
"ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზი
საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებული აღმოჩნდა და წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, სასტუმროების სექტორში შემოსავლები გასული წლის იდენტურ ნიშნულზეა.
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე შალვა ალავერდაშვილმა, რომელიც ამჟამად თბილისსა და რეგიონებში 9 სასტუმროს მართავს, BMGTGV-ს გადაცემა “წერტილში” ისაუბრა.
ჰოტელიერი განმარტავს, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტმა ტურისტული ნაკადების შემოსვლა დროებით კი შეაფერხა, თუმცა სექტორმა დანაკლისის შევსება შეძლო.
“ამ ეტაპზე დადებითი ტენდენციაა სასტუმროების სფეროში და ზაფხულის სეზონი წარმატებული იყო; უფრო კარგი შედეგები გვექნებოდა, რომ არა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და ომი, რამაც ტურისტების შემოდინება ორი თვით გააჩერა... ამ ეტაპზე, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩამორჩენა ამოვავსეთ. იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, ვართ ზუსტად იქ, სადაც ვიყავით შარშან, შემოსავლების კუთხით. ეს კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, მინიმუმ 7-8%-იანი მატება იქნებოდა სასტუმროების მიმართულებით”, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ბანკ “გალტ ენდ თაგარტის” უახლესი მიმოხილვის თანახმად, ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 590 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 7.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა 7 თვეში ტურიზმის შემოსავლები წლიურად არ გაზრდილა და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ტოლია.
ამასთან, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობამ პირდაპირი დარტყმა მიაყენა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან (გალფის რეგიონი) ვიზიტორების რაოდენობას, თუმცა სხვა ბაზრებმა ეს კლება დააბალანსა.
„გალფის ქვეყნების, ფაქტობრივად, ჩამოშორების გამო, ჩემი გადასახედიდან, ამ რეგიონიდან სტუმრების რაოდენობა დაახლოებით 60%-ით შემცირდა, თუმცა აშკარა მატებაა რუსეთიდან - პირდაპირ და მოურიდებლად ვიტყვი, რომ რუსეთიდან ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადი შემოდის. ასევე ზრდა გვაქვს ევროპული ქვეყნებიდანაც, რაც ძალიან დადებითი ტენდენციაა”, - თქვა შალვა ალავერდაშვილმა.
რაც შეეხება ისრაელის ბაზარს, ჰოტელიერის თქმით, ისრაელელი ტურისტების ნაკადი საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე სწრაფად აღდგა:
„როგორც კი ისრაელში საომარი მოქმედებები დასრულდა, ამ ქვეყნიდან ტურისტების ნაკადი კვლავ გააქტიურდა. აგვისტოს მონაცემები რომ დაითვლება, უარყოფითი სხვაობა სრულად განულდება, რადგან არსებული ჩამორჩენა მთლიანად შევავსეთ. ისრაელში საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე ტურიზმი მყისიერად აღდგება ხოლმე - ეს ბაზარი მსგავს სიტუაციებს შეჩვეულია, რაც ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია”, - განმარტა შალვა ალავერდაშვილმა.
“წერტილთან” ინტერვიუში 9 სასტუმროს ჰოტელიერმა ერთი ტენდენცია გამოყო, რაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია - სასტუმროების დროებით დახურვის გამო, ქართული ტურიზმის სექტორს გამოცდილი კადრების დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.
„ჩემთვის ძალიან გასახარი იყო ის, რომ საქართველოში საკმაოდ გამოცდილი კადრები დაბრუნდნენ. პირადად მეც დავიბრუნე რამდენიმე ისეთი პროფესიონალი, რომელთა ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. ესენი არიან ქართველები, რომლებიც დუბაიში მუშაობდნენ და დიდი გამოცდილება დააგროვეს. იქ სასტუმროების ნაწილის დახურვის შემდეგ ეს ადამიანები საქართველოში დაბრუნდნენ და მაქსიმალურად შევეცადე, თითოეული მათგანი შეგვენარჩუნებინა”, - თქვა შალვა ალავერდაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge