისა და ისრაელის მხრიდან დაინტერესების ზრდა - ამის შესახებ BMG-სთან „იბერკომპანის“ დირექტორი ლევან დიასამიძე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველო ხდება მიმზიდველი ალტერნატივა ისეთი ტრადიციული ბაზრისთვისაც კი, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები ისე მიმზიდველად ვეღარ გამოიყურება ინვესტორისთვის. შესაბამისად, თუ ჩვენ დროულად დავახვედრებთ კარგ პროდუქტს, კონკურენტუნარიან პროდუქტს, შესაძლებელია ეს ინვესტორები გადმოპორტირდნენ საქართველოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - "მომენტუმი", რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან“, - ამბობს ლევან დიასამიძე BMG-სთან.
მისივე თქმით, ყველაზე აქტიური საინვესტიციო ჯგუფები ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთიდან არიან, ხოლო დსთ-ს ქვეყნებიდან - ასევე სტაბილური ინტერესია.
„მნიშვნელოვან ზრდას რუსეთიდან და ისრაელიდან პრინციპში, აღარ ველოდებით, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი წილია ისრაელიდან. რუსეთიდან მოთხოვნა კი, მთლიანი გაყიდვების ალბათ, 2-დან 4%-მდე მერყეობს, არ არის ძალიან დიდი წილი, თუმცა, აქაც არ ველოდებით მნიშვნელოვან ზრდას“, - ამბობს ლევან დიასამიძე.
რაც შეეხება ფასების მატების დინამიკას, ეს მისივე შეფასებით, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია. მათ შორისაა სამშენებლო მასალების გაძვირება და გაზრდილი თვითღირებულება, ეკონომიკური ზრდა და მსყიდველუნარიანობა, ასევე, საბანკო სესხების ხელმისაწვდომობა, რადგან ბანკები აქტიურად განაგრძობენ იპოთეკური სესხების გაცემას.
ლევან დიასამიძის პროგნოზით, წლის ბოლომდე ფასების რადიკალური მატება მოსალოდნელი არ არის - ბაზარი 1-3%-იან სტაბილურ ზრდას შეინარჩუნებს.
ამასთან, „იბერკომპანის“ დირექტორი ამბობს, რომ კომპანია გაფართოების აქტიურ ფაზაშია და ორ მსხვილ პროექტზე მუშაობს. მათ შორისაა Coral Batumi - პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში და ვარკეთილის მასშტაბური პროექტი, რომლის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება.
ცნობისთვის, „გალტ & თაგარტის“ ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ივლისში თბილისში სულ 4,475 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.5%-იანი ზრდაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორადი ბაზრის გამოცოცხლება - აქ გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია. პირველად ბაზარზე (თეთრი კარკასი) კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1,426 დოლარს მიაღწია. წლის დასაწყისში არსებული პაუზის შემდეგ, ივნისსა და ივლისში სამშენებლო ნებართვების გაცემა მკვეთრად დაჩქარდა. მხოლოდ ივლისში 183 ათასი კვ.მ. საცხოვრებელი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა.
BM.GE
წყარო: bm.ge