
"ურთიერთობა ბარიერების გარეშე" - როგორ აშენებს "ევროკრედიტი" ადამიანზე ორიენტირებულ სამუშაო კულტურას
ფინანსურ სექტორში, სადაც მომხმარებელთა მოლოდინები, ტექნოლოგიები და კონკურენტული გარემო სწრაფად იცვლება, კომპანიის წარმატების მთავარ ფუნდამენტად ადამიანური კაპიტალი რჩება. ბიზნესის ზრდა მხოლოდ ციფრებით, ახალი ფილიალებითა და ტექნოლოგიური პროდუქტებით არ იზომება - მის უკან ყოველთვის დგას გუნდი, რომლის განვითარებაც ორგანიზაციის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.
როგორ მუშაობს "ევროკრედიტის" შიდა ეკოსისტემა, რა პრინციპებს ეფუძნება თანამედროვე ლიდერობა და როგორ ინარჩუნებს კომპანია კომფორტულ სამუშაო გარემოს სწრაფი ზრდის პარალელურად? - ამ თემებზე "ევროკრედიტის" ადამიანური კაპიტალის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ჩარგაზია საუბრობს.
დღეს "ევროკრედიტი" ქვეყნის 22 ქალაქში 30 ფილიალით ოპერირებს და ქსელის გაფართოებასთან ერთად ციფრულ ტრანსფორმაციაზეა ფოკუსირებული. თუმცა კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ ბიზნესის გაფართოება გუნდის გაძლიერების პირდაპირპროპორციული უნდა იყოს.
"კომპანიის განვითარებასთან ერთად იცვლება არა მხოლოდ ბიზნესის მასშტაბი, არამედ ორგანიზაციის წინაშე არსებული ამოცანებიც. ფინანსურ სექტორში მუდმივად იცვლება გარემო, რაც მოქნილობასა და სწრაფ ადაპტაციას მოითხოვს. ამ პროცესში ადამიანური რესურსების მართვა ბიზნესის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თანამშრომელთა შესაძლებლობები და პროფესიონალიზმი კომპანიის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა, ვიყოთ ორგანიზაცია, რომელსაც მომხმარებელიც ენდობა და თანამშრომელიც სიამაყით მუშაობს", - ამბობს თამარ ჩარგაზია.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, "ევროკრედიტის" მენეჯმენტი სრულად ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული, რაც თითოეულ თანამშრომელს იდეების ღიად გამოხატვისა და მენეჯმენტთან პირდაპირი წვდომის თავისუფლებას აძლევს.
"ჩვენი მთავარი დევიზია "ურთიერთობა ბარიერების გარეშე". გვჯერა, რომ ღია და უშუალო კომუნიკაცია ქმნის გარემოს, სადაც ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვა და იდეების გაზიარება თავისუფლად შეუძლიათ. ამ მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ოფისში განთავსებული QR კოდი, რომლის დასკანერებითაც ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია პირისპირ შეხვედრა ჩანიშნოს აღმასრულებელ დირექტორთან და პირადად გაუზიაროს საკუთარი ხედვები თუ გამოწვევები. ასეთი შესაძლებლობები აძლიერებს ნდობას და მენეჯმენტს ეხმარება, უკეთ დაინახოს გუნდის რეალური საჭიროებები", - აცხადებს ჩარგაზია.
მისივე თქმით, კომპანიისთვის ეფექტიანი HR მართვა სწორი ადამიანების შერჩევით იწყება. კერძოდ, ჩარგაზია აღნიშნავს, რომ რეკრუტინგის ეტაპზე კომპანია განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს - "ევროკრედიტისთვის" ადამიანური უნარები ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური გამოცდილება:
"კანდიდატის შეფასებისას მხოლოდ პროფესიული გამოცდილებით არ შემოვიფარგლებით - დიდ ყურადღებას ვაქცევთ პასუხისმგებლობის გრძნობასა და იმას, რამდენად თანხვედრაშია მისი ღირებულებები ჩვენს კულტურასთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადაპტაციის პროცესი: ახალმა თანამშრომელმა პირველივე დღეებიდან მკაფიოდ უნდა იცოდეს საკუთარი როლი და თავი გუნდის სრულფასოვან წევრად იგრძნოს. გარდა ამისა, ეფექტიანი მართვის საყრდენია პროცესების სტანდარტიზაცია და გამჭვირვალობა - როდესაც წესები მკაფიოა, ეს ამცირებს გაურკვევლობას და ქმნის სამართლიან სამუშაო გარემოს".
არახალია, რომ თანამედროვე შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ტალანტების მოზიდვა და მათი გრძელვადიანი შენარჩუნებაა. პროფესიული ცვლილებებისა და სიახლეების ძიების სურვილი ახალ თაობაში განსაკუთრებით ძლიერია. ადამიანური კაპიტალის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, "ევროკრედიტის" მიდგომაა, თანამშრომლებს ეს შესაძლებლობები კომპანიის შიგნითვე შესთავაზოს.
"თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ სიახლის ძიება ყოველთვის კომპანიის გარეთ არ არის აუცილებელი და მათ პროფესიული ზრდა ორგანიზაციის შიგნითაც შეუძლიათ. როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, უპირატესობას ყოველთვის შიდა პოზიციურ ცვლილებებსა და როტაციას ვანიჭებთ. ამ დროს თანამშრომლის მიერ შიდა პროცესების ცოდნა უდიდესი რესურსია. ამასთან, რეგულარული ტრენინგებით ხელს ვუწყობთ როგორც პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, ისე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ლიდერობა", - აღნიშნავს თამარ ჩარგაზია.
თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა "ევროკრედიტში" პრაქტიკული ნაბიჯებით გამოიხატება: 40-ის ნაცვლად, 35-საათიანი სამუშაო კვირით, კვირაში ერთი დისტანციური დღითა და 6-თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით. თუმცა, ორგანიზაციის ფილოსოფიით, რეალურ ლოიალობას მხოლოდ კომფორტული გრაფიკი არ ქმნის - გადამწყვეტი ის გულწრფელი, მცირე დეტალებია, რომლებითაც კომპანია გუნდის თითოეულ წევრს აფასებს.
"თანამშრომლებზე ზრუნვა ხშირად სწორედ პატარა დეტალებით იწყება, რაც შესაძლოა დიდი მატერიალური ღირებულებით არ გამოირჩეოდეს, თუმცა ადამიანისთვის ყურადღებისა და დაფასების გამოხატულებაა. ტრადიციად გვაქვს მნიშვნელოვანი დღეების მილოცვა, საჩუქრებით გახარება და გუნდური აქტივობები, რაც რუტინის მიღმა ურთიერთობის შესაძლებლობას იძლევა. ბენეფიტები მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ეს საკმარისი აღარ არის - მოტივაციას განსაზღვრავს ჯანსაღი გარემო, ურთიერთპატივისცემა და იმის განცდა, რომ შენი აზრი ნამდვილად ფასობს", - ამბობს ის.
"ევროკრედიტის" მენეჯმენტის ხედვით, ორგანიზაციული კულტურა პირველ რიგში ხელმძღვანელების ქცევითა და ყოველდღიური მაგალითით ყალიბდება; ხელმძღვანელის როლი აქ ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პროცესების მონიტორინგი.
"თანამედროვე ლიდერობა მხოლოდ დავალებების განაწილებასა და შედეგების კონტროლს არ გულისხმობს - ის მოიცავს გუნდის მხარდაჭერას, მოსმენას, ემპათიას, ადამიანების ძლიერი მხარეების დანახვასა და მათ განვითარებას. ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა: უკვე რვა წელზე მეტია, რაც ევროკრედიტის გუნდის წევრი ვარ და ამ ხნის განმავლობაში კომპანიაში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სწორედ ჯანსაღი სამუშაო გარემო, ხელმძღვანელებთან უშუალო ურთიერთობა და ღია კომუნიკაციაა", - აღნიშნავს "ევროკრედიტის" ადამიანური კაპიტალის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კომპანიის სწრაფი ზრდის კვალდაკვალ, ჩარგაზიას თქმით, ახალი ამოცანების წინაშე დგება ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტიც. შესაბამისად, "ევროკრედიტის" სამომავლო გეგმები HR მიმართულებით ოპერაციული პროცესების კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას უკავშირდება.
"HR პროცესების ნაწილი უკვე გაციფრულებული გვაქვს, თუმცა სამომავლოდ მათ შემდგომ გამარტივებასა და ავტომატიზაციას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე შევამციროთ ხელით შესასრულებელი რუტინული სამუშაო, გავამარტივოთ ინფორმაციის მართვა და სისტემები თანამშრომლებისთვის კიდევ უფრო მოხერხებული გავხადოთ. თუმცა, ტექნოლოგიურ გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იმ ფასეულობებისა და უშუალო გარემოს შენარჩუნებაა, რომლითაც კომპანიაში ასე ვამაყობთ", - ამბობს თამარ ჩარგაზია.
"ევროკრედიტის" გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ბიზნესის ზრდა და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომები ერთმანეთს არ გამორიცხავს - პირიქით, აძლიერებს. ტექნოლოგიური განვითარების, შიდა გამჭვირვალობისა და ღია კომუნიკაციის სინთეზით, კომპანია აყალიბებს ეკოსისტემას, სადაც თითოეული თანამშრომლის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ეს ბალანსი - ძლიერ კორპორაციულ კულტურასა და ინოვაციურ ხედვას შორის - აქცევს "ევროკრედიტს" არა მხოლოდ სანდო ფინანსურ პარტნიორად მომხმარებლისთვის, არამედ სასურველ დამსაქმებლად მათთვის, ვინც პროფესიულ ზრდას ჯანსაღ და ბარიერებისგან თავისუფალ სამუშაო გარემოში ეძებს.
BM.GE
წყარო: bm.ge