„უძრავი ქონების ბაზარზე ბუშტის ნიშნები არ არის“ - ეროვნული ბანკი
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ფინანსური ბუშტის ნიშნები არ არსებობს, ბოლო წლებში ლარში გამოხატული ხელფასების ზრდის ტემპი კი უძრავი ქონების გაძვირებას უსწრებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე.
მისი თქმით, ბაზარზე მოთხოვნის მთავარი მამოძრავებელი კვლავ ადგილობრივი ეკონომიკური ზრდა და ქართველი მყიდველები არიან, რასაც ემატება ურბანიზაცია, ოჯახების ზომის შემცირება, ძველი საცხოვრებელი ფონდის ჩანაცვლების სურვილი და ემიგრანტების გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხები.
უტიაშვილის განმარტებით, ლარში დათვლილი ფასები წლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდება, რაც თანხვედრაშია ინფლაციასა და სამშენებლო ხარჯების ზრდასთან, ამიტომ ფასების კლების რისკი უახლოეს მომავალში დაბალია.
ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ასევე გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ ბაზარზე ფასები კვლავ დოლარში ანგარიშდება და აღნიშნა, რომ სტაბილური ლარის პირობებში ფასების ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირება ბაზრის რეალურ მდგომარეობას უკეთ ასახავს.
„საქართველოში ლარში უძრავი ქონების ფასი იზრდება თითქმის ზუსტად ისე, როგორც ინფლაცია. ანუ როგორც ძვირდება მშენებლობა, დაახლოებით იმას მიყვება ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ფასებიც ლარის ექვივალენტში. მისი წლიური ზრდა საშუალოდ არის დაახლოებით 5%, რაც მეტ-ნაკლებად თანხვედრაშია საშუალო ინფლაციასთან. ამიტომ არანაირი ბუშტის ნიშანი აქ არ არის. როგორც იზრდება ხარჯი, ისე აძვირებს დეველოპერი ბინას, შესაბამისად, ბუშტის რაიმე ნიშანი არ არის. ხვალ ფასი ვერ შემცირდება, იმიტომ, რომ მშენებლობა ჯდება ძვირი და ამიტომ უახლოეს პერიოდში ფასის შემცირების რისკი მნიშვნელოვნად დაბალია.
ჩვენ აქ წარმოდგენილი გვქონდა დოლარში ფასები და ამაზეც მინდა, მერე ვისაუბრო. ჩემი აზრით, ამასაც თუ ოდესმე შევცვლით, რომ ფასები საქართველოში ლარში დავადგინოთ, ამით მხოლოდ და მხოლოდ ვისარგებლებთ.
მივმართავთ თითქმის ყველა დეველოპერს. ნებისმიერ საიტზე რომ შეხვიდეთ, მაინც დოლარშია. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმიტომ, რომ ლარში თუ შევხედავთ, დამიჯერეთ, პირდაპირ ჩანს, რომ არანაირი ბუშტი არ გვაქვს. თუ არ გაძვირდა, ისევე იზრდება ფასი. ყველაფერი იყო დოლარში გამოხატული, მაშინ, როცა ამ ქვეყანაში გადასარევი ვალუტა გვაქვს, გადასარევად სტაბილური“ - განაცხადა უტიაშვილმა.
