მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთმა, შესაძლოა, რუსეთის პატრიარქ კირილესთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭიროს
უნგრეთმა, შესაძლოა, რუსეთის პატრიარქ კირილესთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭიროს

უნგრეთმა, შესაძლოა, რუსეთის პატრიარქ კირილესთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭიროს

BM.GE21 მაისი, 2026, 03:14|bm.ge

უნგრეთის ახალმა მთავრობამ EU-ს მიანიშნა, რომ მზადაა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს სანქცირებას დაეთანხმოს.

ინფორმაციას Euronews-ი ადასტურებს.

ამ ნაბიჯმა შესაძლოა გზა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რელიგიური ფიგურის EU-ს "შავ სიაში" შეყვანას გაუხსნას. ოფიციალური პირების ცნობით, სანქციების "მინი" პაკეტი უკვე მზადდება.

ევროკავშირმა კირილის სანქცირება პირველად 2022 წელს სცადა - მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერასა და რევიზიონისტული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, ორბანის მთავრობამ ეს ინიციატივა დაბლოკა და მიზეზად რელიგიური თავისუფლება დაასახელა.

ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ორბანის შემცვლელი, პეტერ მადიარი, ახლა ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. მადიარი აქტიურად ცდილობს, გაემიჯნოს ორბანის მიერ ვეტოს უფლების გამოყენების ცნობილ პრაქტიკას.

"სანქციები, რომლებიც ძირს გამოუთხრის უნგრეთის ეკონომიკურ სტაბილურობას, კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც წინა მთავრობა უნგრეთის სახელმწიფოს ძალაუფლებას პირადი გარიგებებისთვის იყენებდა, ველოდები, რომ ახალი მთავრობა ევროკავშირის ერთობლივ ძალისხმევას, გაზარდოს რუსეთზე წნეხი ომის დასასრულებლად, აღარ დაბლოკავს", - განუცხადა Euronews-ს მარტონ ჰაიდუმ, მადიარის ახლო მოკავშირემ და უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სანქციების სიას თავდაპირველად რუსეთის სხვა მოქალაქეებიც დაემატნენ, თუმცა ორბანის მოთხოვნით მოგვიანებით ამოიღეს (მათ შორის არიან სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარევი და ოლიგარქი ვიაჩესლავ კანტორი). ახლა მათი სახელები შესაძლოა დღის წესრიგში ისევ დადგეს.

სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს და მოლაპარაკებების პროცესში სახელების სია შეიძლება შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელმაც ზოგიერთი რუსი პირის გადასარჩენად ასევე გამოიყენა ვეტო, 2022 წელს, როდესაც ევროკავშირი კირილის სანქცირებას ცდილობდა, თანამდებობაზე არ იმყოფებოდა.

მომზადების პროცესში მყოფი შედარებით მცირე ზომის პაკეტი მიზნად ასევე "ჩრდილოვანი ფლოტის" იმ გემების სანქცირებას ისახავს, რომლებსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვაზე დასავლური შეზღუდვების გვერდის ასავლელად იყენებს.

"ჩრდილოვანი ფლოტი" ყალბი დროშებითა და არასტანდარტული დაზღვევით ცურვაში, დივერსიულ ქმედებებსა და გარემოსთვის საფრთხის შექმნაშია ეჭვმიტანილი. ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთმა, შვედეთმა, პოლონეთმა და სხვა ქვეყნებმა საეჭვო გემები შეამოწმეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბლოკს მოუწოდა, რომ "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ უფრო სწრაფად იმოქმედოს და სრულფასოვანი სამოქმედო პაკეტის მომზადებას არ დაელოდოს.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ჩრდილოვანი ფლოტის" სანქცირებაზე უწყვეტ რეჟიმში ვიმუშავებთ. დიდი პაკეტების შედგენის ნაცვლად, როგორც კი გემების შესახებ ინფორმაციას მივიღებთ, მათ სიას მაშინვე დავამატებთ", - განაცხადა მან გასულ თვეში.

შედეგად, ევროკავშირი "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებსა და კონკრეტულ პირებს სიას უწყვეტ რეჟიმში დაამატებს, რაც ბლოკის მუშაობაში სიახლეა.

ელჩები ამ წინადადებაზე პირველ მსჯელობას პარასკევს, 22 მაისს გამართავენ, 15 ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე კი მის დამტკიცებას გეგმავენ. ეკონომიკური სანქციების რიგით 21-ე პაკეტი სავარაუდოდ ივნისში წარდგება, ხოლო საბოლოო დამტკიცება 15 ივლისამდეა მოსალოდნელი.

პოსტ-ორბანის ეპოქაში ევროკავშირი ასევე განიხილავს სანქციების განახლების პერიოდის 6 თვიდან 1 წლამდე გაზრდას - ინიციატივას, რომელსაც უნგრეთის ყოფილი პრემიერი ვეტოს ბერკეტის შესანარჩუნებლად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →მხარს →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE