
უმსხვილესმა ნავთობკომპანიებმა ომისა და კლიმატური კრიზისის ფონზე $93 მილიარდის მოგება მიიღეს
რვა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ სულ რაღაც სამ თვეში 90 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება დააგროვა. ეს პროცესი ირანის კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსების გაძვირებასა და კლიმატური კრიზისით გამოწვეულ პიკურ სიცხეებს დაემთხვა.
გამოცემა Guardian-ის ანალიზის თანახმად, ივნისის ბოლომდე, სამ თვეში რვა მსხვილმა ნავთობკომპანიამ თითქმის 93 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. ეს არის პირველი სრული ფინანსური კვარტალი მას შემდეგ, რაც აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომმა ნავთობის ფასი ბარელზე რეკორდულ 126 დოლარამდე აიყვანა.
გასულ წელს ეს მაჩვენებელი 50 მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო. შესაბამისად, კომპანიებმა წიაღისეული საწვავის მიწოდების ისტორიული შეფერხება საკუთარი მოგების გასაორმაგებლად გამოიყენეს.
მონაცემების მიხედვით, გაზაფხულის კვარტალში რვა ნავთობკომპანიამ - Aramco, BP, Shell, Equinor, TotalEnergies, Eni, Chevron და ExxonMobil - წუთში საშუალოდ 700 000 დოლარზე მეტი მოგება მიიღო.
იმ ფონზე, როდესაც მათი საბაზრო კაპიტალიზაცია 600 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, მსოფლიოში პიკური სიცხეების ტალღაც დაფიქსირდა, რაც წიაღისეული საწვავის წვით არის განპირობებული.
გაზაფხულის კვარტალში ყველაზე დიდი მოგება საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია Aramco-მ მიიღო. მისმა კვარტალურმა წმინდა შემოსავალმა 34%-ით მოიმატა და 33 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინფრასტრუქტურა ირანული და ჰუსიტური ძალების დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა.
სამშაბათს კომპანია BP-მ აპრილი-ივნისის პერიოდის ანგარიში წარადგინა, სადაც კვარტალურმა მოგებამ 5.73 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა სამი თვის მონაცემებზე (2.5 მილიარდი დოლარი) ორჯერ მეტია.
გასულ კვირას Shell-მა ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე მაღალი კვარტალური მოგება - 9.84 მილიარდი დოლარი დააფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ ომით მიყენებული ზარალის გამო კატარის ქარხნიდან გაზის მოპოვება შემცირდა. Equinor-ის მოგება იმავე პერიოდში 3.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (წინა წლის 1.8 მილიარდ დოლართან შედარებით).
Chevron-ის წმინდა შემოსავალმა მეორე კვარტალში 12.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით ხუთჯერ მეტია. ExxonMobil-მა კი 14.5 მილიარდი დოლარის მოგება დააფიქსირა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
BM.GE
წყარო: bm.ge