
უოლ-სტრიტზე დაწყებული ვარდნა გლობალურ ნახევარგამტარების სექტორს მოედო
აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ნახევარგამტარების აქციების გაყიდვის ტალღა ევროპულ და აზიურ ბაზრებზეც გავრცელდა, რის გამოც ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა.
როგორც ირკვევა, ინვესტორების ნეგატიური განწყობა ხელოვნური ინტელექტის სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა რისკებმა და ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებამ განაპირობა.
არსებული წნეხი ჩინური მწარმოებლის, ChangXin Memory Technologies-ის მიერ ახალი ჩიპის არქიტექტურის შექმნაში მიღწეულმა პროგრესმა გააღრმავა. ამ მოვლენამ Micron-ის, Samsung-ისა და SK Hynix-ის საბაზრო პოზიციებს საფრთხე შეუქმნა.
ცნობისთვის, ჩინურმა CXMT-მ შეიმუშავა მეხსიერების ჩიპების ახალი სტრუქტურა, რომელიც მიზნად მონაცემთა სიმჭიდროვის გაზრდას ისახავს. მისი საბოლოო პროდუქტად გარდაქმნა ბაზარზე გაცილებით კონკრენტულ გარემოს შექმნის და გლობალურ კრიზისს მკვეთრად შეამცირებს.
ამერიკული Micron-ისა და სამხრეთკორეული გიგანტების აქციების ვარდნა სწორედ იმან განაპირობა, რომ დასახელებული კომპანია მათ მთავარ მეტოქედ მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე სიტუაცია Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებამაც გააუარესა. მასკის განმარტებით, ტექნოლოგიის ათვისების შემდეგ ჩინეთი წარმოების მასშტაბირებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტიანად შეძლებს.
მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა იაპონურ ბაზარზეც, სადაც საინვესტიციო გიგანტის, SoftBank Group-ის აქციების ფასი 8.5%-ით შემცირდა. სამხრეთ კორეაში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წამყვანი მიმწოდებლის, SK Hynix-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით დაეცა, ხოლო Samsung Electronics-ის ღირებულებამ 7.4%-ით იკლო.
BM.GE
წყარო: bm.ge