
თუ ეს რისკები არსებობდა, სახელმწიფო საერთოდ არ უნდა შესულიყო ასეთ პროექტში - ოთარ მაჩაიძე "ენკას" პროექტზე
საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში პრობლემის სათავე არა ინვესტორის არაკეთილსინდისიერებაში, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების აღსრულების ნაწილში უნდა ვეძებოთ - ამის შესახებ BMG-სთან იურიდიული კომპანია J&T Consulting-ის პარტნიორი ოთარ მაჩაიძე სუბრობს.
მისი თქმით, შექმნილი ტენდენცია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მძიმე ტვირთად აისახება.
ნამახვანჰესის პროექტის მაგალითზე იურისტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა: უზრუნველეყო ინვესტორის საქმიანობა ობიექტზე და მეორე მხრივ, მოსახლეობასთან ეწარმოებინა სათანადო კომუნიკაცია, აეხსნა პროექტის მნიშვნელობა და გაექარწყლებინა არსებული წუხილები.
„თუ ეს რისკები ობიექტურად არსებობდა, სახელმწიფო საერთოდ არ უნდა შესულიყო ასეთ პროექტში, ხოლო თუ არ არსებობდა - უნდა უზრუნველეყო სათანადო კომუნიკაცია.
გამოვიდა ისე, რომ სახელმწიფომ ისე დადო ეს კონტრაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო მზად ამ პროექტის მისაღებად. შესაბამისად, შევიდა ისეთ პროექტში და აიღო ისეთი რისკი, რომლის განხორციელებაც შემდგომ თავად ვერ უზრუნველყო და სწორედ ეს გახდა არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველიც. „ენკას“ მხრიდან თავდაპირველი მოთხოვნა 350 მილიონი იყო. არბიტრაჟის დასრულების დროს, პროცენტების დარიცხვის შედეგად, $383 მილიონზე იყო თანხა ასული და ახლა, საბოლოო ციფრი ჯერ ცნობილი არ არის. მოლოდინია, რომ ეს თანხა 400 მილიონ დოლარზე მეტი იქნება“ - აცხადებს ოთარ მაჩაიძე BMG-სთან.
მისივე თქმით, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან საარბიტრაჟო დავების წამოწყება და მათში სახელმწიფოს დამარცხება უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე.
„საბოლოო ჯამში, ვიხდით სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პარიზის სასამართლოს მიერ სწორედ ამიტომ იქნა შეჩერებული დროებით ამ გადაწყვეტილების აღსრულება - იმდენად მოცულობითი იყო ეს თანხა, რომ შეიძლება, ბიუჯეტისთვის გარკვეული საფრთხე შეექმნა.
ახლა, მე გამიჭირდება კონკრეტული პირების პოლიტიკურ ან სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი, თუმცა, ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულია სახელმწიფოს სახელით და სახელმწიფოს შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელშეკრულების დადების მომენტში შეიძლება, სხვა იყო პასუხისმგებელი პირი, ხელშეკრულების შეწყვეტის დროს - სხვა. თუმცა ეს, ცხადია, ვერავისთვის ვერ გახდება პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი“ - აცხადებს ოთარ მაჩაიძე.
მისივე თქმით, ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ „ენკამ“ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება არა საქართველოში, არამედ საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოითხოვა. კომპანიამ მიუთითა, რომ საქართველოში პროექტის მიმართ არსებობდა მტრული გარემო, რის გამოც ადგილობრივი სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა გამოხატა.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს წინააღმდეგ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში. საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე აშშ-ს სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს.
საქართველოს ხელისუფლება აქამდე ამ კომპენსაციის გადახდის შეჩერებას ცდილობდა საფრანგეთის იურისდიქციაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ განიხილა და ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს 383-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამასთან, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი (SOFR+4%)-ის ოდენობით, რაც კომპენსაციის ძირს ერიცხება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე, ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება. საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო. თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული.
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული. ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა. "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge