
"კარგი იქნება წყლის და დენის წყვეტაზე ადრე გვატყობინებდნენ" - როგორ მოქმედებს რუსთაველის რეაბილიტაცია სასტუმროებზე?
"კარგი იქნება, წყლის და დენის წყვეტაზე მაგალითად ერთი კვირით ადრე ვღებულობდეთ ინფორმაციას",- ამის შესახებ ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური მენეჯერი აცხადებს.
ნინო ჩუბინიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას სასტუმროს დატვირთულობაზე უარყოფითად არ უმოქმედია, თუმცა გამოწვევას ქმნის წყლის და ელექტროენერგიის ხანგრძლივი წყვეტები, რაზე რეაგირებისთვისაც საკმარისად ადრე არ იღებენ ინფორმაციას.
"ამ სამუშაოებს ჩვენი დატვირთვისთვის პრობლემა არ შეუქმნია. დატვირთვის მაჩვენებელი არ შეცვლილა, ანუ გაუქმებები არ გვქონია, ახალ ჯავშნებსაც ვღებულობთ, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ გამოსასვლელი რუსთაველზე არა გვაქვს, სასტუმრო გამოდის ჭონქაძის ქუჩაზე.
ერთადერთი უდიდესი პრობლემა რაც არის, მაგალითად წყლის წყვეტა იყო ძალიან დიდხნიანი. ჩვენ კი რეზერვუარი გვაქვს, მაგრამ წარმომიდგენია სხვა სასტუმროებს როგორ უჭირთ ასეთ დროს, იმიტომ რომ 24 საათზე მეტი ჰქონდა წყლის წყვეტა და ჩვენც ძლივს გვეყო რეზერვუარი. პრობლემაა ასევე, დენის წყვეტასთან დაკავშირებით. სამშენებლო კომპანია, თუნდაც მაგალითად ერთი კვირით ადრე მაინც, რომ გვაწვდიდეს ინფორმაციას ამ წყვეტებთან დაკავშირებით კარგი იქნება. ჩვენ მაგალითად არ გვაქვს ეგრეთ წოდებული გენერატორი და თუ ადრე თუ გვეცოდინება, ვიზრუნებდით გენერატორის მოტანაზე",- აღნიშნა სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა.
ნინო ჩუბინიძე ამბობს, რომ დატვირთვის მაჩვენებელი ნორმალურია, ძირითადი ვიზიტორები კი ისრაელიდან და რუსეთიდან არიან: "სასტუმროს წინა წელსაც ფანტასტიკური დატვირთვა ჰქონდა. დატვირთვის მაჩვენებელში შეიძლება ზრდა არ არის, მაგრამ წელს, მაგალითად, ჩვენ ნამდვილად მოვახერხეთ უფრო მაღალი ფასებით სასტუმროს გაყიდვა".
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge