
თუშეთში სეზონი გზის გახსნის დაგვიანებითა და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე იწყება - „შიოს ქვის სახლი“
თუშეთში მოქმედი სასტუმროს „შიოს ქვის სახლი“ თანადამფუძნებელი თამთა ჩაგოშვილი მიმდინარე ტურისტულ სეზონზე პოზიტიურ მოლოდინს ინარჩუნებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუშეთის მიმართულებით გზის დაგვიანებით გახსნა და ინფრასტრუქტურული გამოწვევები ადგილობრივ ბიზნესს შემოსავლის ნაწილის დაკარგვის რისკს უქმნის.
BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საუბრისას ჩაგოშვილმა განაცხადა, რომ წინასწარი ჯავშნების მიხედვით წელსაც ევროპელი ტურისტები ლიდერობენ. მისი თქმით, უკვე ფიქსირდება ჯავშნები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, თუმცა საბოლოო შედეგების პროგნოზირება რთულია, რადგან ბევრი ჯავშანი ბოლო მომენტში უქმდება.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ობიექტზე ქართველი დამსვენებლების რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო უცხოელ ვიზიტორებს შორის განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან. წელს კი მსგავსი ბაზრებიდან ჯერჯერობით ჯავშნები არ ფიქსირდება, გარდა ისრაელისა.
„ქართველების რაოდენობა ვფიქრობ შარშანდელზე ნაკლები არ უნდა იყოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ტურიზმის მიმართ ინტერესი იზრდება და ადამიანები სულ უფრო ხშირად ირჩევენ საქართველოში მოგზაურობას“, - განაცხადა თამთა ჩაგოშვილმა.
მისი განმარტებით, ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს მხოლოდ განთავსება აღარ წარმოადგენს და მოთხოვნა იზრდება გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურისტულ პროდუქტებზე. სტუმრები აქტიურად ერთვებიან კულინარიულ მასტერკლასებში, სადაც სწავლობენ თუშური კოტორის, პურისა და ხინკლის მომზადებას, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივი ალუდის დაგემოვნება და საცხენოსნო ტურები.
რაც შეეხება ფასებს, ჩაგოშვილი აღნიშნავს, რომ წელს ფასების ზრდას არ გეგმავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის ხარჯები მნიშვნელოვნად მატულობს : "ტურისტების რაოდენობა მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მაინც მერყეობს და ეს არ გვაძლევს სტაბილური ზრდის შესაძლებლობას, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა სტუმრების რაოდენობის გაზრდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ, რომ ფასები შევინარჩუნოთ, რათა ის ტურისტი, რომელიც ჩვენამდე მოდის, ზედმეტი გაძვირებით არ დავაფრთხოთ. თუმცა ქვეყნის შიდა ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ფასები შევამციროთ - ყველაფერი, როგორც იცით, მუდმივად ძვირდება. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი პროდუქტი ადგილზე არ გვიწარმოებია და მისი ზემო ალვანიდან ამოტანა, დამატებით ხარჯებს ქმნის", - განაცხადა თამთა ჩაგოშვილმა.
თუმცა, სასტუმროს თანადამფუძნებლის შეფასებით, თუშეთის ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას რამდენიმე პრობლემა აფერხებს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ის გზის დაგვიანებით გახსნას ასახელებს. მისი ინფორმაციით, თუ გასულ წელს თუშეთის გზა მაისის ბოლოს გაიხსნა, წელს დიდთოვლობის გამო ივნისის დასაწყისშიც კვლავ ჩაკეტილია, რის გამოც რეგიონი ფაქტობრივად მთელი ივნისის ტურისტულ შემოსავალს კარგავს.
"წელს აგერ დღეს ორი ივნისია და გზა ჯერაც არ არის გახსნილი იქიდან გამომდინარე, რომ წელს თოვლის რაოდენობა გაცილებით დიდი იყო და ვფიქრობთ, რომ ივნისის 20 რიცხვის შემდეგ, ასე ვთქვათ გვინდა რომ გაიხსნას და ყველაფერს აკეთებენ მართალია რომ გაიხსნას, თუმცა ჩვენ როდესაც შეგვეძლო რომ ივნისში მიგვეღო ტურისტი, წელს ივნისი ფაქტობრივად ყველანაირი შემოსავლის გარეშე რჩება ჩვენთვის", - აცხადებს ჩაგოშვილი.
გარდა ამისა, ჩაგოშვილი პრობლემად საკემპინგე ინფრასტრუქტურის სიმწირესაც მიიჩნევს. მისი თქმით, თუშეთში მხოლოდ ოთხი ოფიციალური საკემპინგე სივრცეა, რაც ზურგჩანთიანი მოგზაურების მიღების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავს.
მისი შეფასებით, დამატებით გამოწვევას წარმოადგენს ახალგაზრდების ემიგრაციაც. ჩაგოშვილის თქმით, ბოლო წლებში ქვეყნიდან არაერთი ახალგაზრდა წავიდა, რომლებიც ტურიზმის სფეროში საქმიანობდნენ და სტუმრებს საცხენოსნო თუ ჯიპ-ტურებს სთავაზობდნენ, რაც ადგილობრივი ტურისტული სერვისების განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
,,შიოს ქვის სახლი" თუშეთში, სოფელ გირევში მდებარეობს. სასტუმრო შედგება 7 ოთახისგან და გათვლილია 20 ვიზიტორზე.
BM.GE
წყარო: bm.ge