
უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა - მოვალეობას დროებით პარლამენტის სპიკერი შეასრულებს
უნგრეთის პრეზიდენტის ტამაშ შუიოკის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით პარლამენტის სპიკერი აგნეს ფორსტჰოფერი შეასრულებს.
შუიოკის საპრეზიდენტო ვადა მას შემდეგ დასრულდა, რაც მან ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს. ცვლილება უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა და მისი საფუძველი, კანონმდებლების განმარტებით, პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვა გახდა.
უნგრეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის თანამდებობის ვაკანტურად დარჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაურის დროებით ფუნქციებს პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე სწორედ აგნეს ფორშოფერი შეასრულებს ქვეყნის პირველი პირის მოვალეობებს.
შუიოკმა საკონსტიტუციო ცვლილებას ხელი კონსტიტუციური ვალდებულების ფარგლებში მოაწერა, თუმცა მანამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვადის ასეთი ფორმით შეწყვეტა დემოკრატიულ ინსტიტუტებს აზიანებს.
ტამაშ შუიოკი უნგრეთის პრეზიდენტად 2024 წელს აირჩიეს. მისი უფლებამოსილების დასრულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ნაწილია, რომელსაც პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მთავრობა ახორციელებს. მმართველი ძალა აცხადებს, რომ რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების განახლებას ემსახურება, ხოლო ოპოზიცია პროცესს აკრიტიკებს.
რაც შეეხება აგნეს ფორსტჰოფერს, მისი პოლიტიკური კარიერა შედარებით ახალია. პოლიტიკაში მოსვლამდე ის ბიზნესსექტორში საქმიანობდა და ფინანსური და მენეჯერული მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა - მათ შორის მუშაობდა ფინანსური დირექტორისა და გენერალური მენეჯერის პოზიციებზე.
ფორსტჰოფერის პოლიტიკური გზა უკავშირდება პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიერ დაფუძნებულ პარტია Tisza-ს. ის პარტიის ვიცე-პრეზიდენტი 2025 წელს გახდა, ხოლო 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნგრეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს. მოგვიანებით ფორშოფერი ეროვნული ასამბლეის, ანუ უნგრეთის პარლამენტის, სპიკერად დაინიშნა.