
უკრაინის თავდასხმების გამო, რუსეთმა შესაძლოა დიზელის ექსპორტი აკრძალოს
უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთი დიზელის ექსპორტის აკრძალვას განიხილავს. ქვეყნის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, საწვავის ექსპორტის შეზღუდვის მიზანი შესაძლო დეფიციტის აღმოფხვრაა განსაკუთრებით ყირიმში.
ვლადიმერ პუტინის თავმჯდომარეობით გამართულ სამთავრობო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ნოვაკმა ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი ბაზრის მხარდასაჭერად რუსეთი დიზელის ექსპორტის აკრძალვის შემოღებასა და საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას განიხილავს.
„ჩვენ ვიყენებთ რეზერვებს, რომლებიც მანამდე არ ყოფილა ათვისებული. ასევე ხელს ვუწყობთ შიდა ბაზარზე დამატებითი მოცულობებით მიწოდების ზრდას. საგადასახადო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები მთავრობასთან კოორდინაციით უკვე მომზადებულია“, - განაცხადა მან.
უკრაინის თავდასხმებს მათ შორის, მოსკოვის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე პუტინიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი ქმედებები საზოგადოებაში დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. მან ასევე მოუწოდა მთავრობას, დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად დამატებითი ზომები მიიღოს.
როგორც Reuters წერს, რუსეთში, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მესამე უდიდესი მწარმოებელია, საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები, ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა და ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები ფიქსირდება. არადა ქვეყანა ნავთობთან ერთად სხვადასხვა სახეობის ნავთობპროდუქტის ექსპორტსაც ახორციელებდა, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ იძულებული გახდა ბენზინისა და საავიაციო საწვავის ექსპორტი აეკრძალა.