
თვე-ნახევარში ბენზინი 40-50 თეთრამდე გაძვირდა | Wissol-ში მომავალ კვირებში საწვავის ფასის ზრდას ელიან
საქართველოში საწვავი გაძვირებას განაგრძობს. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის აღმასვლის და ლოგისტიკის სირთულეების გათვალისწინებით, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საცალო ქსელებში ბენზინი 50 თეთრამდე გაძვირდა. “ვისოლის” გენერალური დირექტორის განცხადებით, სექტემბრის საერთაშორისო ნიშნულები აგვისტოსთან შედარებით კიდევ უფრო მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ საცალო ქსელში ფასების მორიგი კორექტირება გარდაუვალი იქნება.
"ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ბენზინის „პლაცი“ დაახლოებით 250 დოლარით არის გაზრდილი. ეს არის თითქმის 25%-იანი ზრდა. ციფრებში გამოხატული, ეს არის ლიტრზე დაახლოებით 40-50 თეთრამდე ზრდა.
ეს ნიშნული, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ მომხდარა. ეს პროცესი დაწყებულია აგვისტოს თვიდან. ეტაპობრივად რამდენიმეჯერ მოხდა ბაზარზე ფასების კორექტირება და ეს ტრენდი, სამწუხაროდ, გაგრძელდება. ვინაიდან დღესდღეობით არსებული დაფიქსირებული ფასები, თუნდაც სექტემბრის ახალ-ახალი ნიშნულები, ყველა არის ფაქტობრივად იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო ივლისის ან აგვისტოს საშუალო შეწონილი ფასი.
სამწუხაროდ, გარდაუვალია როგორც დიზელზე, ასევე ბენზინზე ფასების ზრდა. აქამდე თუ ფასი ძირითადად დიზელის პროდუქტზე იზრდებოდა, დღესდღეობით ბენზინის ნიშნული თითქმის უკვე 1250 დოლარამდეა ასული და ეს არის ფაქტობრივად ამ წლის რეკორდულად მაღალი ნიშნული. ანუ, თუ ჩვენ წლის დასაწყისში, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ძირითად აქცენტირებას დიზელის პროდუქტზე ვაკეთებდით და იქ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ უმნიშვნელოვანესი ზრდა, დღესდღეობით მივიღეთ სურათი, როდესაც ბენზინის პროდუქტიც ასევე გაძვირებულია და გაზრდილია პრემიუმიც, რომელსაც ქარხნები პროდუქტის დამზადებაში იღებენ. საერთო ჯამში ეს მოგვცემს სურათს, რომ შიდა ბაზარზე, რომელიც 100%-ით დამოკიდებულია იმპორტზე, მომდევნო კვირებშიც ეტაპობრივად გაზრდილ ფასებს მივიღებთ”, - აცხადებს ვასილ ხორავა.
საწვავის ფასზე დამატებით წნეხს ქმნის მომწოდებლების შეცვლილი პოლიტიკა. ვასილ ხორავა “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთიდან შუა აზიის ქვეყნების მომარაგების შემცირების ფონზე, აღნიშნულმა ქვეყნებმა შესყიდვები იმავე ევროპული ბაზრებიდან დაიწყეს, საიდანაც საქართველო მარაგდება; შეიქმნა მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, გაზრდილი კონკურენციის გამო კი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები პროდუქციას უკვე აუქციონის პრინციპით, "პლატცზე" მაღალ ფასად ყიდიან.
“ზაფხულის პერიოდის შემდეგ ფასები საწვავზე კიდევ უფრო გაიზარდა ჰორმუზის სრუტის კრიზისის გათვალისწინებით. ამას კიდევ დაემატა ის, რომ ჩვენს რეგიონში პროდუქტების დეფიციტის გამო ფასები საკმაოდ მაღლა წავიდა, რამაც ერთ ლიტრზე თვითღირებულების კორექტირება გამოიწვია.
„პლატცი” დღესაც რჩება ძირითად ინდიკატორად ფასისთვის, თუმცა ამას დაემატა ის, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც რუსეთიდან ნაკლებად ხდება ნავთობპროდუქტებით შუა აზიის ქვეყნების მომარაგება, ზუსტად შუა აზიის ქვეყნებმა დაიწყეს შესყიდვები იმავე ბაზრებიდან, რომელიც ისტორიულად იყო ჩვენი მომმარაგებელი - ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები: ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი.
თუ ბოლო პერიოდში ბენზინზე და დიზელზე ფასის დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვქონდა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში გაიზარდა ის პრემიუმები და ლოგისტიკური ხარჯებიც, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის შეძენასთან. ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები დღეს პროდუქტებს ყიდიან, შეიძლება ითქვას, უკვე აუქციონით, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა დღეს აღმოსავლეთ ევროპის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებში იმაზე მეტია, ვიდრე არსებობდა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. ეს განაპირობებს მათ ქცევას, რომ ფასები გაზარდონ.
ჩვენს რეგიონში თუ მთავარი იყო „პლატცი“, დღეს შეიძლება ითქვას, ახალი ტრენდია, როდესაც ქარხანა თვითონვე ზრდის თავის პროდუქტზე „პლატცზე“ ზემოთ თავის ნიშნულებს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ბაზარზე მიიღოს მეტი შემოსავალი და დააბალანსოს ის მოთხოვნა, რომელიც დღეს ამ რეგიონში არსებობს კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე", - განმარტა "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა.
BM.GE
წყარო: bm.ge