
უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავლების ზრდას ძირითადად უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მატება განაპირობებდა|Galt&Taggart
უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავლები 2019-25 წლებში საშუალოდ 11.5%-ით გაიზარდა, რასაც ძირითადად უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა განაპირობებდა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული.
როგორც მიმოხილვაში წერია, კერძო უნივერსიტეტების შემოსავლები საშუალოდ წლიურად 18.9%-ით გაიზარდა 2019-25 წლებში, მაშინ როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ზრდამ 5.8% შეადგინა.
ამასთან, Galt&Taggart-ის თანახმად, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2025 წელს სამჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით, ხოლო ქართველი სტუდენტების რაოდენობა შედარებით ზომიერი ტემპით გაიზარდა.
“უცხოელი სტუდენტები ძირითადად კერძო უნივერსიტეტებს ირჩევენ, მთავრობის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვაზე დაწესებული შეზღუდვები ამ ტენდენციას კიდევ უფრო გააძლიერებს.
2025 წლის მდგომარეობით, უცხოელი სტუდენტების 83% კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის დაწესებული კვოტები, კერძო უნივერსიტეტების მიმართ მოთხოვნას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის.
უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასური, როგორც წესი, უფრო მაღალია, რაც კერძო უნივერსიტეტების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. აღნიშნული ტენდენცია აისახება ერთ სტუდენტზე საშუალო შემოსავლის 1.5-ჯერ ზრდაში 2019- 2025 წლებში”, - წერია მიმოხივლაში.
გარდა ამისა, როგორც საინვესტიციო ბანკი წერს, უცხოელი სტუდენტების მხრიდან, მოთხოვნას ძირითადად ინდოელი სტუდენტები ქმნიან. მათივე ანალიზის თანახმად, ინდოელი სტუდენტები უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობის 53.8%-ს ქმნიან, 2025 წლის მდგომარეობით. თუმცა, მზარდია ინტერესი ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონების მხრიდან.
“უცხოელი სტუდენტების ზრდის შედეგად, მათი წილი მთლიან სტუდენტებში 2015 წლის 5.0%-დან 2025 წელს 19.8%-მდე გაიზარდა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ უმაღლეს მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა, კონცენტრაცია ინდოეთსა და სამედიცინო პროგრამებზე, ხაზს უსვამს როგორც ახალი ბაზრების, ისე აკადემიური მიმართულებების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას სექტორისთვის”, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
განათლების სექტორის მიმოხილვის თანახმადვე, საქართველო ინდოელი სტუდენტებისთვის მე-8 უმსხვილესი მიმართულებაა, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის ხელმისაწვდომობა, სწავლისა და ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯები.
BM.GE
წყარო: bm.ge