მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უკვე შევძელით 5-ვარსკვლავიანი შეფასებების და ერთგული სტუმრების მოპოვება" - პარიზში გახსნილი ქართული რესტორანი "ოდა"
"უკვე შევძელით 5-ვარსკვლავიანი შეფასებების და ერთგული სტუმრების მოპოვება" - პარიზში გახსნილი ქართული რესტორანი "ოდა"

"უკვე შევძელით 5-ვარსკვლავიანი შეფასებების და ერთგული სტუმრების მოპოვება" - პარიზში გახსნილი ქართული რესტორანი "ოდა"

BM.GE17 მაისი, 2026, 19:05|bm.ge

პარიზში, 9 თვის წინ გახსნილი ქართული რესტორანი „ოდა“ უკვე ადგილობრივებისა და ტურისტების ერთ-ერთ გამორჩეულ გასტრონომიულ სივრცედ ყალიბდება. რესტორნის დამფუძნებელი და შეფმზარეული სალომე ნინუა BM.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ობიექტის შექმნის მთავარი მიზანი ქართული სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის ავთენტურად გაცნობა იყო.

მისი თქმით, ქართული კულინარიის მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მოდის - ოჯახური გარემოდან, სადაც კერძებს განსაკუთრებული სითბოთი და სტუმრისადმი პატივისცემით ამზადებდნენ.

„ჩემთვის "ოდა" მხოლოდ რესტორანი არ არის - ეს არის ადგილი, სადაც ჩემი ბავშვობის მოგონებები, ქართული ტრადიციები და სტუმრის სიყვარულით მიღების კულტურა ცოცხლდება. ბავშვობიდან ვიზრდებოდი გარემოში, სადაც ბებია და დედა განსაკუთრებული სითბოთი ამზადებდნენ კერძებს ოჯახისა და სტუმრებისთვის. სწორედ იქიდან წამოვიდა ჩემი სიყვარული ქართული სამზარეულოს მიმართ“, - ამბობს სალომე ნინუა.

საფრანგეთში სალომე ნინუა 2021 წელს გადავიდა. პარიზში თავდაპირველად სარესტორნო სფეროში დაიწყო მუშაობა და პროფესიული გამოცდილება რესტორან Chez Magda-ში მიიღო. მისი თქმით, სწორედ იქ გაეცნო ფრანგულ გასტრონომიულ კულტურას, მომსახურების სტანდარტებსა და იმ დეტალებს, რომლებიც წარმატებული რესტორნის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება Chez Magda-ში მივიღე. სწორედ იქ უკეთ გავიცანი ფრანგული გასტრონომიული კულტურა, მომსახურების სტანდარტი და ის დეტალები, რაც წარმატებულ რესტორანს ქმნის“, - აღნიშნავს ის.

სალომე ნინუას თქმით, სწორედ ამ გამოცდილების შემდეგ გაჩნდა იდეა, პარიზში შეექმნათ სივრცე, სადაც სტუმრები მხოლოდ ქართულ კერძებს კი არ დააგემოვნებდნენ, არამედ ქართული კულტურისა და ტრადიციების ნაწილიც გახდებოდნენ.

როგორც რესტორნის დამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, საწყისი ეტაპი გამოწვევებით სავსე იყო. პარიზში, სადაც სარესტორნო სფეროში კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია, ახალი სივრცისთვის სტუმრების ნდობის მოპოვებას დრო და თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქართული სამზარეულოს იმ ადამიანებისთვის გაცნობა იყო, ვისაც ქართული კერძები მანამდე არასდროს დაეგემოვნებინა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ კარგი კერძების შეთავაზება, არამედ სტუმრებისთვის ქართული კულტურის გაცნობაც, თითოეული კერძის ისტორიის მოყოლა, ტრადიციების ახსნა და თბილი გარემოს შექმნა. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ნელ-ნელა ერთგული სტუმრები შეგვეძინა", - განმარტავს სალომე ნინუა.

დღეს „ოდას“ სტუმრების დიდი ნაწილი ფრანგები არიან, თუმცა რესტორანს საერთაშორისო სტუმრებიც ხშირად სტუმრობენ. როგორც ობიექტის დამფუძნებელი ამბობს, ყველაზე მოთხოვნად კერძებს შორის აჭარული ხაჭაპური, ხინკალი და ჩაქაფულია. სალომე ნინუას თქმით, სტუმრებს განსაკუთრებულად აინტერესებთ როგორც კერძების გემო, ისე მათი მირთმევის კულტურა.

„განსაკუთრებით ემოციური მომენტია აჭარული ხაჭაპური - სტუმრებს ვაჩვენებთ, როგორ უნდა აურიონ ყველი, კვერცხი და კარაქი, და ეს მათთვის პატარა ქართული გამოცდილება ხდება“, - აღნიშნავს ის.

„ოდაში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოსაც. სალომე ნინუას თქმით, ღვინო და სანელებლები სრულად საქართველოდან ჩამოაქვთ, რათა ავთენტური გემო მაქსიმალურად შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე რესტორანში 6 ადამიანია დასაქმებული და ყველა მათგანი ქართველია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა არა მხოლოდ ქართული კერძები დააგემოვნოს, არამედ ნამდვილი ქართული ატმოსფერო და სტუმართმოყვარეობაც იგრძნოს“, - ამბობს სალომე ნინუა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ოდა“ მხოლოდ 9 თვის წინ გაიხსნა, რესტორანმა უკვე შეძლო 5-ვარსკვლავიანი შეფასებებისა და ერთგული სტუმრების მოპოვება, რაც გუნდისთვის მთავარი მოტივაციაა.

სამომავლოდ კი რესტორნის გაფართოებასაც განიხილავენ: „მჯერა, რომ ქართულ გასტრონომიას ევროპაში ძალიან დიდი მომავალი აქვს და საქართველო მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე სულ უფრო თვალსაჩინო გახდება“, - აცხადებს სალომე ნინუა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში, Central Park Towers-ში Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომრების გაყიდვები დაიწყო

თბილისში, Central Park Towers-ში Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომრების გაყიდვები დაიწყო

BM.GE

ვენახის გაშენების ნებართვაზე ცვლილებები ყურძნის ჭარბწარმოებაზე გავლენას ვერ მოახდენს - სამანიშვილი

ვენახის გაშენების ნებართვაზე ცვლილებები ყურძნის ჭარბწარმოებაზე გავლენას ვერ მოახდენს - სამანიშვილი

BM.GE

"თუ ევროპის ბაზარს არ ვირჩევთ, რუსეთის ან უკრაინის ბაზრებზე შეიძლება გარკვეული მოგება იყოს"|სატაცურის მწარმოებელი

"თუ ევროპის ბაზარს არ ვირჩევთ, რუსეთის ან უკრაინის ბაზრებზე შეიძლება გარკვეული მოგება იყოს"|სატაცურის მწარმოებელი

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE