
"თავიდან პლატფორმა იმისთვის შეიქმნა, რომ ფერმერებს პროდუქტების გაყიდვაში დავხმარებოდით" - რას სთავაზობს Fermio მომხმარებელს?
აგროტექნოლოგიური სტარტაპი „ფერმიო“, რომელიც ქართველ ფერმერებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს, ორი თვის წინ შეიქმნა და ამ ეტაპზე პლატფორმის მასშტაბირებასა და ფუნქციონალის განვითარებაზეა ორიენტირებული. სტარტაპის დამფუძნებლებმა, ანა მითაიშვილმა და თორნიკე სიხარულიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადეს, რომ ფერმერებისთვის პლატფორმაზე რეგისტრაცია და პროდუქციის განთავსება უფასოა, მონეტიზაცია კი ჯერჯერობით კომპანიის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
როგორც ისინი ამბობენ, „ფერმიო“ თავდაპირველად მხოლოდ ფერმერებისთვის პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის იდეით შეიქმნა, თუმცა ოპერირების დაწყების შემდეგ პლატფორმის ფუნქციონალი გაფართოვდა. დღეს კი მომხმარებლებს შეუძლიათ არა მხოლოდ აგროპროდუქციის, არამედ ტექნიკის, სხვადასხვა სერვისისა და სამუშაო ძალის მოძიება, ასევე მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვა.
„თავიდან პლატფორმა ძალიან პრიმიტიული იდეით შეიქმნა, რომ ფერმერებს მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტების გაყიდვაში დახმარებოდა, მაგრამ როდესაც ჩავუშვით აპლიკაცია და შემდეგ საიტიც, დავინახეთ, რომ აგროსექტორში არის ბევრი სხვა საჭიროებაც“, - განაცხადა თორნიკე სიხარულიძემ.
დამფუძნებლების თქმით, ამჟამად პლატფორმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება სწორედ შეკვეთებია. სიხარულიძის განცხადებით, თითოეულ შეკვეთაზე დაახლოებით ასობით ზარი შედის.
„ჩვენი პირველი შემკვეთი იყო FS Georgia, რომელმაც 5 ტონა წითელი ხახვი შეუკვეთა ფერმიოს“, - აღნიშნა სიხარულიძემ.
„ფერმიოს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აგროტურიზმია. პლატფორმაზე უკვე განთავსებულია ინფორმაცია საოჯახო სასტუმროების, მასტერკლასებისა და ექსკურსიების შესახებ. სტარტაპის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ფერმიოზე“ 217 საოჯახო სასტუმროა რეგისტრირებული და მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.
„თითო რეგიონში დაახლოებით მინიმუმ 20 სასტუმრო უკვე რეგისტრირებულია და ძალიან სწრაფად იზრდება“, - განაცხადა თორნიკე სიხარულიძემ.
კომპანიის კიდევ ერთი თანადამფუძნებლის ანა მითაიშვილის შეფასებით, აგროტურიზმის მიმართულება ასევე ხელს უწყობს სოფლებში ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას, რადგან ერთი საოჯახო სასტუმროს მიერ პროდუქტის ამოწურვის შემთხვევაში, მეზობელი მეურნეობიდან შეძენის შესაძლებლობაც არის.
„რეალურად სოფლის გაძლიერება მოდის ერთმანეთის დახმარებით“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ბიზნესმოდელს, „ფერმიო“ ამ ეტაპზე კონკრეტულ მონეტიზაციის სქემაზე არ მუშაობს. როგორც თორნიკე სიხარულიძემ განაცხადა, პლატფორმა დაახლოებით ორი თვის წინ გაეშვა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდის ძირითადი ყურადღება მისი გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული.
„ორი თვეა უკვე ჩაშვებულია და ამ ორი თვიდან 99% იმაზე ვფიქრობდით, თუ რანაირად შეიძლება ამ პლატფორმის კიდევ უფრო გაუმჯობესება“, - განაცხადა სიხარულიძემ.
მისივე თქმით, სამომავლოდ მონეტიზაციის სხვადასხვა მოდელის დამატება შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე ეს პრიორიტეტი არ არის.
„მონეტიზაცია არის იდეაში, ის 1%, რაც ვიფიქრეთ, რომ რა შეიძლება ჩაშენდეს. იმდენად ფართოდ გაშლადი პროექტია, რომ ყველა კატეგორიის, ქვეკატეგორიაში შეიძლება ცალკე ფინანსური დატვირთვის მოფიქრება, მაგრამ ამ ეტაპისთვის არ არის პრიორიტეტული“, - აღნიშნა მან.
სტარტაპის მიმდინარე მიზანი საქართველოში პლატფორმის მაქსიმალურად ფართოდ გავრცელებაა. ანა მითაიშვილის თქმით, კომპანია მომავალში საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლასაც გეგმავს.
„ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავმყარდეთ ბაზარზე, მაქსიმალურად ყველა ოჯახში, ყველა ტელეფონში იყოს „ფერმიო“ და ყველა კატეგორიის სექტორში და შემდეგ უკვე გავცდეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა მან.
კომპანია ასევე გეგმავს პლატფორმაზე ახალი მონაცემებისა და ფუნქციების დამატებას. უახლოეს პერიოდში იგეგმება ფასის ინდიკატორისა და მოსავლის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დამატება, რაც, დამფუძნებლების ხედვით, დროთა განმავლობაში საქართველოში აგროსექტორის მასშტაბური სურათის დანახვას შეუწყობს ხელს.
BM.GE
წყარო: bm.ge