
"უკვე ვფიქრობ - ღირს კი ამ საქმის გაგრძელება?" - მეღვინე სერტიფიცირების 10 -ლარიან მოსაკრებელზე
მეღვინეობა „არგვანის“ დამფუძნებლის, ხატია ჯახუას განცხადებით, წელიწადში დაახლოებით 3300-3500 ბოთლი ღვინის წარმოების პირობებში, სერტიფიცირების 10-ლარიანი მოსაკრებელი, მეურნეობისთვის დამატებითი მნიშვნელოვანი ხარჯია. ამის შესახებ მან გადაცემა "ქალების ნარატივში ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ 1-ელი სექტემბრიდან ღვინის სერტიფიცირებაზე 10-ლარიანი მოსაკრებელი ამოქმედდა. მცირე მარნების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ხარჯი მათთვის განსაკუთრებით მძიმეა, რადგან მცირე მოცულობის წარმოების პირობებში სერტიფიცირების საფასური პროდუქციის თვითღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
მცირე მეღვინეობა არგვანის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პრობლემა განსაკუთრებით მკაფიოდ მცირე შეკვეთების შემთხვევაში ჩანს. მაგალითად, თუ პატარა მარანს თბილისში მხოლოდ ორი-სამი ყუთი ღვინის შეკვეთა აქვს, სერტიფიცირების საფასურს ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება, რაც საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის.
„ვიღაცისთვის შეიძლება 10 ლარი არაფერი იყოს, დიდ მარნებს ვგულისხმობ, სადაც 100 000-ზე მეტ ბოთლს აწარმოებენ. ჩვენთვის ეს უკვე საკმაოდ ხელშემშლელი ფაქტორია. ჩვენნაირმა მარნებმა, თუ არ გავაპროტესტეთ და არ მივიტანეთ მათ ყურამდე, რომ ჩვენთვის ის 10 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ არ ღირს ამ საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა ხატია ჯახუამ.
მისივე თქმით, ახალი ხარჯი მარნის განვითარების გეგმებზეც აისახება. „არგვანს“ წარმოების გაზრდის ამბიცია ჰქონდა და ამისთვის FAO-ს მხარდაჭერით 25 000 ლარის ღირებულების დანადგარიც მიიღო, თუმცა არსებული რეგულაციების ფონზე მეწარმე უკვე ფიქრობს, რამდენად ღირს წარმოების რაოდენობრივად გაზრდა.
“მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ოჯალეში ხელმისაწვდომი ყოფილიყო მომხმარებლებისთვის. თვითღირებულება რომ დავთვალე, არაფერი არ გამოდის და უკვე ვფიქრობ - ღირს კი ამ საქმის გაგრძელება?“, - ამბობს მეღვინე.
ხატია ჯახუას შეფასებით, მცირე მარნებისთვის პრობლემა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ ვრცელდება და დამატებითი ხარჯები ექსპორტის პოტენციალსაც ამცირებს. მისი თქმით, მცირე მარანს ექსპორტზე, როგორც წესი, დიდი მოცულობის გატანის შესაძლებლობა არ აქვს, რის გამოც სერტიფიცირებაზე გადასახდელი თანხა მცირე პარტიის შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე ტვირთი ხდება. „ექსპორტზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, ჩვენნაირი მარნებისთვის ექსპორტზე ის, რაც დაწესდა [გადასახადი], ფაქტობრივად შეუძლებელია“, - განაცხადა მან.
მეღვინის თქმით, თუ მცირე მარანი, მაგალითად, 10 ყუთი ღვინის ექსპორტზე გაგზავნას გადაწყვეტს და მხოლოდ სერტიფიცირებაში დაახლოებით 600 ლარის გადახდა უწევს, ასეთი ოპერაცია მისთვის ეკონომიკურად არამოგებიანი ხდება.
„10 ყუთი, ეს მაქსიმუმი, და ამაში მე დავხარჯო 600 ლარი, ეს უბრალოდ წყლის ნაყვაა. არ მიღირს ექსპორტზე გატანა. კლავენ ექსპორტის პოტენციალს პატარა ავთენტიკური მარნებისთვის, რომლებსაც ერთადერთი გზა აქვთ - ექსპორტზე გააგზავნონ თავიანთი პროდუქცია და ამით მოახდინონ ქართული ღვინის პოპულარიზაცია“, - ამბობს „არგვანის“ დამფუძნებელი.
მისი შეფასებით, მცირე მარნებს განვითარებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდებათ. „არგვანის“ შემთხვევაში წარმოების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი FAO-სა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერას ჰქონდა, რადგან ღვინის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები მცირე მეწარმისთვის ძვირად ღირებულია.
BM.GE
წყარო: bm.ge