
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 37%-ზე შეინარჩუნა
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღო ინვესტორებისათვის მოსალოდნელი გადაწყვეტილება, რომ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 37%-ის დონეზე დატოვოს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ნაბიჯი სრულად შეესაბამება ბაზრის მოლოდინებს, რაც ქვეყანაში მზარდი ინფლაციური რისკებით არის განპირობებული. ფინანსური უწყების განმარტებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მანამ გაგრძელდება, სანამ ფასების სტაბილურობის მიზანი საბოლოოდ არ მიიღწევა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიმდინარე წლის პირველ თვეებში თურქეთში ინფლაციის დონის ზრდა აქტიურად გრძელდებოდა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, გაზისა და ნავთობის ფასების მატებამ აპრილის თვეში ინფლაციური პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარა.
რაც შეეხება თურქეთის ეკონომიკაზე საგარეო ფაქტორების გავლენას, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, მეჰმედ შიმშექმა ტელეინტერვიუში აღიარა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა თურქეთის ეკონომიკაზე სერიოზულ ინფლაციურ ზეწოლას ახდენს. მისი განმარტებით, ამ საგარეო ფაქტორის არარსებობის შემთხვევაში, ინფლაციის დონე 2026 წლის ბოლოს, სავარაუდოდ, 20%-ის ფარგლებში დაიხურებოდა. მინისტრის განცხადებით, ომის პირდაპირი თუ მეორეული ეფექტებისა და ნავთობის მოსალოდნელი ფასების გათვალისწინებით, ქვეყანა დამატებით მინიმუმ 5 პროცენტული პუნქტის მოცულობის ინფლაციურ ზეწოლას განიცდის.