მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Uber-ი Glovo-ს მშობელ კომპანიას $15 მილიარდად ყიდულობს - გარიგების ნაწილია ქართული ბიზნესიც
Uber-ი Glovo-ს მშობელ კომპანიას $15 მილიარდად ყიდულობს - გარიგების ნაწილია ქართული ბიზნესიც

Uber-ი Glovo-ს მშობელ კომპანიას $15 მილიარდად ყიდულობს - გარიგების ნაწილია ქართული ბიზნესიც

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 21:42|bm.ge

მიტანისა და ტაქსის სერვისის ამერიკული გიგანტი Uber-ი მიტანის სერვისის უმსხვილესი ევროპული ჯგუფის, გერმანული Delivery Hero-ს შესყიდვაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. ივლისში დაანონსებული გარიგების ჯამური მოცულობა $14.8 მილიარდ დოლარია და ის მოიცავს Delivery Hero-ს შემადგენლობაში არსებული ბრენდების, მათ შორის Glovo-ს სრულ შესყიდვას, რის შედეგადაც საქართველოს ბაზარზეც Glovo-ს მფლობელი Uber-ი გახდება.

4 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში Delivery Hero უთითებდა, რომ ისინი მოელიან რომ მხარეთა შორის გარიგება 2027 წლის მეორე ნახევარში იქნება დასრულებული. ამასთან, Yahoo Finance-ის თანახმად, ევროპაში Glovo-ს ერთ-ერთ უმსხვილეს - უკრაინის ბაზარზე ადგილობრივმა კონკურენციის სააგენტომ შესყიდვაზე ნებართვა უკვე გასცა. გარდა უკრაინისა, ანალოგიური ნებართვების მოპოვება საჭიროა Glovo-ს და Delivery Hero-ს სხვა ბაზრებზეც, მათ შორის საქართველოში. BMG-იმ კონკურენციის სააგენტოს მიმართა კითხვით, შევიდა თუ არა მათთან "გლოვოაფფ საქართველოს" კონცენტრაციის განცხადება, რაზეც უწყებაში განმარტეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნული განცხადება წარდგენილი არაა.

"გლოვოაფფ საქართველოში" კი აღნიშნავენ, რომ გარიგება მათი მშობელი კომპანიის - Delivery Hero-სა და Uber-ს შორის არსებული საკითხია და მფლობელის ცვლილება გავლენას არ მოახდენს არც მათ საოპერაციო საქმიანობაზე, როგორც მომხმარებლების, ასევე კურიერების თუ პარტნიორი რესტორნების და სავაჭრო ობიექტების მიმართულებით.

"Uber-ის მიერ Delivery Hero-ს შესყიდვის წინადადება ჩვენს მშობელ კომპანიას, Delivery Hero-სა და Uber-ს შორის არსებული საკითხია. გარიგების დასრულებამდე Glovo და Delivery Hero რჩებიან დამოუკიდებელ, კონკურენტუნარიან და ოპერაციულ საქმიანობაზე ორიენტირებულ კომპანიებად. საქართველოში ჩვენი პარტნიორებისთვის, კურიერებისთვის, გუნდებისა თუ მომხმარებლებისთვის ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებში არანაირი ცვლილება არ ხორციელდება. Glovo-ს ხელმძღვანელობის მთავარი პრიორიტეტი კვლავ სრულად არის მიმართული საქართველოში მდგრადი ბიზნესის განვითარებასა და ადგილობრივი პარტნიორული ეკოსისტემის მხარდაჭერაზე,"- განმარტავენ Glovo საქართველოში.

Delivery Hero-მ 2025 წელს 14 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წელთან შედარებით 1.7 მილიარდი ევროთი მეტი იყო, ამასთან კომპანია ინარჩუნებს ზარალიანობას და მისმა ზარალმა გასულ წელს 698 მილიონი ევრო, 2024 წელს კი 881 მილიონი ევრო შეადგინა.

კომპანიის აქციები გერმანიის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და ამჟამად ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) 11.4 მილიარდ ევროს შეადგენს.

Delivery Hero-ს ჯგუფი სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ბრენდით ოპერირებს:

- აზია: foodpanda მუშაობს ბანგლადეშში, კამბოჯაში, ჰონკონგში, ლაოსში, მალაიზიაში, მიანმარში, პაკისტანში, ფილიპინებში, სინგაპურსა და ტაივანში. სამხრეთ კორეაში ჯგუფი Baemin-ის ბრენდით არის წარმოდგენილი. სეგმენტის შემოსავალი 4.4 მილიარდი ევრო;

- ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა: talabat, Hungerstation და InstaShop ოპერირებენ ბაჰრეინში, ეგვიპტეში, ერაყში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ომანში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. თურქეთში ჯგუფი Yemeksepeti-ს ბრენდით მუშაობს. სეგმენტის შემოსავალი 4 მილიარდი ევრო;

- ევროპა: Glovo, efood, foodora და foody წარმოდგენილია საქართველოში, ავსტრიაში, სომხეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, კვიპროსში, ჩეხეთში, ფინეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, მოლდოვაში, მონტენეგროში, ნორვეგიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სერბეთში, ესპანეთში, შვედეთსა და უკრაინაში. Glovo ასევე მუშაობს კოტ-დ’ივუარში, კენიაში, მაროკოში, ნიგერიაში, ტუნისში, უგანდაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. სეგმენტის შემოსავალი 2.5 მილიარდი ევრო;

- ლათინური ამერიკა: PedidosYa ოპერირებს არგენტინაში, ბოლივიაში, ჩილეში, კოსტა-რიკაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეკვადორში, ელ სალვადორში, გვატემალაში, ჰონდურასში, ნიკარაგუაში, პანამაში, პარაგვაიში, პერუსა და ურუგვაიში, ასევე ვენესუელაში. სეგმენტის შემოსავალი 1 მილიარდი ევრო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE