
თურქეთის იაფი ენერგია ქართული ჰიდროელექტროსადგურების საექსპორტო პოტენციალს დარტყმას აყენებს - არჩილ მამათელაშვილი
თურქეთის ბაზარზე იაფი მზის ენერგიის მოზღვავება პირდაპირ დარტყმას აყენებს ქართული ჰიდროელექტროსადგურების საექსპორტო პოტენციალს - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, თუკი ადრე, გაზაფხულზე საქართველო წარმატებით ყიდდა ჭარბ დენს თურქეთში, ახლა ქართულ ჰიდრორესურსს თურქეთის მზის ენერგიასთან კონკურენცია უჭირს.
„თურქეთის ბაზარი ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნება ქართული ჰიდროელექტროსადგურებისთვის, რადგან მზის ენერგია უფრო იაფია. ამას თუ დავამატებთ ტრანსპორტირების ხარჯებსა და დანაკარგებს, ქართული დენის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო მცირდება“, - ამბობს მამათელაშვილი BMG-სთან.
მისივე განმარტებით, თურქეთმა ბოლო პერიოდში ნახტომისებურად გაზარდა განახლებადი ენერგიის წილი. კერძოდ, მზის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 25,000 მეგავატს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 20%-ია.
„როდესაც მზის ელექტროსადგურები შუადღის საათებში ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ჩნდება ჭარბი რესურსი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხელი პერიოდი ჯერ არ არის დაწყებული, მაგრამ დღის ხანგრძლივობა და რადიაცია უკვე მაღალია. ამ დროს ფასი მკვეთრად ეცემა და თურქეთს უჩნდება ჭარბი ენერგია, რომლის შემოტანაც საქართველოში იმ პერიოდებში ხდება, როცა ჩვენ ეს გვჭირდება“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.
ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ შექმნილ რეალობაში საქართველოს ენერგოსისტემას მოდერნიზაცია სჭირდება. გამოსავალი არა მხოლოდ ახალი სადგურების მშენებლობაში, არამედ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებშია.
„მნიშვნელოვანია ელექტროშემნახველი ტექნოლოგიების, ე.წ. ბატარეების და აკუმულაციური სისტემების დამონტაჟება. ეს პროცესი მთელ მსოფლიოში და მათ შორის თურქეთშიც აქტიურად მიმდინარეობს. ეს სისტემები საქართველოშიც უნდა დაინერგოს, რომ დღის ერთ პერიოდში არსებული ჭარბი ენერგია გადანაწილდეს იმ დროისთვის, როცა დეფიციტია. ეს დაგვეხმარება ფასის დაბალანსებასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში“, - აცხადებს არჩილ მამათელაშვილი.