
უფასო სასკოლო კვებაზე პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შედის|რას მოიცავს?
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების კანონპროექტი მოამზადა, რომელიც სასკოლო კვების საკითხებს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობამ უფასო სასკოლო კვების საპილოტე პროგრამა მისსავე შერჩეულ სკოლებში 2026 წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.
დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, განაცხადის განხილვის შემდეგ დაარეგისტრირა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს.
საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებმაც კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადეს არიან: აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილს, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილის, ინა ჩარკვიანი და კონსტანტინე ჩაჩიბაია და მათ მიერ წარდგენილი მასალები პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
პროექტის მიხედვით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს უნდა დაემატოს მუხლი, რომელიც სახელმწიფოს საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების უზრუნველყოფას და დაფინანსებას ავალდებულებს.
მე-7¹ მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7². უფასო სასკოლო კვება
• ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების, მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო სასკოლო კვებას საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისთვის. სასკოლო კვება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით. • სასკოლო კვების პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო დაბალანსებულ და ჯანსაღ საკვებს. • სასკოლო კვების პროგრამის დიზაინი, კვების მოდელი, საკვების რაციონი, პროგრამის მართვისა და საკვების ხარისხის კონტროლის საკითხები, ბიუჯეტი და პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საჯარო სკოლების გეოგრაფიული მდებარეობისა და ინფრასტრუქტურული მზაობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა საჯარო სკოლაში აამოქმედოს სასკოლო კვების სხვადასხვა მოდელი. სასკოლო კვების ნებისმიერი მოდელი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. • სახელმწიფო უფლებამოსილია, სასკოლო კვების პროგრამის ფარგლებში გამოიყენოს მხოლოდ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ან პროგრამის ფარგლებში დააწესოს კვოტა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უფასო _ სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას მიაწოდოს წინადადებები და შენიშვნები უფასო სასკოლო კვების პროგრამის შესახებ.