
თუშეთის გზის 49 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ₾73.7 მლნ-ია გამოყოფილი - როდის დასრულდება პროექტი?
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი–აბანო–ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტს აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49.18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი რვა მონაკვეთად არის დაყოფილი. ამ დროისთვის ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ხუთ მონაკვეთზე, რაც 49.18 კილომეტრის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოების საერთო ღირებულება 73.7 მილიონ ლარზე მეტია. ფშაველი–აბანო–ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტის დასრულება 2026–2027 წლებში ეტაპობრივად იგეგმება.
„პროექტის მიზანია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მაღალმთიანი საავტომობილო გზის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. გაიზრდება თუშეთთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოება, საიმედოობა და კომფორტი, რაც რეგიონში მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი მოიცავს გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი და წყალამრიდი სისტემების, ასევე ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განახლებას, გზის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებასა და უსაფრთხოების მიზნით ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
პირველი 22.5 კილომეტრი ასფალტის საფარით მოეწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, არსებული რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, შენარჩუნდება გრუნტის საფარი, თუმცა სრულად აღდგება დაზიანებული უბნები და გაუმჯობესდება გზის გეომეტრიული და უსაფრთხოების პარამეტრები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა, რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, საგზაო საფუძვლის მოწყობა და გზის გაგანიერებისთვის ფერდების ექსკავაციის სამუშაოები“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ფშაველი–აბანო–ომალოს გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზაა. იგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება, აბანოს უღელტეხილს კვეთს და ომალოს უკავშირდება. გზა გასული საუკუნის 60–70-იან წლებშია გაყვანილი და ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე მდებარე აბანოს უღელტეხილზე გადის. რთული რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო, გზაზე მოძრაობა წლის განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 4–5 თვის განმავლობაში არის შესაძლებელი. შესაბამისად, შეზღუდულია საგზაო სამუშაოების პერიოდიც.
BM.GE
წყარო: bm.ge