
ტურიზმის შემოსავლებში ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო EU და დიდი ბრიტანეთია - TBC Capital
"ტურისტული შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო კვლავ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზარი ვიზიტორთა რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, შემოსავლების მხრივ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ვიზიტორების მაღალ დანახარჯებზე მიუთითებს", - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორს ეხება.
2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირის ქვეყნებმა (336 მლნ დოლარი), რუსეთმა (307 მლნ დოლარი) და თურქეთმა (255 მლნ დოლარი) შეიტანეს.
2026 წლის პირველ 6 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 1 932 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
TBC Capital-ის შეფასებით, ტურისტული შემოსავლების შემცირების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ბაზრების შესუსტება იყო. განსაკუთრებით მკვეთრი კლება დაფიქსირდა ირანისა და საუდის არაბეთის მიმართულებებიდან, ხოლო ისრაელიდან შემოსავლები 8%-ით შემცირდა.
ნეგატიური დინამიკა ნაწილობრივ დააბალანსა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ბაზარი, საიდანაც ვიზიტების რაოდენობა 23%-ით, ხოლო შემოსავლები 22%-ით გაიზარდა.
ახლო აღმოსავლეთის ბაზრები ტურისტული შემოსავლის თვალსაზრისით კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე შემცირებული ნაკადების მიუხედავად, ისრაელი ტურისტული შემოსავლების მიხედვით მესამე უმსხვილეს ბაზრად რჩება
BM.GE
წყარო: bm.ge